ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > oops სიახლეები > „კერხერი“ – ბრენდი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას გვინარჩუნებს

„კერხერი“ – ბრენდი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას გვინარჩუნებს

56 ნახვა

მსოფლიო მასშტაბით, ძეგლების წმენდის პროექტებს 1980 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და იგი ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი წნევით რეცხვის აპარატების ბრენდი „კერხერის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, მსოფლიოს მემკვიდრეობის წინაშე.

„კერხერი“ იმ კომპანიების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც იმ სფეროში, რომელშიც საქმიანობენ, არსებული გამოწვევების შეცვლას, საკუთარი ნებითა და რესურსებით ცდილობენ. ანუ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში აქტივობებს გეგმავენ და გარემოს გაუმჯობესებაში წვლილი შეაქვთ.

1980 წლიდან, მას შემდეგ, რაც გარემოზე ზრუნვა „კერხერის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა, სპეციალურად აღჭურვილი პროფესიონალთა გუნდის მიერ არაერთი ცნობილი არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის წმენდა შესრულდა, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, რაშმორის მთაზე – პრეზიდენტების მონუმენტები, ბრაზილიაში – იესო ქრისტეს ქანდაკება, ინგლისში – ლონდონის თვალი, ვატიკანში – წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადა, ნიუ იორკში – თავისუფლების ქანდაკება და სხვა.საქართველოშიც, შესაბამისად, ადგილობრივი წარმომადგენლობის დაარსებიდან დაიწყო მსგავსი პროექტების განხორციელება და უკვე მესამე წელია, რაც ბრენდს საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული არქიტექუტურულ-კულტურული ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დასუფთავებაში.

უფრო დეტალურად, პროექტის მნიშვნელობაზე, ღირებულებებზე, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე, მარკეტერის შეკითხვებს „კერხერის“ მარკეტინგის მენეჯერ ნინო ხაცაკვაძესვესაუბრეთ:

 M: ნინო, მოგვიყევით პროექტის მნიშვნელობაზე ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ არქიტექტურული თვალსაზრისით… რა არის პროექტის მთავარი ღირებულება?
არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლები საქართველოს ისტორიის საამაყო ნაწილია, ჩვენ გვაქვს აპარატები, რომლებიც დასუფთავების მიმართულებით, საუკეთესოა მსოფლიოში და უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ მათი დახმარებით, ხელი შევუწყოთ ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენასა და შენარჩუნებას. ყოველი პროექტი აუცილებლად დიდი სიფრთხილით სრულდება, რომ ძეგლების ბუნებრივი საფარი არ დაზიანდეს, რომელიც შემქმნელ-ავტორებს ჰქონდათ გათვალისწინებული. სწორი მეთოდით წმენდა შესაძლებელს ხდის, რომ ძეგლებს გარემოს ზემოქმედება ნაწილობრივ ავაცილოთ და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.M: როგორც ვიცით, პროექტი თბილისის ფარგლებს გაცდა… მოგვიყევით, აჭარის რეგიონში  განხორციელებულ აქტივობებზე…
წელს, ჩვენი წარმომადგენლობის ბათუმში გახსნასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ მსგავსი პროექტის განხორციელება აჭარის რეგიონშიც. შევარჩიეთ ბათუმის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, მერიის წინ მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა ადგილობრივი მერისა და „შპს სანდასუფთავების“ მხარდაჭერით. კომპანიამ ამწე კალათითა და წყლის მარაგით უზრუნველგვყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ძეგლების ორეტაპიანი რეცხვის დროს. ასევე, მეორე დღეს, ნებართვა მივიღეთ შადრევნის რეცხვაზეც, რომელიც ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. 6 საათის განმავლობაში, ჩვენი გუნდი შადრევნის ზედაპირს წმენდდა. სოციალური ქსელებიდან, ბათუმელების უკუკავშირით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი პროექტები ძალიან ღირებულია და  გაზრდილი მოტივაციით, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე შადრევნის წმენდას ვგეგმავთ.

M: დაახლოებით, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ძეგლების გაწმენდა? ვგულისხმობთ, როგორც ფინანსურ, ასევე, ადამიანურ და დროით რესურსებს…
ზოგადად, წმენდის პროექტები მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელიც საკმაო დროს მოითხოვს მოსამზადებლად: პირველ რიგში, ვირჩევთ პროექტებს, შემდეგ ვსწავლობთ მასალებს, იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ წმენდის მეთოდი და საშუალებები, შემდეგ მერიაში განაცხადი შეგვაქვს და მომდევნო 2-3 კვირის ფარგლებში, ნებართვას ვიღებთ და წმენდით სამუშაოებს ვიწყებთ.თავად წმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ყველაზე აუცილებელი ჩვენთვის წყლის მარაგია. შეძენილი გვაქვს სპეციალური ავზები, რომელსაც ვავსებთ და პროექტის ზონამდე მიგვაქვს (რამდენჯერმე – საჭიროებიდან გამომდინარე მოგვიწია, თუმცა ბათუმის შემთხვევაში გაგვიმართლა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა წყლის მარაგი და ამწე კალათაც თავად უზრუნველყო). რაც შეეხება სხვა, მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, რა თქმა უნდა, ჩვენი სადემონსტრაციო მაღალი წნევის რეცხვის აპარატებით ვსარგებლობთ და ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, მოხალისეობრივად ჩაერთონ ამ პროექტებში და მნიშვნელოვან საქმეში მიიღონ მონაწილეობა.

M: სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, უკვე რომელი ძეგლების/ობიექტების გაწმენდა შეძელით და რა იგეგმება სამომავლოდ?
ჩვენი ერთ-ერთი პირველი პროექტი  გულისხმობდა თბილისის 1-ლი კლასიკური გიმნაზიის წინ მდებარე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის, ასევე, ვაჟა-ფშაველას ძეგლების წმენდას, რომელიც განხორციელდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული პროექტის – „სუფთა ქალაქი“ ფარგლებში. ჩვენ საკუთარი ინიციატივით მოვრეცხეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი. დამატებით, ბათუმის პროექტების გარდა, წელს, ასევე, 26 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიებების მზადების წინ ქალაქის დასუფთავებაში ჩავერთეთ და ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მდებარე ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელსაც მივხედეთ.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენს კომპანიას მეტ მოტივაციას სძენს, რომ ასევე, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სხვა სამოხალისეო პროექტებშიც, რომლებიც დასუფთავებასთან არის დაკავშირებული: გასული წლის 15 სექტემბერს, მთელი გუნდით ჩავერთეთ საერთაშორისო კამპანიაში და მცხეთაში ლერმონტოვისა  და ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გავწმინდეთ. ასევე, საჭირო ინვენტარი მივაწოდეთ ცალკეულ საინიციატივო ჯგუფებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. მსგავსი აქტივობა წელსაც გაიმართება და ჩვენც უკვე აქტიურად ვიწყებთ მზადებას.

ზოგადად ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ის მინიმუმია, რაც ჩვენ, როგორც კომპანიას შეგვიძლია, გავაკეთოთ. ჩვენი ინტერესია, რომ მეტი აქტივობის მონაწილე გავხდეთ და ჩვენი ძალებით შევძლოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იმ საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია. ყოველი პროექტი უფრო მეტი ენერგიით გვავსებს და ახალ მოტივაციას გვძენს შემდგომი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *