ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > საიხლეები > რა კრიტერიუმებით მოხვდებიან ადამიანები სესხის განულებაში?

რა კრიტერიუმებით მოხვდებიან ადამიანები სესხის განულებაში?

495 ნახვა

– ეს პროგრამა ეხება იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის „კრედიტინფოს“ შავ სიაში. ვალების განულების პროგრამა ვრცელდება სამი სხვადასხვა ჯგუფის ვალდებულებებზე. ეს არის ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ფიქსირდებოდა როგორც ვადაგადაცილებული სესხი, რომელიც არ იყო აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და რომლის ძირითადი თანხა არ აღემატებოდა 2000 ლარს. ზოგადად, განულება ეხება ყველა საკრედიტო პროდუქტს, არაუზრუნველყოფილ სესხს, საკრედიტო ბარათს, ოვერდრაფტს, განვადებას, რომლის ძირი არ აღემატება 2000 ლარს. მეორე ჯგუფს შეადგენს ხანდაზმული ვალდებულებები, ეს არის ვალდებულებები, რომელზეც ბოლო სამი წელი არ მომხდარა თანხის გადახდა. მესამე ჯგუფს, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველის სტატუსისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ეს პროგრამა არსებითად შეცვლის ე.წ. შავ სიას, რომელშიც დღეს 750 ათასი ადამიანია. კომერციული სტრუქტურები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, ფიზიკური პირი ვადაგადაცილებიდან 30 დღეში მოხვდეს შავ სიაში თუ 60 დღეში. ზოგ შემთხვევაში, პირი შავ სიაში შეიძლება მოხვდეს ვადაგადაცილებიდან ორ კვირაში, თუ მასთან მოლაპარაკების პროცესში გაირკვა, რომ ის თანხას ვერ გადაიხდის. „კრედიტინფო“ არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ბანკის მიერ, შესაბამისად, ამ ბანკებს აქვთ თავისი კრიტერიუმები და თავად საზღვრავენ, როგორ და როდის მოხვდნენ ადამიანები ამ სიაში და ვის მისცემენ ნეგატიურ სტატუსს. როგორც ცნობილი გახდა, 1-ლი იანვრიდან „კრედიტინფო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის, რაც თავისთავად ძალიან კარგია. თუ აქამდე ჩვენს საკრედიტო რეიტინგს განსაზღვრავდა კერძო ტიპი, რომელიც ფინანსდება კომერციული ბანკებისგან, ახლა ეს უკვე ეროვნული ბანკის რეგულაციებში მოექცევა. ზოგ შემთხვევაში, „კრედიტინფო“ დაინტერესებულიც კი არის, რომ ადამიანს ჰქონდეს უარყოფითი რეიტინგი, რადგან, როცა ცუდი რეიტინგი გაქვს, სესხს იღებ მაღალ პროცენტში, ბანკი იღებს უფრო მაღალ შემოსავალს, ეს ერთგვარად ინტერესთა კონფლიქტიც არი, და ძალიან კარგია, რომ „კრედიტინფოც“ და ე.წ. „შავი სიაც“ გადავა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობაში.

 

წყარო:primetime.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *