‘ბიზნესმენი ახლო ხედით’, -გიგა ჩხობაძე

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი კომპანია ,,ექსტრა მითი“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი გიგა ჩხობაძეა. ის 2008 წლიდან ძმასთან ერთად ხელმძღვანელობდა ოჯახურ ბიზნესს ხორცპრდუქტების წარმოების მიმართულებით, ხოლო 2010 წელს აღნიშნულ სფეროში მომუშავე უფრო დიდ საწარმოს შეუერთდა. ამჟამად, მაღალი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ კომპანიაში 150-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია ,,ექსტრა მითი“ მომხმარებელს 70-80 დასახელების პროდუქტს სთავაზობს. პროდუქტების სიას 2015 წლიდან ნახევარფაბრიკატებიც დაემატა. კომპანია ,,ექსტრა მითი“ 12 გამარჯვებულს შორის მოხვდა ,,წლის ბიზნესი 2015“- ის დაჯილდოვებისას.

,,დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად აქტიურად ვიყო, მაგრამ კვირა დღეს ვიყენებ ამისთვის. 10-12 წლის ასაკიდან მამას დავყვებოდი სანადიროდ და დღესაც ტრადიციად გვაქვს-ხშირად დავდივართ მე, მამა და ჩემი ძმა. საერთოდ მიყვარს ბუნებაში ყოფნა და ამ ბოლო დროს განტვირთვისთვის მივმართავ ოფროუდს,“-განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში გიგა ჩხობაძემ.

გიგა ჩხობაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო – 18 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა. მამის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დედას უწევდა ოჯახზე ზრუნვა, მაგრამ ტრამვა მოუვიდა-დაიწვა და თითქმის ერთი წელი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. ამიტომ, მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ მუშაობა რომ ოჯახი გვერჩინა. მცირე კაპიტალით შევქმენით კერძო ბიზნესი-ვეწეოდით ხორცის დისტრიბუციას. 22 წლის ასაკში შემოვედი ,,ექსტრა მითში“ პარტნიორად და დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ჩემმა პარტნიორმა გიორგი ტურაბელიძემ რისკი გასწია ახალგაზრდა ადამიანს ასე რომ ენდო, მაგრამ დღეს უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად შევძელით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ჩამოგვეყალიბებინა.

პირველი ხელფასი იყო – დღეს, როგორც კომპანიის დირექტორს მაქვს ხელფასი, თუმცა თავიდან ხელფასზე არ მიმუშავია. ინდ მეწარმე ვიყავი და მიღებულ მოგებას ისევ ბიზნესის განვითარებაში ვდებდი.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო -საინჟინრო ტექნოლოგიური დავამთავრე,თუმცა ამ მიმართულებით არც არასდროს მიმუშავია და არც დამჭირვებია. ახლა ისევ სტუდენტი ვარ- ბიზნესის ადმინისტრირებას და მენეჯმენტს ვსწავლობ და ალბათ, ამ გადასახედიდან, თავიდანვე ამას ავირჩევდი.

სამსახურში მივდივარ 10 საათზე, მაგრამ დამთავრების დრო არ მაქვს განსაზღვრული. თუმცა დაოჯახების შემდეგ ვცდილობ, ცოტა ადრე დავბრუნდე შინ, 9-ზე მაინც.

სამსახურში დღეს ვიწყებ საქმით. ჩვენთან სხვადასხვა მიმართულებებია და თითოეულ დღეს ვხვდები მენეჯერებს რომელიმე მიმართულებიდან, ვაჯამებთ განვლილ დღეებს და ვადგენთ მომდევნო დღეების სამუშაო გეგმას.

როცა პენსიაზე ვიქნები- 30 წლის ასაკში ცოტა ძნელია ამაზე ფიქრი და სიმართლე გითხრათ, არც დავფიქრებულვარ. ალბათ ჩემი შვილი გააგრძელებს ჩემს დაწყებულ საქმეს და უფრო განავითარებს. მე კი მექნება ერთი პატარა ქოხი ბუნებაში, მდინარის პირას და იქ ვიცხოვრებ მშვიდად.

ყველაზე მეტად მეშინია ალბათ ორი რამის- რაიმე გაუთვალისწინებელი და გლობალური არ მოხდეს, რომ ჩემს მეორე ოჯახს-სამსახურს საფრთე შეექმნეს და მეორე-ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები რომ კარგად იყვნენ.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა- ვფიქრობ, რაც მინდოდა უკვე გავაკეთე და მას ნელ-ნელა ვანვითარებ.

კარიერის მისაღწევად საჭიროა – პირველ რიგში მოტივაცია და მონდომება და მერე საქმის სიყვარული-არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ და რა პოზიციაზე იმყოფები. მთავარია საქმისგან სიამოვნება მიიღო და პრაქტიკულ ცოდნას ნელ-ნელა შეიძენ.

საყვარელი სადღეგრძელო- მეგობრობის და სიყვარულის სადღეგრძელო, ორივეს დიდ პატივს ვცემ.

ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით და ტელევიზიით. საგანმანათლებლო კუთხით ვიწერ სხვადასხვა წიგნებს.

ახლა ვკითხულობ-წიგნს მენეჯმენტის მიმართულებით- ,,შეჭამე ბაყაყი”.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი- საქართველო და ქალაქი ქუთაისი. არასდროს მიფიქრია აქედან წასვლაზე.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ-სამუშაო საათებში სამსახურში და შემდეგ უკვე სახლში.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა-ადრე ნიჩბოსნობაში ვვარჯიშობდი, თუმცა ასე გამორჩეულად საყვარელი სპორტის სახეობა ან სპორტსმენი არ მყავს.

საყვარელი ფილმი- ფილმების ყურება მიყვარს. ძირითადად ისტორიული ფილმების, თუმცა დაოჯახების შემდეგ ხშირად ვუყურებ ფილმებს დრამის ჟანრიდან.

წყარო:http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 67 times, 1 visits today)

კომენტარები