სამშაბათი, დეკემბერი 11, 2018
Home > oops სიახლეები > 8 წუთი – პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმი

8 წუთი – პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმი

324 ნახვა

 

თქვენი არ ვიცი და მე ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა იქნება, უეცრად მზე რომ ჩაქრეს და დედამიწაზე სიბნელემ დაისადგუროს.

თუ ასეთი რამ მართლა მოხდება (და მეცნიერების თქმით, ეს სულაც არაა გამორიცხული), დედამიწაზე სინათლე 8 წუთში გაქრება. გამოდის, რომ ჩვენ ზუსტად ამდენი დრო დაგვრჩება იმისთვის, რომ მომხდარი გავაანალიზოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ფილმები, სადაც დედამიწას განადგურება ემუქრება, მრავლად მოიძებნება კინოს ისტორიაში, განსაკუთრებით კი, ჰოლივუდურ კინემატოგრაფიაში, მაგრამ ამ თემაზე ფილმი არასდროს გადაუღიათ საქართველოში, მანამ, სანამ SiblerFilms-მა არ გადაწყვიტა, მსგავს გიჟურ იდეაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეექმნა.

ფილმსაც ასე დაარქვეს: 8 წუთი

SiblerFilms ახალგაზრდა რეჟისორებს (გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი), სცენარისტებს (მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე) და პროდიუსერებს (გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი) აერთიანებს, რომელთაც უკვე მიაღწიეს წარმატებებს საქართველოში და გარკვეულწილად, – მის ფარგლებს გარეთაც. 2016 წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, მათი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი ინგა ალტერნატიული ტალღის გამარჯვებული გახდა, იმავე წლის მიწურულს კი სცენარმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსი მოიგო. პროექტმა მოიარა ბერლინალე და კანის კინოფესტივალიცდა ამჟამად SiblerFilms მოლაპარაკებებს აწარმოებს უცხოურ პროდაქშენებთან. მანამდე კი:

ძვირფასო მეგობრებო, ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს სიმართლეა – მზე ჩაქრა, – გვესმის ფილმის პირველივე წუთში და ვიგებთ, რომ თბილისის დროით 12:36 საათზე დედამიწაზე სიბნელე დაისადგურებს…

დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, თბილისიც პანიკაშია. ხალხი უმისამართოდ დარბის, ზოგი თავს იკლავს, ზოგი ისტერიულად ყვირის, ტრაგედიამდე კი სულ უფრო და უფრო ცოტა ხანი რჩება. სწორედ ამ დროს ჩნდება კადრში ფილმის მთავარი პერსონაჟი (მსახიობი: სლავა ნათენაძე), რომელიც ოთხ კედელშია გამოკეტილი და საყოველთაო პანიკისა და ალიაქოთის ფონზე, შესაშური სიმშვიდით გამოირჩევა. მალევე ირკვევა, რომ მისი შვილი ექსპედიციაშია და დრამაც სწორედ აქ იწყება – ერთადერთმა შვილმა არაფერი იცის იმაზე, რომ სულ რამდენიმე წუთიც და სინათლე სამუდამოდ გაქრება.

თუმცა, ამის გაგება მთავარ გმირს, ხანმოკლე დამწუხრების შემდეგ, თითქოს სტიმულს აძლევს და იგი ისეთ მოულოდნელ მოქმედებებს სჩადის, რომ მაყურებელს აბნევს და კვანძის გახსნას მოუთმენლად ველით. კვანძის გახსნის შემდეგ კი ვხვდებით, რომ ძალიან მაგარი ტვისტი ვნახეთ.

ფილმის დასასრულს ერთდროულად ორი განცდა გეუფლება: პირველი – ხვდები, რომ უყურე განსხვავებულ, ორიგინალურ ქართულ ფილმს და მეორე: ფიქრობ, რა კარგი მასალა დაიკარგა სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოცულობას საზღვრები არ აქვს, განსაკუთრებით კი, – კინემატოგრაფიაში, იმასაც ხვდები, რომ ნანახი ქაოსის, გაუგებრობის, სასოწარკვეთის, კომედიური ელემენტებისა და დიდი დრამის ნაზავის წყალობით, SiblerFilms-მა შესანიშნავად მოახერხა ადამიანების ისტორიის უკანასკნელი წუთების 8 წუთში გადმოცემა.

 

წყარო: cinemania.adjara.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *