კვირა, დეკემბერი 15, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > „სიზარმაცე სუიციდური არჩევანია“ – გრაფიკული დიზაინერი, ნინო (Bruce Lee) ლაზარაშვილი

„სიზარმაცე სუიციდური არჩევანია“ – გრაფიკული დიზაინერი, ნინო (Bruce Lee) ლაზარაშვილი

1 038 ნახვა

„შეიძლება საკუთარი თავისთვის მე ვარ სამყაროს ცენტრი, მაგრამ გლობალური ტალღებისთვის, უბრალოდ, ერთი წვეთი ვარ. ასეა თუ ისე, ერთი რამის მჯერა დაზუსტებით, ყველაზე ცუდი სიტუაციიდანაც კი არსებობს გამოსავალი, უბრალოდ, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო მის მისაღწევად. ამ მოცემულობით თუ რამეს ვერ აკეთებს ადამიანი, ეს მხოლოდ მისი სიზარმაცის ბრალია. სიზარმაცე სუიციდური არჩევანია, რადგან ვერასდროს გაიგებ, მაქსიმუმს სადამდე მიაღწევდი. აუცილებელია, პერიოდულად საკუთარ თავს სძლიო და შორიდან შეხედო. ჭადრაკის დაფაზე ხან 1 ფიგურა უნდა იყო, ხან მთელი დაფა. პაიკსაც აქვს შანსი, გახდეს ყველაზე ძლიერი ფიგურა“ – ნინო (Bruce Lee) ლაზარაშვილი, იგივე Geonini – გრაფიკული დიზაინერი, სააგენტო ABK-ს არტდირექტორი.
რა გარემოში მოხდა ნინოს პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი და რამ იქონია გავლენა მის პროფესიულ არჩევანზე, როგორ მოხვდა სარეკლამო ინდუსტრიაში, სად უნდა მიიღონ ამ სფეროს შესაბამისი განათლება ადამიანებმა, რატომ არის კომფორტის ზონა დამღუპველი და ყველაზე მეტად, რა ეხმარებათ ახალგაზრდებს საკუთარი თავის ძიების პროცესში, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

იდენტობის ფორმირება
მშობელი ზრდის ადამიანს, გარემო ქმნის პიროვნებას. დაემთხვა ისე, რომ დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ბათუმში, ბებიასა და ძმებთან (დეიდაშვილებთან) ერთად გავატარე. ხატვა და ძერწვა ბავშობიდან მიყვარს, მაგრამ გამოწვევების მიმართ სიყვარული სწორედ მათთან ურთიერთობის დამსახურებაა. სანამ „დენდი“ გამოჩნდებოდა, პლასტელინებით ვთამაშობდით ომობანას და ჩემი უმცროსი დეიდაშვილი სულ მიგებდა, რადგან მე ჯარისკაცების რაოდენობაზე მეტად, მათ ესთეტიკურ მხარეზე ვზრუნავდი. პარალერულად, დედაჩემი ყოველთვის მიწყობდა ხელს – მამარაგებდა ხატვისთვის საჭირო ნივთებით და დარჩენილ თავისუფალ დროს ზეთებში ხატვით ვხარჯავდი. კომპიუტერულ თამაშებს, რაც თავი მახსოვს, სულ ვთამაშობ და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ “CG-ს“ სფერომ დამაინტერესა.
ზეთებში ნახატი

2006 წელი

 

2009 წელი
პროფესიული არჩევანი
1 წელი ვისწავლე სამხატვროში, შემდეგ კი ჭავჭავაძეში ჩავაბარე, ფსიქოლოგიის ინტერესით. ჩემს საქმიანობაზე, მიმაჩნია, რომ გარემო პირობებმა მასწავლა ყველაზე მეტი. მეცნიერულად ვაკვირდები ყველაფერს. საბედნიეროდ, ახლა უკვე არსებობს – ინტერნეტი. საქართველოში, მე რაც ვიცი, GIPA-ს აქვს ძალიან კარგი კურსები პროგრამების შესასწავლად, ჰყავს ძალიან ძლიერი და „დაუნდობელი“ პედაგოგები. GIPA-ში ცოდნის ბნელი ორმოები ამოვავსე თავის დროზე, როდესაც კომუნიკაციის სტრატეგიისა და სარეკლამო სფეროში შემოვაბიჯე.

სარეკლამო ინდუსტრია და გამოცდილება
ჩემს ცხოვრებაში მორიგი არეული პერიოდის დროს, Jobs.ge დავათვალიერე და ვიპოვე ვაკანსია მხატვარ ილუსტრატორზე… გავაგზავნე პორტფოლიო… დამიბარეს და ამიყვანეს „ლივინგსტონში“. ძალიან გამიმართლა, რადგან ისეთ სფეროში ამოვყავი თავი, სადაც საყვარელ საქმეს ვაკეთებდი (პერსონაჟებისა და თამაშ/აპლიკაციების ხატვას) და გავიცანი თანატოლი ნიჭიერი და საყვარელი ადამიანები. შეიძლება ითქვას, ერთად ვიზრდებოდით 2 წელი.

ლივინგსტონიდან წამოსვლის შემდეგ, 6 თვე ფრილანსერი ვიყავი. მაშინ გავაანალიზე, რომ გუნდთან მუშაობა დამაკლდა.ამ პერიოდში გავიცანი ABK-ს კრეატიული დირექტორი – კუკუშა, რომელმაც ჯერ კადრების მხატვრად ამიყვანა, შემდეგ კი Art Direction მასწავლა. ძალიან საინტერესოა სარეკლამო სფერო, რადგან მუდმივად განსხვავებულ პროდუქციაზე გვიწევს ფიქრი და მუშაობა.

პირველი სარეკლამო ნამუშევარი 
პირველი ნამუშევარი (16 წლის ვიყავი) იყო: ნახატებისა და ფოტომანიპულაციების სერია, რომელსაც MMS-ების მეშვეობით ერთმანეთს უგზავნიდნენ ჯეოსელის აბონენტები. დავიდ მიზანდარის მეშვეობით მივიღე ეს შეკვეთა. შეიძლება გახსოვდეთ კიდეც, სხვადასხვა ჟურნალის ბოლო ყდაზე იბეჭდებოდა.კანის კრეატიული ფესტივალი
კანის ფესტივალი ეს არის ერთგვარი ოლიმპიადა ამ სფეროში მოღვაწე ხალხს შორის. სტრესული გარემო, შეზღუდული დრო და ძლიერი კონკურენტები არის ის  პირობები, სადაც მონაწილეებს უწევთ საკუთარი თავის გამოცდა. ძალიან მიხარია, რომ აკო და ლეფსვერა (აკო ახალაია, ლევან ლეფსვერიძე – კანის ფესტივალის“ წარმომადგენლები საქართველოში) არსებობენ, მათ შემდეგ საფეხურზე აიყვანეს ჩვენი სფეროს კონკურენცია.

პრინტზე მუშაობა არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, რადგან წარმატება მხოლოდ „ლამაზ დიზაინზე“ არ არის დამოკიდებული. ძლიერი იდეა, მესიჯი და ვიზუალი ერთი მთლიანობა უნდა იყოს. გამიმართლა და უკვე 2-ჯერ გავედი შეჯიბრზე რეზი ყუფარაძესთან ერთად. ბრეინშტორმინგის დროს თანაბრად გამოვხატავთ აზრებს და ერთმანეთს არ ვჭამთ. თუ რომელიმეს რამე გვეხამუშება, პირდაპირ ვამბობთ და სანამ ერთიან იდეამდე არ მივალთ, არ ვწყვეტთ ფიქრს. ის ისევე ენდობა ჩემს დიზაინერულ უნარებს, როგორც მე მის ინტელექტს.

კომფორტის ზონა
ყველაზე დამღუპველი არის კომფორტის ზონაში დაბუდება. იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, ზუსტად არავინ იცის, ხვალ რა იქნება, შესაბამისად, წინსვლა არ უნდა შეწყვიტოს ადამიანმა. რამდენჯერ შევწყვიტე განვითარება იმის გამო, რომ საკმარისად კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. ვერასდროს დავბრუნდები წარსულში საკუთარი თავისთვის ხელის შემოსარტყმელად, მაგრამ შემიძლია, ჭკვიანურად გამოვიყენო ის შეცდომები მომავალში.

ინსპირაცია და გავლენის წყაროები
ბავშობაში დედაჩემი იყო ყველა ინსპირაციის წყარო, შემდგომ უკვე კომპიუტერული თამაშები და სხვადასხვა საიტი.
ABK-ში უკვე 4 წელია, ვმუშაობ. ჩემი კარიერული განვითარება მთლიანად კუკუშას (Kukusha Motsonelidze) დამსახურებაა… ბევრი ჩხუბის შედეგად, გემოვნებაც დამეხვეწა, ხედვაც და უნარებიც (skills).
ახლა უკვე მთელი სამყარო ინსპირაციის წყაროა.ინტერესები/თავისუფალი დრო
ძალიან ვამაყობ ჩემი მეგობრებით, მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, შესაბამისად, საღამოობით, სახლში შეხვედრებს ვაწყობთ და ვსაუბრობთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე: ფიზიკა, ეგზისტენციალიზმი, ფილოსოფია, რელიგია. მათთან საუბრის შედეგად გამოტანილი დასკვნა, ხშირად მეხმარება ჩემს პროფესიაში სიახლის აღმოჩენაში.
ნერვების დასაწყვეტად ვთამაშობ DOTA 2-ს, მეგობრებთან ერთად.
მიყვარს ბუნებაში ყოფნა, სოკოზე ნადირობა, თევზაობა, ფიქრი.
                                                                                         DOTA 2
რჩევა
ალბათ, არამარტო დიზაინერებს ეხებათ, მთავარია საკუთარი თავის პოვნა – ანალიზი („ტაქს, ეხლა ვიინა ვაარ… ტაქს, ეხლა საადა ვარ?“ – © მელიქა). ძალიან რთულია, მაგრამ მხოლოდ გამოცდილება იძლევა ამის საშუალებას (თუ, რა თქმა უნდა, შემთხვევით, ლატარიაში არ მოიგეს უკვე იდეალური პირობები, იდეალური ნიჭისთვის). ზოგი მალევე პოულობს თავს, ზოგი მოგვიანებით, მაგრამ ფაქტია, რომ შრომა აჩქარებს ამ პროცესს.

საკუთარ თავზე შორიდან დაკვირვებით შესაძლებელია იმ წინაღობების აღმოჩენა, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერ ადამიანს წინსვლაში. როდესაც პრობლემა აღმოჩენილია – ნახევარი საქმე გაკეთებულია. ფაქტობრივად, საკუთარი თავის „დაბრიფვაა“ სწორად.
ნამუშევარს რაც შეეხება, ყოველთვის ეტყობა, რამდენი შრომაა მასში ჩადებული. თუ განსხვავებულს ვერაფერს მოიფიქრებ, იმაზე უკეთესად მაინც უნდა გააკეთო, ვიდრე სხვა აკეთებს.
თუ მაინც წარუმატებელი ხარ, შესაძლებელია, არასწორ როლს თამაშობდე.ფსევდონიმი
რამდენიმე წლის წინ დავდიოდი „უშუზე“, მაშინ დავირქვი ბრუსლი „ვითომ“ საკუთარი თავის ინსპირაციისთვის. მოხდა ისე, რომ ფეისბუკმა დროებით ეგ სახელი დამიტოვა და შემდგომ უკვე აღარ შევცვალე, რადგან უმეტესობა „ბრუსს“ მეძახდა. ფსევდონიმად, 2000 წელს შექმნილ ინტერნეტ ნიქნეიმს – Geonini-ს ვიყენებ.

მომავალი
ძალიან მიხარია, რომ საქართველო უკვე ჩაერთო გლობალურ მარათონში და არცთუ ისე ჩამორჩება ბუმბერაზ ქვეყნებს. ჩვენ, ჯერ კიდევ, ბევრი რამ გვაქვს გამოსამჟღავნებელი, რაც არაერთხელ გააოცებს მსოფლიოს. ყოველთვის შეგვიძლია, ქართული დიზაინით ახალი და განსხვავებული სიტყვა ვთქვათ. მთავარია, დავაფასოთ და შევისწავლოთ ჩვენი კულტურა, რომელიც აუცილებლად განსხვავებული და ძლიერი ხასიათის მატარებელია. ძალიან ნიჭიერები ვართ, ცოტა შრომაც რომ შევიყვაროთ, ვერავინ გვაჯობებს.

 

 

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *