Home > კატეგორიის გარეშე > რისი სურნელი აქვს იაპონიას?

რისი სურნელი აქვს იაპონიას?

128 ნახვა

ადამიანი გარემოს ხუთი ძირითადი შეგრძნებით აღიქვამს – ხედვით, სმენით, გემოვნებით, შეხებითა და ყნოსვით. გააჩნია, თქვენთვის რომელი შეგრძნებაა ყველაზე მძაფრი და დასამახსოვრებელი.

თუ დააკვირდებით, უფრო სწორად, შეიგრძნობთ, აღმოაჩენთ, რომ  ყველა ქვეყანას თავისი სურნელი აქვს. ამ სურნელებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნოსტალგია, რომელიც გამუდმებით ისევ იქ, უკან დაგაბრუნებთ. დასაწყისისთვის მოგიყვებით ამომავალი მზის ქვეყნის, იაპონიის შესახებ, ყველაფერ იმაზე, რაც მთლიანობაში ამ ქვეყნის გარემოს ჰქმნის. 

იაპონია თავისი განსხვავებული ბუნებრივი და ნაზავი სურნელებით ხასიათდება. სუშის, საკურას, მითოლოგიებისა და ტექნოლოგიების ქვეყანაში, სადაც, პატივისცემის ნიშნად, აუცილებლად ხელის ჩამორთმევით მოგესალმებიან, ჩასვლისთანავე იგრძნობთ, რომ თანამედროვე და ტრადიციული კულტურის კონტრასტული გადაკვეთის გარემოში აღმოჩნდით.

მზის სამშობლოდან თავისთავად გამოგყვებათ იქაური ენერგია და თქვენი წილი მზე.

იაპონიის სურნელებზე პირველი ასოციაცია საკურაზე მოდის, რომელიც ყოველ გაზაფხულს სხვადასხვა პერიოდში – მარტი, აპრილი, მაისი – ერთი კვირის განმავლობაში ჰყვავის. საკურას სურნელის შეგრძნება რთულია, ვიდრე ახლოდან არ დაყნოსავთ, მაგრამ – დაუვიწყარი. იაპონელებს სჯერათ, რომ ადამიანის ამქვეყნიური ხანმოკლე ცხოვრება საკურას ყვავილობას ჰგავს, ნელ-ნელა და სწრაფად ქრება.

საკურას სურნელი აპრილის დასაწყისში ტოკიოსა და კიოტოში იგრძნობა, აპრილის დასასრულს ფუჯის მთის ხედზე, მაისის პირველ დღეებში ჰიროსაკიში, შუა რიცხვებში კი ტაკაიამაში.

დამახასიათებელი სურნელი აქვს იაპონურ ძველებურ ხის სახლებს, რიოკანებს, რომელიც თავიანთი ვიზუალითაც შთამბეჭდავია. ეს სურნელი სეზონების ცვლასთან ერთად იცვლება. რიოკანებში საგანგებოდ გამოყოფილია ოთახები ან სულაც მთელი სახლი ეთმობა იატაკად მოგებულ ლერწმის ჭილოფს, ტატამს. ტატამზე მოსვენება იაპონელთათვის ერთგვარი რიტუალია. ტატამიდან წამოდგომის წამიდან თან მოგყვებათ მისი სურნელიც, ნორჩი ხის სურნელის მსგავსი.

ტრადიციული იაპონური სახლების მაცხოვრებლები უარს ამბობენ სახლის ხელოვნურ გათბობასა და გაგრილებაზე, ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ სახლში თუ გარეთ, ერთი და იგივეა,სურნელიც. ხის ჯუჯა სახლებში ზამთარში – გაყინული, ზაფხულში სულისშემხუთავი სურნელი ტრიალებს.

ტრადიციული და თანამედროვე კულტურის განსხვავებული მოტივები იაპონურ არქიტექტურაშიც მკვეთრად იგრძნობა, ჩალით გადახურული გაუტიხრავი ჯუჯა სახლების, ხეში ნაკვეთი ტაძრებისა და სალოცავების გვერდით აქ თვალუწვდენელ ცათამბჯენებს შეხვდებით. ისტორიული და თანამედროვე შენობების, თუნდაც მე-14 საუკუნის ჰიმეძის ციხესიმაგრისა და ტოკიოს 40-სართულიანი სადგურის, სურნელები, არ გაგიკვირდებათ, რომ განსხვავდება, ალბათ, უფრო სიახლით. ყოველ ჯერზე, როცა იაპონიაში ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაინაცვლებთ, იპოვეთ უმაღესი მთა და შენობა, ამასთან – დროც, რომ უმაღლესი წერტილიდან გადახედოთ ხედს, რომელიც თქვენ წინ იშლება, განსაკუთრებით, ღამით. იაპონიაში თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ერთ ცათამბჯენს, რომლის სახურავზეც ობსერვატორია ფუნქციონირებს.

ვიწრო ქუჩები, მაღალი შენობები თვალისმომჭრელად ფერადი სარეკლამო ბანერებითა და ყველა ქალაქში ყოველ ნაბიჯზე გაბნეული მკვეთრი განათებები თავბრუს გახვევს და ისეთ განცდას გიჩენს, თითქოს დადიხარ, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩნდები ხოლმე. იაპონიის ვიწრო ქუჩები გამორჩეულად მოწესრიგებული და სუფთაა, აქაურებისთვის ქუჩის დაბინძურება, რომელზეც თვითონ და მათი შვილები ცხოვრობენ, საკუთარი სახლის დაბინძურების ტოლფასია. თუმცა, ხალხმრავალ, ცენტრალურ ადგილებში, პერიფერიული ქუჩებიდან აყოლილი სისუფთავის სურნელი ხშირად უკვალოდ ქრება მტვერში, თამბაქოს, გამონაბოლქვისა და სასმლის სუნში.

ხანდახან ზოგიერთი პერიფერიული ქუჩაც კარგავს სისუფთავის სურნელს, განსაკუთრებით, პარასკევისა და შაბათის ღამეს, როცა იაპონიაში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით 24-საათიან ბარებსა და ღამის კლუბებს, ალკოჰოლის ღია სტენდებს, ჯიხურებსა და საწყობებს. ღამის ცხოვრების, კლუბური, თანამედროვე მუსიკისა თუ მშვიდი, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ჰანგების მძებნელთათვის იაპონია ყოველმხრივ ღიაა. აქ ტრადიციული შომიოსა (იაპონური ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი) და ქეიპოპის მელოდიაზე წაღიღინების სურვილი ერთდროულად გიჩნდება.

იაპონიაში, ერთი ღირსშესანიშნაობიდან მეორისკენ მიმავალმა, აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო ძირითადი ტრანსპორტის, მატარებლის, სიახლისა და სისწრაფის სურნელიც. იაპონიაში ტრანსპორტით გადაადგილება შეუდარებელ სისწრაფესთან ერთად ძვირი სიამოვნებაცაა.

იაპონიის ქუჩებში რეალურად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს გონებაში უკვე იაპონური გმირები არიან, ანიმედან, მულტფილფილმიდან, ჭრელი სარეკლამო ბანერებიდან. აქ ჩაცმის, მანერებისა და თუ საუბრის თითოეულ დეტალში შეიგრძნობთ იაპონური ესთეტიკის კულტურის, კავაის, გავლენას, მარტივად იყნოსავთ მის სურნელს. მიმზიდველობის (Cuteness) ესთეტიკა იაპონიის გარემოს ნებისმიერი ასპექტის განუყოფელი ნაწილია.

რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პოსტერი სამართალდამცველების ინიციატივითაა შექმნილი და საზოგადოებას მოუწოდებს, უარი თქვას კრიმინალზე.

ამომავალი მზის ქვეყნის ერთ-ერთი დამახასიათებელი სურნელი ნაციონალური სამზარეულოს სურნელია. აქ პრიორიტეტი ძირითადად ბრინჯსა და თევზეულს ენიჭება.რამენი, ყველაზე პოპულარული აზიური სუპი , მძაფრი სუნით ხასიათდება.

იაპონიაში მომსახურების სანაცვლოდ ფულის შეთავაზება შეურაცხყოფადაც კი ითვლება, თუმცა სამზარეულო, რესტორანი და ბარი გამონაკლისია. თუ ბართან „წითელ თვალს“ ან „საკეტინის“ შეუკვეთავთ და მადლიერების ნიშნად კოქტეილისთვის მოთხოვნილ საფასურზე მეტსაც გადაიხდით, ნუ იღელვებთ, არავის შეურაცხყოფთ.

იაპონიის დატოვება სუშის სურნელისა და გემოს შეგრძნების გარეშე წარმოუდგენელია. სუშის უამრავი სახეობა რომ არსებობს თქვენთვისაც ცნობილია, მაგრამ აქ აღმოაჩენთ, რომ განსხვავებული სახეობების რაოდენობა 100-ც კი სცდება, ანუ 100-ზე მეტ სურნელს.

თუმცა, იაპონელებს რომ ჰკითხოთ, მათთვის სამშობლოს სოიოს სოუსის სურნელი აქვს. ყველაზე მეტად რისი სურნელი აქვს თქვენთვის იაპონიას?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *