სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > ვანი > ვანში აზიური ფაროსანასგან თავდაცვის მიზნით, სიმინდის ყანები შეიწამლება

ვანში აზიური ფაროსანასგან თავდაცვის მიზნით, სიმინდის ყანები შეიწამლება

730 ნახვა

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. თათბირს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ივანე სანადირაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სოფლებში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

უახლოეს დღეებში სოფლებში დაიწყება სიმინდის ყანების შეწამვლა. პირველ ეტაპზე შეიწამლება სიმწიფის ფაზაში (ტაროს ჩამოყალიბების პროცესში) მყოფი სიმინდი. საბოლოო ჯამში კი შეიწამლება მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სიმინდის ყველა ფართობი. პარალელურად ადმინისტრაციულ ერთეულებში ინტენსიურად მიმდინარეობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. შეწამვლითი სამუშაოები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ზარალი.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბში შექმნილია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომლის წევრებიც სოფლებში, ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას.

დღეს ვანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: საპრასიაში, უხუთსა და გადიდში, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობა იყო აზიური ფაროსანას გავრცელების კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერი მანანა კერესელიძე ჩავა, რომელიც პირადად ადგილზე შეისწავლის ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას.

მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ტრადიციულად ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება, რაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს.

 

წყარო: topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *