როგორ მოეწყობა და რამდენად რეალურია ქუთაისში მინი ქალაქის აშენების იდეა?

ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი ქალაქის აშენება დაანონსდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას ქართულ კომპანია “აია ინტერტაიმენტი” გეგმავს, რომელიც ჯამში 270 მილიონი ევროს (დღევანდელი კურსით ეს დაახლოებით 700 მილიონი ლარია) ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

კომპანიის წარმომადგენელი ვახტანგ გაგნიძე განმარტავს, რომ პროექტის მიხედვით დაგეგმილია დასასვენებელი კომპლექსის, სასტუმროების, სათამაშო ბიზნესისთვის სივრცის, კორტების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა. კომპანიის ინვესტიცია ქუთაისის გარდა მოიცავს წყლატუბოსა და სამტრედიის ნაწილსაც, ჯამში 75 ჰექტარ მიწას.

ცნობილია, რომ პროექტში ინვესტირებას შვეიცარული, ჰოლანდიური და ავსტრიული კომპანიები განახორციელებენ, თუმცა, გაგნიძე მათ იდენტიფიცირებას არ ახდენს. „კომერსანტის” კითხვაზე ვინ არიან ეს კომპანიები, გაგნიძე დროის სიმცირის გამო საუბრისგან თავი შეიკავა, შემდეგ კი „კომერსანტის” ზარებს აღარ უპასუხა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ქუთაისის საკრებულომ მინი-ქალაქის მშენებლობისთვის სახელმწიფოს უკვე გადასცა 20 ჰექტარი მიწა უსასყიდლოდ, თუმცა, ამ შემთხვევაში მიწის გადაცემა კონკრეტული პირობით მოხდა. თუ კომპანია ტერიტორიაზე დაგეგმილ ინვესტიციას ვერ განხორციელებს, მიწა კვლავ ქალაქის საკურებაში გადავა. გავრცელებულ ინფორმაციაში არაა ნახსენები ასეთ შემთხვევაში ფულადი ჯარიმის დაკისრების ვალდებულება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ იმის თქმა, რომ ქუთაისში მინი ქალაქი მოეწყობა, ნაადრევია. მათი ინფორმაციით, კომპანიას სამინისტროში წარმოდგენილი აქვს პროექტი, თუმცა, მასზე ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა არ გაუცია. მათი ინფორმაციით, ჯერ უნდა მოხდეს პროექტის შესწავლა და შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ქუთაისში ეთნოგრაფიული მუზეუმის მსგავსი ზონის განვითარებაც. ასევე 20 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაც.

http://topnews.com.ge/photo/news/20160323151817.png

მინი-ქალაქის მოწყობას სკეპტიკურად უყურებენ თავად ქუთაისის მცხოვრებლები. საინიციატივო ჯგუფის „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი თვეებია, იბრძვიან ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და იქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნისთვის, რასაც “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება ითვალისწინებდა. მათი თქმით, სწორედ ამ ფუნქციის მინიჭება იქნება ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტიმული და არა გაურკვეველი კომპანიების პროექტი, რომლის რეალურობაშიც მათ ეჭვი ეპარებათ.

„მივესალმებით მსგავსი პროექტის განხორციელებას, თუმცა ეს პროექტი წინასაარჩევნო ბლეფს უფრო გავს, ყოველ შემთხვევაში დეტალების არარსებობა არაერთ შეკითხვას გვიჩენს. ვფიქრობთ ქუთაისში მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის საფუძველი ჯერჯერობით არ არის მომზადებული და მინიმუმ 20 წელი ასეთი მასშტაბის პროექტისთვის ქალაქი მოუმზადებელია. ქალაქის მომავლისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ქალაქის საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსის მინიჭება უკეთესი იქნებოდა“ – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

commersant.ge

0
0
(Visited 397 times, 1 visits today)

კომენტარები