ქალაქის სიკვდილი იწყება ასე – მანუჩარ კაჭახიძე ამერიკიდან

გახსოვთ გაზეთი “ქუთაისი”?

3 აპრილს გაზეთ “ქუთაისის” დაარსებიდან 95 წელი შესრულდა. ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ამერიკიდან ეხმიანება გაზეთის საიუბილეო თარიღს:

“მე თუ მკითხავ, ქალაქის სიკვდილი იწყება ასე.

აი, დღეს, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქალაქში, ბებიების და ბაბუების გადმოცემების იმედზე თუ დავრჩებით, თორემ ქალაქს თავისი მეისტორიე აღარ ჰყავს უკვე.

თითქოს არც ჭირდებოდეს.

ინტერნეტის სწრაფი განვითარება პლატფორმების ხშირ ცვლას იწვევს და სადაც დღეს ხუთი წლის წინანდელი ცნობა აღარ იძებნება, რა გარანტია გვაქვს ასი წლის შემდეგ მოიძებნოს თუ როდის ადიდდა რიონი უკანასკნელად, ან ვინ გასცა მრავალსართულიანი სახლის აშენების მახინჯი ნებართვა თეთრ ხიდთან.

ერთის მხრივ, ალბათ, კარგიცაა, რომ ისტორია არ შემოგვინახავს იმ ტვინგამორეცხილთა სახელებს, ვინც ერთ ღამეში წამოაქცია აღმაშენებლის გამზირის 15-წლიანი ხეები, ასობით ხე, სიკვდილის ცელი რომ გეგონებოდა დილით გამოსულს… იმისათვის, რომ მერე პალმები დაერგო, ტროპიკული მცენარე არატროპიკულ ქარ-ყინვიან ქალაქში.

თუმცა, ისევ გაზეთმა “ქუთაისმა” შემოგვინახა ქალაქში თეატრის აშენების კადრები; ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის მამუკა ასლანიკაშვილის, ვახტანგ ცინცაძის შრომა; იპოლიტე ხვიჩიას პირველი ნაბიჯები; მარჯანიშვილელთა პრემიერები; მიტროფანე ლაღიძისა და კოკოჩაშვილის ხილიანი წყლების ქუთაისიდან აღებული სტარტი; მაჩაბელისა და ქვარიანის რინგი ქუთაისის ცირკში (ხო, ასეთი ჰქონდა ქუთაისს), ამაშუკელის მადლით ქალაქს მობრძანებული აღმაშენებელი და რამდენი ერთი ჩამოვთვალო…

ამ გაზეთმა მონათლა პოეტად მარად ჭაბუკი ლადო ასათიანი, რომ შემდეგ სამშობლოს სიყვარულში “ფილტვები ტკენოდა და დაბერვოდა”…

იცით, მე ქუთაისი, თვით ქალაქი, გაზეთმა „ქუთაისმა“ შემაყვარა.

იქ, რედაქციაში, ყველაზე უკეთ იგრძნობოდა მისი მაჯისცემა, მისი პულსი.

თავად, 13 წლის ბიჭი გაზეთის ჩამრჩევი ვიყავი, და მაშინდელ ლეგენდებთან, “მეტრამპაჟეებთან” – დურმიშხან გეგუჩაძესთან, ჯუმბერ ბოგვერაძესთან, გალაკტიონ შვანგირაძესთან ვიზრდებოდი, – ამ მხცოვანი გაზეთის სიყვარულით მოწამლულ ადამიანებთან.

აი, მუშაობისას პურს რომ გავტეხავდით, ის პური თუ გაზეთის მიმდინარე ნომრის “საოტისკე” საღებავებით დაისვრებოდა, მაინც სუფთად ითვლებოდა და ყველაზე გემრიელი იყო.

უნივერსამის გვერდზე, “სოიუზპეჩატის” ჯიხურში, მარინასთან ცხელი გაზეთის სურნელი სანამ დადგებოდა, “ქუთაისი” ტექ-რედაქტორ ლეილა ლაითაძესთან ერთად რედაქტორის კაბინეტში იკვრებოდა მაკეტად. აი ასე, შეიკეტებოდნენ და ყველამ ვიცოდით, რომ მისი ახალი ნომერი იწყებდა დაბადებას – ლინოტიპისტების ხელში აკენკილი, მიხეილ ამაღლობელის კალამს გადარჩენილი სტრიქონებით დამზადებულ “ოტისკებს” გააგზავნიდნენ ზემოთ – საკორექტოროში… და რომ დავარცხნიდნენ კორექტურას, შემდეგ ეს სარკე-ლითონ-სტრიქონები მოდიოდა ჩემს ლეგენდებთან:

– გაიქეცი, ციცეროს ხაზი მომაწოდე; შილა შენ ხომ არ აგიღია; შპაცები დამიჭერი…

და ამ ღამისთევებში, წია-წია მიყვარდებოდა ქუთაისი.

დილით, იმ ორმოცი ათასს ეგზემპლარს ერთს რომ მოვპარავდი, გადავფურცლავდი და უმალ ჩემს მოჭრილ ხაზებს შევამოწმებდი, წინა ღამით რომ მანდეს მათი დახრილად ჩამოჭრა.

იცით, კიდევ რა მახსენდება?
გაზეთის დაკაბადონების პროცესში, იმის შიშით, რომ არ გაცვეთილიყო, საგულდაგულოდ იყო შენახული გაზეთის ქუდის კლიშე – ქალაქის მეჩუქურთმის, ოთარ ქანდარიას ავტოგრაფი ქუთაისს. როცა კი შავი სამუშაო დასრულდებოდა, დურმიშხანი ძია იუველირის სიფრთხილით ჩამოიღებდა ამ კლიშეს და დაახურავდა გაზეთს, მართლაც ქუდად – ცარიელად დატოვებულ “ბალკაზე”.

მაშინ სულ სხვანაირი სიყვარული და სიფაქიზე იყო…

და ეს სიფაქიზე სადღაც გაქრა, – რადგანაც 1921 წლის 3 აპრილს დაბადებული 90 წლის ქალაქის მემატიანე სიცოცხლეს გამოვასალმეთ და გუშინ, არც მისი 95 წლის საიუბილეო თარიღი გაგვხსენებია – “ქუთაისელებს”…

ქალაქში ორი კინკილა გაზეთი სასაცილო პერიოდულობით და სამარცხვინო ტირაჟით ისევ გამოდის, მაგრამ ქალაქს თავისი მოსახელე მოუკვდა, თითქოს სირცხვილი ყოფილიყოს ამ სახელის ტარება.

და ეს მაშინ, როცა ინტერნეტის ეპოქაში და დემოკრატიულ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში ყველა პატარა ქალაქი ინახავს თავის მემატიანეს, ისეთი ქალაქიც,
რომლის პოპულაციაც ათას ცხრაასი კაცია.

ამ სახელის გაზეთი მოკვდა, და ქალაქის სიკვდილსაც ასე უსიტყვოდ გადავიტანთ, ალბათ!

„- ნურავის ეტყვი, სითბო დამრჩა შენი თითების…“

 

http://www.kutaisipost.ge/

1
0
(Visited 142 times, 1 visits today)

კომენტარები