Home > oops სიახლეები > “ოქროს საწმისი” – პირველი ქართული კრიპტოვალუტა

“ოქროს საწმისი” – პირველი ქართული კრიპტოვალუტა

808 ნახვა

კოლხური თეთრიდან ვირტუალურ ვალუტამდე მისასვლელად საქართველოს 23 საუკუნე დასჭირდა. თუმცა ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო გამოცდილებას მალევე აუწყო ფეხი და ორი თვეა ბაზარზე ტესტურ რეჟიმში ქართული კრიპტოვალუტა გამოჩნდა. რამდენად რეალისტურია საქართველოში ამ ტიპის ინვესტიციის წარმატება, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი „საქმის კურსი“ პირველი ქართული ვირტუალური ვალუტის შემქმნელს, ვახტანგ გოგოხიას ესაუბრა.

– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქართული კრიპტოვალუტების შექმნა?

– კრიპტოვალუტის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, დაახლოებით მაისში, ორ მეგობართან ერთად. ერთ-ერთი არის პროგრამისტი, მეორე არის სისტემური ადმინისტრატორი, მე ფინანსისტი ვარ. მანამდე ჩვენი რამდენიმე მეგობარი „მაინინგით“ იყო დაკავებული, სახლში ჰქონდათ პატარა დანადგარები, ზოგს ცალკე ფართი ჰქონდა ამისთვის გამოყოფილი. ჩვენც დავინტერესდით ამ სფეროთი, დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება და აქტიურად ჩავერთეთ ამ საქმეში. ჩვენი გუნდი ძალიან მალე გაფართოვდა, სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდნენ და მასშტაბურ საქმეს მოვკიდეთ ხელი. გადავწყვიტეთ პირველი ქართული კრიპტოვალუტის შექმნა , რომელსაც დავარქვით GOLDEN FLEECE TOKEN , „ოქროს საწმისი“.

– “ოქროს საწმისი“, – რატომ ეს სახელწოდება? 

– სახელზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით. თავიდან გადავწყვიტეთ იდეა განგვეხორციელებინა იქ, სადაც წარმოება მარტივია, ქვესადგურთან ახლოს. მოგეხსენებათ ეს საქმე ენერგოტევადია, ელექტროენერგიის წარმოება კი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია. ამიტომაც ავირჩიეთ ეს მხარე და სახელთან დაკავშირებული იდეაც აქედან წამოვიდა, თან გვინდოდა სახელი ცოტა საერთაშორისოც ყოფილიყო, კავშირში ვალუტასთან, ფულთან და დავარქვით Golden fleece token, „ოქროს საწმისი“.

– ტექნიკურად როგორ იქმნება ქართული კრიპტოვალუტა?

– ჩვენ მიერ შექმნილი კრიპტოვალტა არის განთავსებული საერთაშორისო ფირმა Waves პლატფორმაზე, რომელიც აძლევს საშუალებას სხვადასხვა კომპანიას გამოიყენონ blockchain ტექნოლოგია და შექმნან თავიანთვის ახალი კრიპტოვალუტა. ასეთი არის ორი ძირითადი ფირმა, ერთი არის „ეთერიუმი“, და მეორე არის Waves . Waves-ი ავირჩიეთ, იმიტომ რომ მას ასევე აქვს ინტეგრირებული გაცვლითი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ დოლარი ან ევრო ჩარიცხოთ და იყიდოთ ჩვენი კრიპტოვალუტა, ან ბიტკოინი.

ამჟამად გვაქვს საპილოტე დატა ცენტრი, რომელშიც არის 24 სერვერი და 96 ვიდეოკარტა, თუმცა ვგეგმავთ გაორმაგებას. ამჟამად სატესტო რეჟიმში გაშვებული დატა ცენტრი 8000 დოლარის კრიპტოვალუტას წერს, ჯერჯერობით მომხმარებლები არ არიან ამაში ჩართული.

– მომხმარებელმა როგორ უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი?

– Waves პლატფორმას აქვს ვებსაიტი, waveswallet.io, ასევე აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს და ამით მარტივად ისარგებლოს. Waves-ზე ჯერჯერობით 5 ძირითადი ვალუტაა განთავსებული, ესენია: დოლარი, ევრო, ბიტკოინი, ეთერიუმი და თვითონ Waves -ის ვალუტა. ამ ხუთი ვალუტის ჩარიცხვის შემდეგ შესაძლებელია იყიდოთ ჩვენს მიერ გამოშვებული ქართული კრიპტოვალუტა. ჯამში გამოშვებულია 100 მილიონი Golden fleece-ი, მაგრამ გასაყიდად მხოლოდ ერთი მილიონი გვაქვს დადებული.

რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე ერთი კრიპტოვალუტისთვის ფასი შეადგენს 20 ცენტს, 15 აგვისტოდან 80 ცენტი გახდება, ხოლო 15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე იქნება ფიქსირებული 90 ცენტი. შემდგომში ფასების ეტაპობრივი ზრდა მოხდება. ჩვენი პროგნოზით, სექტემბრის ბოლოდან სამი-ოთხი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის ღირებულება ერთი დოლარი იქნება და სამომავლოდ ფასები საშუალოდ თვეში 3-5%-ით გაიზრდება. ეს გათვლები დამოკიდებულია გამოსყიდვის სქემაზე, რომლიც ჩვენ შევიმუშავეთ. ასევე დივიდენდების გაცემის მაგივრად ვაპირებთ საკუთარი ვალუტის გამოსყიდვას, შესაბამისად კრიპტოვალუტის რაოდენობა მიმოქცევაში შემცირდება, ფასი კი გაიზრდება. ჩვენმა გუნდმა ვალუტის გამოშვება კაპიტალის მოსაზიდად და მაინინგ დატა ცენტრის ასაშენებლად დავიწყეთ. Golden fleece-ის გაყიდვა სამ ეტაპად მოხდება. ეს პლატფორმა იმითაც განსხვავდება ჩვეულებრივი საფონდო ბირჟისგან, რომ ქვეყნის საზღვრები აღარ გიშლის ხელს და შეგიძლია ინვესტორი მოიზიდო მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

– როგორ ფიქრობთ, ენდობა თუ არა ქართულ კრიპტოვალუტას მომხმარებელი?

– ნდობის მოპოვება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ამ საქმეში. ერთი ნაწილია, რომ ბარიერები არ არსებობს და მარტივია ტრანზაქციის ან ინვესტიციის განხორციელება, მაგრამ მეორე საკითხია ნდობის ფაქტორი. ძალიან რთულია დაარწმუნო ადამიანი ჩემი კომპანიისა და გუნდის სანდოობაში, რომელიც თუნდაც სინგაპურში იმყოფება. ამისათვის გარკვეული დროც არის საჭირო, შესაბამისი პიარიც, ეს ყველაფერი კი განხორციელებული საქმეებიდან უნდა მოიპოვო. საპილოტე დატა ცენტრი უკვე ავაშენეთ, ეხლა მეორე ცენტრის აშენებას ვიწყებთ და ნელ-ნელა ხალხიც მიხვდება, რომ არ ვართ ისეთი კომპანია, რომელიც ინვესტიციის მიღების შემდეგ დაიხურავს ქუდს და წავა. ჩვენი აქცენტი საქართველოზე არ იყო გაკეთებული, მაგრამ მომხმარებლებისგან ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულმა კრიპტოვალუტამ.

კომპანიები, რომლებთანაც ამჟამად მოლაპარაკება გვაქვს არიან: Monkey Capital-ი პირველი კრიპტო ვალუტის ჰეჯ ფონდი, Ethlend-ი – კრიპტოვალუტის სესხების პლატფორმა, TravelCoin – ტურიზმის სფერო, და ასევე რამოდენიმე საინვესტიციო ჯგუფი.

– პირველადი დანახარჯი რა იყო Golden fleece-ის შექმნისას და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი? 

– ტექნიკურად ვალუტის შექმნისათვის დიდი თანხები არ არის საჭირო, თუმცა ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ სასერვეროს მოწყობაში, ასევე დატა ცენტრის აშენებაში, შევიძინეთ უძრავი ქონებაც, სადაც საბოლოო დატა ცენტრი უნდა განთავსდეს. ამ დროისთვის 200 ათასი დოლარი გვაქვს დახარჯული. ნაწილი პირადი თანხები ჩავდეთ, ნაწილი სესხი.

ახლა ისეთი პერიოდია დიდი ცვლილებები ხდება, კონკრეტულად ბიტკოინის ქსელში, აპირებენ სისტემის განახლებას. ვალუტის ფასები ძალიან მერყეობს ივლისის განმავლობაში, მაგრამ ეს ისეთი ტექნოლოგიაა რომელსაც აქვს მომავალი და აუცილებლად იქნება ფართო მასშტაბით გამოყენებული. ყოველდღიურად ახალ-ახალი ქვეყნები და ინვესტორები ინტერესდებიან და ერთვებიან ამ სფეროში.

– ვინ არის თქვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია? 

– ძირითადი სამიზნე აუდიტორია იყო ევროპა, ნაწილობრივ ამერიკა, ზოგადად შემოფარგლული არაა, იმიტომ რომ ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპა და ამერიკა ლიდერობს ამ დარგში. აზიური ქვეყნებიდანაც არის დიდი ინტერესი, მაგალითად ჩინეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რაღაცის წარმოებაში, ამ სერვერების წარმოებაშიც პირველია და იქაც დიდი ბუმია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. აქტიურია ასევე კორეა და სინგაპური, ისინი ძალიან მასშტაბურად იყენებენ და დიდ ინვესტიციებს დებენ ამ სფეროში.

– რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ეს სფერო და რა არის საჭირო ამ სფეროს გასავითარებლად? 

– პრობლემა ისევ და ისევ ინფორმაციის ნაკლებობაა. მომხმარებლებში ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ამჟამად ისეთი ადამიანები არიან ჩართულები ამ სფეროში, ვინც ტექნიკურად უფრო განათლებულები არიან. ამიტომ ჩვეულებრივი მოქალაქეები ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *