სამშაბათი, აგვისტო 21, 2018
Home > საიხლეები > ტყიბული მასობრივი უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების წინაშე დადგა

ტყიბული მასობრივი უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების წინაშე დადგა

30 ნახვა

ტყიბულის შახტებში მუშაობა შეიძლება, საერთოდ შეწყდეს.

საუბარია, ქვანახშირის შახტების დახურვასა და საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაზე. “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” ტყიბულში სამთომოპოვებითი საქმიანობის გაგრძელება უჭირს. საწარმოს გაჩერების შედეგად 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანი უმუშევარი დარჩება.

მას შემდეგ, რაც 2008 წლიდან კომპანიამ ტყიბულში დაიწყო საქმიანობა, თავი ბევრმა სირთულემ იჩინა. პრობლემის მოგვარება ხშირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს “ინდუსტრიული ჯგუფი” გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და დარწმუნებული აღარ არის, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურს.

“იმ შემთხვევაში, თუ “საქნახშირი” გაჩერდება, სახელმწიფოს მოუწევს პროდუქტის სრულად იმპორტით ჩანაცვლება. ჩვენი რეალიზაცია წლის განმავლობაში დაახლოებით 200-250 ათას ტონას შეადგენს და თითქმის 40 მლნ ლარის ოდენობას გულისხმობს.

ჩადებული ინვესტიცია და მოგება სრულად შეუსაბამოა და პირველი შეცდომაც კომპანიამ, ალბათ, მაშინ დაუშვა, როცა აღნიშნული საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ის კაპიტალდაბანდება, რაც იყო გაწეული, ვერასდროს მოიტანს იმ უკუგებას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო ამ ბიზნესპროექტში. თუ გავედით ბაზრიდან, საუბარი იქნება 80-90 მლნ ლარის ზარალზე”, – განუცხადა “კომერსანტს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

პირველი პრობლემა არის ის, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად, ვერ ხედავს მოგებას. მეორეა აღებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც, რისკების მინიმალიზაციის მიუხედავად, მაინც მკვეთრად მაღალია. მესამე პრობლემაა ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაუარესდა კონიუნქტურა და ფასმაც დაიწია.

მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანის მომენტალურად გაღარიბება ტყიბულის დაღპვის ტოლფასია.

“წარმოიდგინეთ, ყოველთვიურად 2 მლნ ლარამდე ხარჯავენ ტყიბულელები. ეს თანხა რომ მოქალაქეებს ამოაცალო, ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიღუპება თავის შემოგარენიანად. 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანის მომენტალურად გაღარიბება სამომავლოდ უდიდეს პრობლემას გააჩენს”, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *