სამშაბათი, დეკემბერი 11, 2018
Home > საიხლეები > “ღამე ვზივარ და ველი, როდის დარეკავს, ცოცხალი რომ გამოვიდა იქიდან…” – მაღაროელის ცოლის გულახდილი ინტერვიუ

“ღამე ვზივარ და ველი, როდის დარეკავს, ცოცხალი რომ გამოვიდა იქიდან…” – მაღაროელის ცოლის გულახდილი ინტერვიუ

321 ნახვა

ტყიბულში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომლის დროსაც 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულის შახტა დაიხურა. როგორც მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვიდრე შახტა დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ… ტყიბულის მაღაროში უამარავი ადამიანი იყო დასაქმებული და მიუხედავად ტრაგედიებისა, ამბობენ, რომ იქ მუშაობის 1500 მსურველი რიგში დგას…
სასაუბროდ რიგითი მაღაროელის მეუღლეს დავუკავშირდით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა:

– 21 წელია გათხოვილი ვარ და ბოლო ერთი წელია ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა! არავის ჩემიანს მანდ არ უმუშავია და არც ვიცოდი, თუ

ამდენად საშინელება იყო… ჩემი მეუღლე თბილისში მშენებლობაზე დაშავდა და ავადმყოფობის შემდეგ გადაწყვიტა, მუშაობა აქ დაეწყო, რადგან სახლთან ახლოს იყო. ოჯახის წევრების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაიწყო მუშაობა და იმის შემდეგ ჩვენი ცხოვრებაც კოშმარად იქცა… ახლა რომ აფეთქება მოხდა, იმ დილას 7 საათზე დამირეკა და მისი ტელეფონიდან რომ ზარი შემოვიდა, იმხელა ვიკივლე, მძინარე ბავშვი შიშით საწოლიდან გადმოვარდა. მეგონა, რამე თუ დაემართა და სხვა მირეკავდა მისი ტელეფონიდან.

არადა იმის სათქმელად დარეკა საინფორმაციოები გამოაცხადებენ დაღუპულების და დაშავებულების შესახებ და არ შეგეშინდეთ, მე ჯერ ჩასული არ ვიყავიო… სულ ვემუდარები, მუშაობას თვი დაანებე-მეთქი და ამბობს, რაც მიწერია, მაინც არ ამცდებაო. ჩემი თანამშრომლის მეგობარი დაიღუპა ცოტა ხნის წინ მაღაროში და მთელი თვე თვალზე ცრემლი არ გამშრობია, იმათი საცოდაობით ვიწვოდი. ცხადია, იმის შემდეგ შიში კიდევ უფრო გამიასკეცდა…

– ბევრი ამბობს, რომ ტყიბულის რაიონში ბევრი მიწაა დაუმუშავებელი და ხალხი რატომ არ ამჯობინებს სოფლის მეურნეობით ირჩინოს თავიო?

– საკმაოდ დიდი ნაკვეთები გვაქვს და ერთ მტკაველსაც კი არ ვტოვებთ დაუმუშავებელს, მაგრამ ეგ არაფერ შემოსავალს არ იძლევა! ბოლო ათი წელია გვალვების გამო ლობიოც კი არ მოდის და სულ ვყიდულობთ. გვყავს ქათმები, ღორები, საქონელი, დღე და ღამე ვშრომობთ და ეგ მხოლოდ იმისთვის, თავი რომ გავიტანოთ და ძლივს ვიარსებოთ. შვილებს რომ ვასწავლოთ, ამას ფინანსები სჭირდება… ორი სტუდენტი შვილი მყავს და იმათ ბევრი რამ სჭირდებათ, თორემ აქ არავინ არ ვფიქრობთ, ბრენდი კაბები გვეცვას და მატერიალური კეთილდღეობა გვქონდეს… თუმცა ბავშვები იმდენად გამწარდნენ, მამამისს ეუბნებიან, არაფერი არ გვინდა, ოღონდ მაღაროში ნუღარ იმუშავებო. მზად არიან სწავლის პარალელურად თვითონვე მძიმე სამუშაოზე იმუშაონ. ამბობენ, ყველა საინფორმაციოს დაწყებას შიშით ველითო. მაღაროელი რომ გყავს სახლში, მუდმივი სიკვდილის მოლოდინში უნდა იყო! აღარაფერი არ მახარებს, ისეთი გულჩათხრობილი გავხდი, დალაპარაკებაც კი არ მინდა ვინმესთან… ღამე ვზივარ და ველი, როდს დარეკავს, ცოცხალი რომ გამოვიდა იქიდან და მერე ვგრძნობ თავს ადამიანად.
თვითონ ამბობდა, ადრე რომ ჩავდიოდით 100-150 კაცი, რაღაცებს ვყვებოდით, ვიცინოდით და ახლა სახეზე ყველას შიში ეტობოდაო…

 

– როგორც მაღაროელის მეუღლე, რას მიმართავდით მთავრობას?

– გუშინ ოთხივეგან ვიყავი პანაშვიდზე და ყველგან ამბობდნენ, რომ მაღაროები ისევ უნდა აღდგეს, თორემ შიმშილით დავიხოცებითო… ალბათ ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მართლაც ასეა. ტყიბული საერთოდ განადგურდება. ყოველ 15 რიცხვშია ხელფასია მაღაროში და ამ დღეს ელოდება ყველა მაღაზია, “ნისიები” რომ გაისტუმროს ხალხმა… მე პირადად ვმუშაობ, სახლში პენსიონერი დედამთილ-მამამთილი მყავს, სესხი არ გვაქვს და თავის გატანა არ გვიჭირს, მაგრამ აქ სხვა სამსახური არაფერია! მე ვიტყოდი, რომ ტყიბულში სხვა უსაფრთხო სამსახურები უნდა შეიქმნას! ნუ გვაყურებინებენ, შეშინებულ შვილებს მამა როდის მოუკვდებათ… ჩემი დედამთილი სულ თვალცრემლიანია და გზას გაჰყურებს, შვილი სამსახურიდან როდის დაუბრუნდება. ჩემი მშობლები მირეკავენ, ჩვენს პენსიებს გამოგიგზავნით, ოღონდაც შვილებს მამა ცოცხალი ჰყავდეთო… ტყიბულში უამრავი სამსახურის შექმნა შეიძლება, ოჯახებს არ მოვწყდებით, აქვე უსაფრთხოდ ვიმუშავებთ და ეს ჯოჯოხეთური ცხოვრებაც შეიცვლება! ღმერთს ვთხოვ, სასაკლაო ტყიბულში აღარ ყოფილიყოს!

მანანა გაბრიჭიძე

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *