ხუთშაბათი, ოქტომბერი 18, 2018
Home > საიხლეები > საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება

საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება

212 ნახვა

ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავის ღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მათი გათვლით, ბენზინის ღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება.

როგორც ვიცით, ნავთობის ფასზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, თუმცა იგი, ძირითადად, გაიზარდა იმის გამო, რომ ირანს დაუწესდა სანქციები, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება.

ცხადია, ფასი მატულობს საქართველოშიც, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზრებზე 1 ლ „სუპერის” ფასი, საშუალოდ, 2,65 ლარია, „პრემიუმი” 2,55 ლარი ღირს, ხოლო „რეგულარი” 2,45 ლარად იყიდება. ამდენივე ღირს „დიზელი”, ხოლო „ევროდიზელის” ფასი 2,55 ლარს შეადგენს. შედარებით დაბალია არაბრენდირებულ სადგურებზე წარმოდგენილი პროდუქტების ფასი.

საუბარია იმაზეც, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა, 100 დოლარამდე გაიზარდოს – ასეთ პროგნოზს აკეთებენ სასაქონლო ბაზრებზე მომუშავე ჯგუფები „ტრაფიგურა” და „მერკურია”. ამის მიზეზი, როგორც აღნიშნავენ, ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციები გახდება.

აზია-წყნარი ოკეანის ნავთობის კონფერენციაზე, რომელიც სინგაპურში გაიმართა, „მერკურია ენერჯი ტრეიდინგის” პრეზიდენტმა დანიელ ჯაეგიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო, ბოლო კვარტალის მიწურულს, ბაზარს დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობი მოაკლდება. ამის გამო, ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 100 დოლარს მიაღწიოს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ერთი მხრივ, ირანის სანქციების გამო შეიძლება, მიწოდება შეწყდეს, მეორე მხრივ კი შესაძლებელია, კომპენსირება რუსული, არაბული და სხვა ქვეყნების ნავთობით მოხდეს.

აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია. როგორც მთვრალაშვილი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს და ამანაც შეცვალოს მდგომარეობა, რამდენადაც, გლობალური პოლიტიკური საკითხები ნავთობის ფასის კორექტირებაში დიდ როლს ასრულებს.

„ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რის გამოც გრძელვადიან პროგნოზზე საუბარი ჭირს. სხვადასხვა საინვესტიციო ორგანიზაციის ვარაუდი ფასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მართლდება, რამდენადაც სიტუაცია მუდმივად იცვლება. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზეც ფასები მაღალ დონეზეა, ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელზეა და სექტემბერში ვითარება უფრო გაირკვევა.

საწვავის ფასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. საუბარია, რომ 100 დოლარამდე გაძვირდეს საწვავი და მაშინ ფასი ადგილობრივ ბაზარზეც მასშტაბურად მოიმატებს. თუკი ლარის გაუფასურების ტენდენციაც გაგრძელდება, საწვავის ფასი 2,80-ს მიაღწევს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ნეგატიური პროგნოზი გამართლდება. ჯერჯერობით ასეთ სხვაობას ვერ ვივარაუდებთ, არა მგონია, მთლად აქამდეც მივიდეს საქმე.

რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, ამაზე გარკვეული გავლენა ირანის მიმართ ამერიკის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რასაც რიგი ქვეყნებიც შეუერთდნენ. გარდა ამისა, 24 სექტემბერს ჩატარდა ოპეკ-ის წევრი და „ოპეკი პლუსის” ქვეყნების შეხვედრა, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა. ტრამპმა ოპეკ-ს მოუწოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რაც საწვავის ფასს შეამცირებს, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ წარმოებას არ გაზრდიან, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ფასები შენარჩუნდება.

ამან გამოიწვია, რომ ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორ განვითარდება მოვლენები, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, როცა ტრენდი საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით თქმა, რომ კიდევ გაიზრდება ფასი ან შემცირდება, ნაადრევია. ბაზარზე პანიკაა და ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა”, – აცხადებს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ფასმა 3 ლარს მიაღწიოს. როგორც ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, საერთაშორისო ფაქტორთან ერთად საწვავის ღირებულებაზე გავლენას ლარის კურსიც მოახდენს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო მაჩვენებელზეა. კემულარია საქართველოს მთავრობას აქციზის შემცირების გადახედვისაკენ მოუწოდებს.

„საკმაოდ ნეგატიური ტენდენციაა როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ბაზრებზე და ამ ვითარებას გამოსწორების ნიშანწყალი არ ეტყობა. სამწუხაროდ, საწვავის ხარჯი ქართველი მომხმარებლისათვის მუდმივად იზრდება და დინამიკა გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს და აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ გადაიხედოს, კლება სავსებით შესაძლებელია.

როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ საქართველოში იმპორტთან ერთად დიდ როლს თამაშობს ლარის კურსი, რაც ასევე არასახარბიელოა. საწვავის ბაზარზე დღეს ფონი იმდენად მძიმეა, რომ პოზიტიური პროგნოზის კეთების საფუძველი არ გვაქვს. წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საწვავი კიდევ გაძვირდება. არ არის გამორიცხული, ფასმა 3 ლარს მიაწღიოს”, – ვარაუდობს ბექა კემულარია.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *