სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > საიხლეები > დავით გოგიჩაიშვილის TEDx-ის ვიდეოს 100 000 ნახვა აქვს

დავით გოგიჩაიშვილის TEDx-ის ვიდეოს 100 000 ნახვა აქვს

744 ნახვა

TEDx Tbilisi-ს – „იდეების ეპიდემიის“ – პროექტის ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციებიდან, 4 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი – 100 000-ზე მეტი ნახვა აქვს დავით გოგიჩაიშვილის 2013 წლის ვიდეოს youtube-ზე – What’s So Different About Cultures Anyway? – სადაც გვთავაზობს კულტურული განსხვავებების ანალიზს, იუმორის საშუალებით.
TED-ი (Technology, Entertainment, Design), რომლის მიზანიც ინოვაციების ხელშეწყობაა, დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა, რომელმაც სათავე აშშ-ში აიღო, საქართველოში კი 2012 წლიდან ხორციელდება. მარკეტერი ესაუბრა დავით გოგიჩაიშვილსა და Tedx Tbilisi-ს დამფუძნებელს – მერი გაბაშვილს:

დავით გოგიჩაიშვილი: TED-ი, საერთოდ, ძალიან პრესტიჟული ამბავია იმიტომ, რომ ბევრი ისეთი შთამაგონებელი პრეზენტაციაა TED-ზე, რომ ყოველთვის გულით ვგულშემატკივრობ ხოლმე TEDx-ის სპიკერებს. ჩემთვის, ერთი მხრივ, პატივი იყო აქ გამოსვლა, მეორე მხრივ – ძალიან კარგი გამოცდილება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ანდრო დგებუაძის მხარდაჭერა, რომელიც დამეხარა, ჩემი იდეებისთვის თავი მომეყარა თხუთმეტწუთიან პრეზენტაციაში .

ჩემი პრეზენტაცია იყო კულტურულ განსხვავებებზე, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით მიწოდებულზე, რომ ერთი მხრივ, ეს არის კულტურული სტერეოტიპები, რომელიც შეგვიძლია, ბევრ რამეში სასაცილოდაც გამოვიყენოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჩვენგან შეუმჩნევლად, უარყოფით შედეგებს იწვევს. ამ სტერეოტიპების გადალახვა დაგვეხმარება უარყოფითი შედეგების – ადამიანებს შორის ნეგატიური გრძნობების უგულებელყოფაში.

ამ ვიდეოს ორი დიდი, ასე ვთქვათ, წარმატება მოჰყვა: კანადელმა პროფესორმა, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის კულტურებს შორის ბიზნესმოლაპარაკებებს, მომწერა მოულოდნელად, რომ ინტერნეტში ნახა ეს ვიდეო და იმდენად მარტივად იყო გადმოცემული აზრი, სტუდენტებთან სწავლებაში უნდოდა ამ პრეზენტაციის გამოყენება, ნებართვა მთხოვა და რა თქმა უნდა, გამიხარდა-მეთქი.
და მეორე იყო, ერთმა ქართველმა გოგომ მომწერა, თუ არ ვცდები, City University Of London-ში სწავლობს და ლექტორმა რაღაც დიდ გაერთიანებულ ლექციაზე უცებ ეს ვიდეო ჩაგვირთო და ძლივს მომასულიერესო. მოკლედ, ძალიან იამაყა ამით.

მერი გაბაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ხელი მივცეთ საინტერესო იდეების გავრცელებას. ვთქვათ, დათოსნაირ ადამიანებს, ვისაც საინტერესო, ტრადიციულისგან განსხვავებული ხედვა და ორიგინალური იდეები აქვთ. გვჯერა, ეს იდეები სხვა ადამიანების ინსპირირებას ახდენს, ასეთივე კარგი იდეებისთვის და მთლიანობაში, წაადგება ეს საზოგადოებას.

M: სპიკერების შერჩევის რა მექანიზმი გაქვთ?
სპიკერების შერჩევის გარკვეული პროცესი გვაქვს, ყოველწელს, ჩვენ, ღონისძიებამდე, ვაქვეყნებთ ე.წ. სპიკერების ნომინირების ფორმას, რომლის საშალებითაც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთარი თავი დაანომინიროს, როგორც სპიკერი, ან მიუთითოს ის ადამიანი და საკონტაქტო ინფორმაცია, ვის მოსმენასაც ისურვებდა. საბოლოოდ, სცენაზე გასაუბრების შედეგად ხვდებიან.

M: მიუხედავად იმისა, რომ დამსწრე საზოგადოება ქართულენოვანია,სპიკერების სასაუბრო ენა ინგლისურია, რატომ?
იმის გამო, რომ ჩვენ საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში ვმუშაობთ და TED-ს მილიარდიანი აუდიტორია ჰყავს, გვინდოდა, ინგლისურად ყოფილიყო პრეზენტაციები, რადგან ერთგვარად, ქართულ იდეებს საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დავეხმარებოდით. სიმართლე გითხრათ, ბევრს ვფიქრობდით ამაზე, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, რომ ქართული იდეები საქართველოდან გავიდეს, თუ საქართველოში გავრცელდეს. და წელს დავაკომბინირეთ რაღაცნაირად და პირველად, ოქტომბერში გვინდა, რომ ზოგიერთი პრეზენტაცია მაინც გავაქართულოთ, ვნახოთ, როგორ იმუშავებს.

M: თქვენი აზრით, რატომ გახდა დავით გოგიჩაიშვილის პრეზენტაცია აქტუალური, რამ განაპირობა მის იუთუბვიდეოზე მნახველთა ყველაზე მეტი რაოდენობა?
რამდენიმე ვიდეო გვაქვს ასეთი, რომელიც ძალიან პოპულარულია, მაგალითად, ანდრო დგებუაძის ვიდეო და რომ გავაერთიანო ეს ვიდეოები ერთ კატეგორიაში, ალბათ, რაღაც მომენტში, არის ვიდეოს ავტორების ცნობადობა; თავისთავად, ის იდეა და ხედვა, რაზეც საუბრობენ; გარკვეული დოზით – იუმორის გრძნობა. ასევე, ყოფითი საკითხების მსუბუქად გადმოცემა, პლუს, ორივე ძალიან კარგი სპიკერია. კონკრეტულად დათოს რაც შეეხება, მას ბუნებრივად გამოსდის და მგონი, ესეც გარკვეულ როლს თამაშობს, რომ ადამიანი თავის სტიქიაშია, ასე ვთქვათ და როცა ლაპარაკობს, სასიამოვნოა მისი მოსმენა.

TED-ის ღონისძიება – Technology, Entertainment, Design – სწორედ ამ სამ სფეროზე იყო, თავდაპირველად, ორიენტირებული, თუმცა ნელ-ნელა პროექტი იმდენად გაიზარდა, რომ ახლა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. პროექტის პოპულარობამ განაპირობა მისი რეგიონალური ფორმატის შექმნა – TEDx (x=Ted-ის დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება). მთელ მსოფლიოში უკვე 350-მდე TEDx არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *