ორშაბათი, დეკემბერი 16, 2019
Home > საიხლეები > Web Summit და ქართველი მონაწილეების შთაბეჭდილებები ტექნოლოგიების ყველაზე მასშტაბური კონფერენციიდან

Web Summit და ქართველი მონაწილეების შთაბეჭდილებები ტექნოლოგიების ყველაზე მასშტაბური კონფერენციიდან

884 ნახვა

Web Summit ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 7-10 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიები მთელი მსოფლიოდან ერთ სივრცეში იყრიან თავს, სტარტაპებით დაწყებული, ტექ-გიგანტებით დამთავრებული.

14991998_10155472755688327_8107560050909153763_n

წელს მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 53 000 მონაწილე შეიკრიბა, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპიკერების გამოსვლებს დასწრებოდნენ, რომლებიც მმართველ პოზიციებზე მუშაობენ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში: Facebook, Twitter, Cisco, Amazon, Linux, Booking.com და ა.შ. ასევე, სპიკერები მოწვეულნი იყვნენ საინვესტიციო ფონდებიდან, წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტებიდან და ისეთი კომპანიებიდანაც, რომლებიც ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობით ახალ პროდუქტს ქმნიან თავიანთი მომხმარებლისთვის.

ვებ სამიტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ღონისძიებაა მსოფლიოში, რომლის წლევანდელი შედეგებიც ასეთია: 53,056 მონაწილე, 7,000 CEO, 15,000 კომპანია, 1319 ინვესტორი, 1490 სტარტაპი, 663 გამომსვლელი, 21 კონფერენცია და 166 ქვეყანა. სამიტს 6 წლის წინ დუბლინში ჩაეყარა საფუძველი, წელს კი, პირველად ჩატარდა ლისაბონში და მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც პორტუგალიის დედაქალაქში გაიმართება.

unnamed (2)

სალომე კუკავა

სამიტს ქართული კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს პროექტის მენეჯერი, სალომე კუკავა ამბობს, რომ სამიტზე, გარდა კონფერენციებსა, თუ პანელურ დისკუსიებზე დასწრებისა,  უამრავი შესაძლებლობაა, შეხვდეთ ინვესტორებს, მიხვიდეთ ყველა წამყვანი კომპანიის სტენდთან და გაიგოთ მათი სიახლეების შესახებ, გაიცნოთ სტარტაპები და მათი საინტერესო პროექტები, ეკონტაქტოთ მონაწილეებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და გააცნოთ მათ თქვენი კომპანია და ქვეყანა.

„ჩვენ ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს წარმოვადგენდით. „ბია“ ქართული კომპანიების მონაცემთა ბაზაა. 4 დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს გავაცანით საქართველო და ქართული კომპანიები, თუმცა, რა კავშირშია “ბია” და ახალი ტექნოლოგიები, ამას ქართველი მომხმარებელი სულ მალე შეიტყობს. მანამდე პროექტი ვებ სამიტზე წარვადგინეთ და გავაცანით დაინტერესებულ პირებს. ქართულ კომპანიებს მოვუწოდებთ, თუ ეძებენ უცხოელ პარტნიორებს, დარეგისტრირდნენ ბიას ბაზაში (უფასოდ) და განაახლონ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რადგან 14 წელია უცხოური კომპანიები ბიას გავლით იძიებენ პარტნიორებს საქართველში.

სამიტზე 663 სპიკერიდან რამდენიმეს გამოსვლას დავესწარი: Mark Schroepfer (CFO facebook), Gary Vaynerchuk (Vayner Media), John Chambers (Cisco) Sean Rad (Tinder), Jonas Jacobi (IBM), Gillian Tans (Booking.com) და ა.შ. მოვუსმინე Nasdaq-ის ანალიზს ტრამპის გამარჯვების მეორე დღეს. ასევე, სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში მოვუსმინე Soundcloud, Blablacar, Google Ventures, Coca Cola, Amazon, Viber და სხვა კომპანიების დამფუძნებლებსა და პროფესიონალებს. გარდა ამისა, უამრავი ცნობილი სახე იღებდა მონაწილეობას: Ronaldinho, Luis Figo, Joseph Gordon-Levitt, Ne-Yo, Ja Rule და ა.შ.

unnamed

შთაბეჭდილებები დიდხანს გაგვყვება. ეს არ არის მხოლოდ შთაბეჭდილება, ასევე მიღებული ცოდნა, კონტაქტები და ახალი შესაძლებლობები. ვებ სამიტზე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილების დაგროვებაა შესაძლებელი. რაც მთავარია, შეგექმნებათ ზოგადი წარმოდგენა, სად არის მსოფლიო დღეს და სად ვართ ჩვენ, აუცილებლად გექნებათ განცდა, რომ სხვა პლანეტას ვეკუთვნით, მაგრამ ასევე აუცილებად უნდა დაგვებადოს განცდა, რომ ეს რეალობა მხოლოდ ჩვენი შესაცვლელია, ამიტომ ამ ღონისძიებაზე დასწრება ნამდვილად ღირს!“

ირაკლი თევზაძე

ირაკლი თევზაძე

“ლივინგსტონის“ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებთან ერთად სამიტს ესწრებოდა ირაკლი თევზაძე (Leavingstone COO, Co-Founder). მათი მთავარი მიზანი იყო, გაეგოთ ციფრული მიმართულებით მიმდინარე გამოწვევები და სიახლეები, გაეცნოთ ახალი, თუ უკვე ჩამოყალიბებული სტარტაპები. ირაკლიმ სამიტზე მიმდინარე მოვლენებზე, მნიშვნელოვან აქცენტებსა და ტენდენციენზე ისაუბრა მარკეტერთან:

M: რა იყო სამიტზე თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

მთელი ქალაქი მობილიზებული იყო, რომ ტექ-ტურისტებს დახვედროდა. კონფერენციის ორგანიზების კუთხით იყო მცირე დაბნეულობები, თუმცა კრიტიკული გავლენა სამიტზე არ ჰქონია.

წლევანდელი ვებ სამიტი სპიკერების მხრიდან პოლიტიკური მესიჯებითაც გაჯერებულიც იყო. განსაკუთრებით ამერიკული ტექ-კომპანიებიდან არავის სჯეროდა და არ უნდოდა ტრამპის გამარჯვება და ეს ყველა გამოსვლაში ისმოდა. საინტერესოა, მომავალ წლებში ამერიკის არჩევანი რა გავლენას იქონიებს ამერიკულ სტარტაპებზე და ტექნოლოგიურ გარემოზე.

საინტერესო იყო facebook-ის მიერ დაანონსებული და უკვე ჩაშვებული ბევრი სიახლე. მათ შორის არის workplace, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს „შიდა facebook“-ის სერვისს, რაც ინტრანეტის დახვეწილი და საკომუნიკაციოდ ადვილი საშუალებაა, ასევე ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებელი მესენჯერი და ბევრი სხვა საშუალება, რომელიც ბიზნესებს დაეხმარებათ შიდა კომუნიკაცია უფრო მარტივი და ადვილად სამართავი გახადონ. პირველადი ინფორმაციით, 2017 წლის მარტიდან სერვისი ფასიანი გახდება და თვეში 3$-ს წარმოადგენს ერთ მომხმარებელზე. საინტერესო იყო, როგორ იგეგმება facebook-ში ახალი პროდუქტების გაშვება და როგორ ხდება წინასწარ კვლევა. თითქმის ყველა სპიკერი, რომლებიც ციფრული პროდუქტების შექმნაზე საუბროდნენ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დიზაინის ყველა ასპექტს, რადგან მომხმარებელს სწორედ დიზაინთან აქვს პირველი შეხება და ემოციური კავშირი.

14991998_10155472755688327_8107560050909153763_n

M: რა მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა?

სამიტზე ყურადღება გაამახვილეს ინტერნეტ უსაფრთხოებაზე და დაცულ საზოგადოებებზე. ეს გლობალური პრობლემაა, ამიტომაც ყველა ქვეყანა და კომპანია ცდილობს გააუმჯობესოს მომხმარებელთა დაცულობა ციფრულ გარემოში.

წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული აქცენტები ხელოვნურ ინტელექტზე და მის მარტივ გამოყენებაზე კეთდებოდა. ამ კუთხით ბევრი ახალი სტარტაპიც იყო წარმოდგენილი. მათი უმეტესობა მხოლოდ ციფრული გამოყენებით შემოიფარგლებოდა, თუმცა იყო ერთი სტარტაპი, რომელსაც აშკარად აქვს მომავალი, თუ განვითარებაში ხელი არ შეეშალათ. ეს არის HyBird, რომლებიც ავტონომიურად მართვადი დრონების წარმოებას გეგმავს საველე პირობებისთვის, მაგალითად ქვეყნის ელექტროხაზების ავტომატური ინსპექცია.

Outscale, რომლებიც კომპანიებს IT ინფრასტუქტურის ავტომატურ მართვას სთავაზობს.

Gitlab – დეველოპერებს ყველანაირ ხელსაწყოს სთავაზობს პროექტების სამართავად.

Connecterra – Cloud და IoT გადაწყვეტილებაა ფერმერებისთვის, რათა უფრო მეტად ეფექტური და მომგებიანი გახადონ მეცხოველეობა.

JustRide – ეს არის Airbnb მანქანებისთვის. ავტომფლობელებს სთავაზობს მანქანების გაქირავებას ვებ პლატფორმის გამოყენებით.

15078642_10155472755138327_3267075370359788197_n (1)

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია აქ მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება?

ვებსამიტი არის კარგი შესაძლებლობა დამწყებმა სტარტაპებმა თავიანთი პროდუქტი/სერვისები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ და დამატებითი ფინანსური რესურსები მოიძიონ კომპანიის გასავითარებლად. არის Pitch სცენები, სადაც სტარტაპები პრეზენტაციის სახით ინვესტორების წინაშე ცდილობენ თავიანთი პროდუქტების წარდგენას. ამ კუთხით წელს მხოლოდ ერთი ქართული სტენდი იყო საქართველოდან – QuickCash. ეს არის ქართული Fintech სტარტაპი, რომელიც მარიამ რუსიშვილმა დააფუძნა და როგორც ვიცი, საინტერესოდ ნაყოფიერი გამოდგა მათთვის ეს სამიტი. წარმატებებს ვუსურვებ მას.

საქართველოში მოქმედ სტარტაპებს ვურჩევდი წასულიყვნენ, გამოცდილება და კონტაქტები მიეღოთ, ხოლო წარმატების შემთხვევაში ინვესტორების გულიც მოეგოთ, არა მხოლოდ ამ სამიტზე. მომავალ წელს ვინც გადაწყვეტს წასვლას, ვურჩევდი გაიცნონ ის ადამიანები, ვინც მათ ამჟამინდელ თუ წამოწყებულ სტარტაპ იდეასთან ახლოს იქნებიან. გამოცდილების გაზიარების საშუალების კუთხით გამოადგებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *