პარასკევი, სექტემბერი 20, 2019
Home > საიხლეები > ფქვილი და პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

ფქვილი და პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

189 ნახვა

იმედი იმისა, რომ წელს რუსეთში, რომელიც ხორბლის მთავარი მომწოდებელია საქართველოსთვის, მარცვლეულის მოსავლიანობა გაიზრდებოდა, არ გამართლდა. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფქვილისა და პურპროდუქტების გაძვირებას ვარაუდობენ.

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) თებერვლის თვის აგრომიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ დამაიმედებლად გამოიყურება.
კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შესაბამისად 11%-ით დაიკლებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, IშEთ-ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

`აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2019 წელს 734.75 მლნ ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ ტონა). მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ ტონაა – უფრო მაღალი, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს~, – აღნიშნულია მომოხილვაში.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველო თითქმის მთლიანად ჩამოკიდებული გახდა რუსულ ხორბალზე, არადა ოკუპანტ ქვეყანაზე მინდობილი მთავარ სტრატეგიულ პროდუქტზე დამოკიდებულება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას დიდი პრობლემის წინაშე აყენებს. ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა კიდეც. მსოფლიოში მარცვლეულის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში იკლებდა, საქართველოში კი მატულობდა. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთში მარაგის დეფიციტის გამო, ხორბლის შემოტანა შემცირდა. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს იმპორტიორებმა ალეტერნატიულ ბაზრებზე ფიქრი. ამჟამად, რუსული ხორბლის გარდა ყაზახურიც შემოდის, რომელსაც იმპორტის 20% უჭირავს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე გადასვლის პრობლემა რეალურად არსებობს, მაგრამ ეს საკითხი არ შედის იმპორტიორთა ინტერესებში.

როდესაც ფასზე ვსაუბრობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან შემოდის პროდუქტი და რა ფასად. კონკურენტული გარემოა ბაზარზე და იმპორტიორების ინტერესში უნდა იყოს იაფი პროდუქტის შემოტანა. იმის გამო, რომ კერძო სექტორია შემსყიდველი, სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ მონაწილეობს, მხოლოდ და მხოლოდ მარაგის მონიტორინგი ხდება.
რაც შეეხება ხორბლის ალტერნატიულ ბაზრებს, შეიძლება, უკრაინიდან შემოვიდეს პროდუქტი და ყაზახეთიდანაც, ამაში იმპორტიორებს შეზღუდვა არ აქვთ. ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელონ და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. ცხადია, ფასებს ვერ ვუკარნახებთ კერძო სექტორს, მაგრამ როცა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტი იაფდება, ადგილობრივ ბაზარზეც უნდა ახდენდეს გავლენას.

ვაკვირდებით ამ პროცესს და, სავარაუდოდ, რეაგირებას მოვახდენთ. ამ თემასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები ან სამუშაო შეხვედრა აუცილებლად გაიმართება~, – განაცხადა დანელიამ.

bfm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *