სამშაბათი, თებერვალი 19, 2019
Home > it სიახლეები > ფეისბუქს პეტიციების ფუნქცია დაემატა

ფეისბუქს პეტიციების ფუნქცია დაემატა

75 ნახვა

სულ მალე Facebook-ზე პეტიციების შექმნას შეძლებთ – სოციალურ ქსელს ახალი ფუნქცია, სახელად Community Actions (საზოგადოებრივი ქმედება) ემატება.

ფუნქცია აშშ-სთვის უკვე ხელმისაწვდომია. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან პეტიცია, მონიშნონ პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები და მოიწვიონ მეგობრები. აქვე არის სივრცე დისკუსიისთვის და თანხების მოზიდვის ფუნქციონალი.

ფეისბუქს საინიციატივო ჯგუფები უკვე დიდი ხანია იყენებენ სოციალური აქტივიზმისათვის. მაგალითად, 2016 წელს სწორედ ამ პლატფორმაზე დაიგეგმა ქალების მარში. ახალი ფუნქციის დახმარებით, ადამიანები შეძლებენ ნებისმიერი ტიპის მოთხოვნა წამოაყენონ, იქნება ეს გადასასვლელების მოწყობა თუ კანონში ცვლილებების შეტანა.

TechCrunch, რომელმაც პეტიციების ფუნქციის შესახებ პირველმა დაწერა, ყურადღებას საფრთხეებზეც ამახვილებს: “ადვილია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება დესტრუქციულმა ჯგუფებმა ეს სიახლე სათავისოდ გამოიყენონ. მართალია, ფეისბუქი აღნიშნავს, რომ მოდერატორები პეტიციების შინაარსს გააკონტროლებენ, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ამ ბარიერებისთვის გვერდის ავლა მარტივი იქნება”.

ფეისბუქმა კიდევ ერთხელ შეაბიჯა სახიფათო ტერიტორიაზე: თუ პლატფორმა “საკამათო” პეტიციას არ წაშლის, შესაძლოა, მომხმარებლების ერთი ნაწილი აღაშფოთოს, წაშლის შემთხვევაში კი მას ბრალს სიტყვის თავისუფლების უგულებელყოფაში დასდებენ.

პეტიციების ფუნქციას გარკვეული შეზღუდვები უკვე აქვს. მაგალითად, შეუძლებელია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ან ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მონიშვნა.

 

on.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *