“არგო”, – მუსიკალური ჯგუფი თავისუფალი სტილით ვანიდან

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით “არტ”-ი. რუბრიკის მიზანს მკითხველისა და საზოგადოებისათვის იმერეთის რეგიონსა და ქუთაისში, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებული და საინტერესო ადამიანების ახლოს გაცნობა წარმოადგენს. “არტ”-ი ამჯერად ჯგუფ “არგო”-ს გაგაცნობთ.

მეოთხე წელია, რაც ვანის მუნიციპალიტეტში არსებული მუსიკალური ჯგუფი ”არგო” მსმენელს საკუთარ შემოქმედებას სთავაზობს. თემა თავისუფალია და ჯგუფის შემოქმედება რომელიმე კონკრეტული სტილითა თუ მიმდინარეობით არ შემოიფარგლება. ჯგუფში ათი მუსიკოსია, რომელთა სურვილია, რომ რეპერტუარი ფართო მასებზე გათვლილი და სასიამოვნო მოსასმენი იყოს.

ჯგუფ “არგო”-ს წარმომადგენელი გიგა ბუბუტეიშვილი topnews.com.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათ გამოჩენას ვანელი მსმელენისა და რაიონის ხელისუფლებისაგან დადებითი შეფასება მოჰყვა. მოსახლეობამ მათი შემოქმედება სიყვარულითა და სიხარულით მიიღო, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჯგუფ ”არგო”-ს წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზე საუბრისაგან თავს იკავებენ. თუმცა მსმენელს უმხელენ, რომ ძალიან მალე დაიწყებენ იმერეთის ტურნეს, რომლის წარმატებით დამთავრების დიდი იმედი აქვთ.

წყარო: topnews.com.ge
0
0
(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები