სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > ავტო > “ჯარა” – ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის მთავარი გმირი ფუტკარია [VIDEO]

“ჯარა” – ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის მთავარი გმირი ფუტკარია [VIDEO]

618 ნახვა

EcoFilms Georgia-მ ქართული დოკუმენტური ფილმი შექმნა, სახელწოდებით “ჯარა“, მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება. ჯარა არის ტრადიციული ქართული სკა და სიუჟეტიც სწორედ მის გარშემო, მთიან აჭარაში, ვითარდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული ფუტკარია, სწორედ მისი თვალითაა დანახული სამყარო, ბუნება, ადამიანები, მისი შრომისმოყვარეობა და შიში, რომ ვიღაც მოვა და მის ნაშრომს დაუკითხავად და უბოდიშოდ მიისაკუთრებს. ამ რაკურსით საუკეთესოდ ჩანს ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეებიც, თუ როგორ იბრძვიან ისინი ყოველდღიურად გადარჩენისა და კეთილდღეობისთვის. გადაღება 2014 წელს დაიწყო მთიან აჭარაში და წარმოჩენილია, ერთის მხრივ, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, მეორე მხრივ კი, ველური ბუნება.

“ჯარას” რეჟისორის, ნიკა წიკლაურის თქმით, ამ ფილმის მეშვეობით უცხოელი ტურისტები მსოფლიოს რუკაზე აღმოაჩენენ საქართველოს:  “ტურიზმი არ არის წასვლა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, ეს არის წასვლა იმ ადგილზე, რომლის შესახებაც არსებობს რაღაც ისტორია. იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს, საჭიროა ისტორიის მოყოლა. ჩვენ შევქმნით ისტორიას აჭარის შესახებ და თუ შემდეგ ამ ფილმს შესაბამისი დისტრიბუცია და რეკლამა ექნება, ის გაზრდის ტურისტულ ნაკადს. ფილმი, ამავდროულად, დაეხმარება ქართულ თაფლსაც ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქტის სახელის დამკვიდრებაში.”

 

“ჯარა” EcoFilm Georgia-ს რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, პირველი იყო “გზა” – რომელიც მეცხვარეთა ცხოვრებას აღწერს, 2014 წელს გამოვიდა. დოკუმენტური ფილმების შექმნის იდეა საქართველოზე მსგავსი კონტენტის არარსებობამ განაპირობა. კომპანიის გამოცდილი გუნდი უკვე წლებია ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირის შესახებ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობს. გარდა ამისა, Eco Films მსგავსი და გასხვავებული თემებით დაინტერესებულ ჟურნალისტებსა და რეჟისორებს გადაღებების დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება.ფილმ “ჯარას” გადაღება დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. გარდა ამისა, WWF – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით დაფინანსებული პროექტის “კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდი” ფარგლებში.

იდეის მხარდამჭერები და პროექტის თანადამფინანსებლები არიან: CNF – Caucasus Nature Fund; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფსოვი – გარემოსდაცვითი ასოციაცია; ფუტკარა – მეფუტკრეობის განვითარების ფონდი; EcoTours Georgia.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *