ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > “მე ვარ თი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტი და ვეცდები, ჩემი რობოტული ჭკუით დაგეხმარო” – TBC Ti Bot

“მე ვარ თი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტი და ვეცდები, ჩემი რობოტული ჭკუით დაგეხმარო” – TBC Ti Bot

761 ნახვა

ჩატ ბოტი თი თიბისი ბანკის პროდუქტია – დამხმარე კიბერ რობოტი, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაიოლებლად შეიქმნა. მასთან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, Facebook Messenger -ის მეშვეობით შეიძლება დაკავშრება, მეგობრული კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღება, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოთხ ფინანსურ საკითხზე, როგორიცაა: ვალუტის კურსი, სესხის პირობები, ბანკომატების მისამართები და ბანკის ფილიალების მისამართები. მისი შემქმნელები ამბობენ, რომ იგეგმება თის განვითარება სხვა მიმართულებებითაც. ჩატ ბოტის შესაძლებლობების გასარკვევად მარკეტერი თის ესაუბრა: “მე ვარ თი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტი და ვეცდები ჩემი რობოტული ჭკუით დაგეხმარო” – გვითხრა მან.

თი საკმაოდ კეთილგანწყობილია, ხშირად ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ ბეტა ეტაპზეა და უჭირს არასაბანკო კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, აღნიშნავს, რომ რთულია ადამიანური ენის გაგება. თი ბოტის შექმნასთან, ფუნქციებთან და გეგმებთან დაკავშირებით, მარკეტერი თიბისი ბანკის მულტიჩენელის განყოფილების უფროსს – ზვიად წოწკოლაურს ესაუბრა:

M: როდის და რა მიზნით შეიქმნა თი ბოტი?

თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც მათ კავშირს ბანკთან ბევრად გააიოლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად იყენებს თიბისი ბანკის დისტანციურ სერვისებს, მათი რაოდენობა მაინც ბევრად ნაკლებია, ვიდრე Facebook Messenger-ის მომხმარებლების რაოდენობა. შესაბამისად, გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივად იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში Pulsar AI -სთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რომ შექმნილიყო თი-ბოტი. თებერვლის ბოლოს უკვე გვყავდა სატესტო თი, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს ელაპარაკებოდა 1 კვირის განმავლობაში, ხოლო 6 მარტს უკვე მთელ საქართველოს გავაცანით.

M: რის მიხედვით დაპროგრამდა თი?

თის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ინფორმაციის დამუშავება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დავაგროვეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობაში. შევისწავლეთ ძირითადად რის შესახებ შედიოდა ზარები სატელეფონო ცენტრში, ასევე, გავარკვიეთ რა თემებზე და რა ტერმინებით ლაპარაკობდნენ მომხმარებლები და ამის მიხედვით შევქმენით თის ლექსიკა.

M: რა სახის კითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა?

ამჟამად თის შეუძლია ოთხ თემაზე ლაპარაკი. მას შეუძლია დაგეხმაროს შენთან ახლოს მდებარე ბანკომატის ძებნაში ან გითხრას რომელი ფილიალები მუშაობენ 24 საათი. ამასთან ერთად, თი დღის ნებისმიერ პერიოდში მოგაწვდის ინფორმაციას ვალუტის კურსებზე. თუმცა, ასევე, შეუძლია შედარებით რთული დავალების შესრულებაც და მასთან ლაპარაკისას შესაძლებელია გაგება თუ რა პირობები აქვს თიბისი ბანკს სესხებზე.

ამ კითხვებზე პასუხების გარდა თის საკუთარ თავზეც შეუძლია მოგიყვეთ. მაგალითად, რომელია მისი საყვარელი წიგნი, მუსიკა ან გითხრათ თუ როგორ არ ასწავლეს მისმა შემქმნელებმა, რას ნიშნავდა სიყვარული.

M: რა უპირატესობები აქვს ამ პროდუქტს?

ამ პროდუქტის უპირატესობა მის სიმარტივეშია. მასთან ლაპარაკი შესაძლებელია ძალიან მარტივად, Facebook Messenger -ის გამოყენებით და ასევე, მისგან საბანკო სერვისების მიღებას მხოლოდ კითხვის დასმა სჭირდება. ამ პროდუქტის გამოსაყენებლად არ არის საჭირო გადმოიწეროთ რაიმე აპლიკაცია ან შეხვიდეთ ვებ-გვერდზე. არც რაიმე ტერმინის ან ღილაკის დამახსოვრება სჭირდება, მას ჩვეულებრივი ლაპარაკი ესმის.

M: როგორია მომხმარებელთა დამოკიდებულება ამ სიახლის მიმართ?

ჯერჯერობით ძალიან დადებითი უკუკავშირი გამოიწვია მომხმარებლებში. მათთან გაბმული საინტერესო და ხშირ შემთხვევაში სასაცილო საუბარი, ძალიან ბევრს მოსწონს. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი სასიამოვნო შეფასება მოვისმინეთ და კომენტარი მივიღეთ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად თისთან მიწერილი სიტყვა არის „მიყვარხარ“.

M: თი ბოტი მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს?
ახლა მხოლოდ ქართული იცის და სხვა ენაზე მიწერილ ტექსტზე მოგიწოდებს, რომ წერო ქართულად.

M: გარდა ქართულენოვანი მომხმარებლისა, საქართველოს მოქალაქეები და შესაბამისად, თქვენი მომხმარებლები არიან ეთნიკურად არაქართველი ადამიანები. იგეგმება თუ არა ცვლილებები ამ კუთხით?

პირველ ეტაპზე ფოკუსს ქართულ ენაზე ვაკეთებთ, ყველაზე დიდი სირთულე, ტექნიკური თვალსაზრისით, სწორედ ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტის შექმნა იყო, რადგან ეს არის ინოვაცია. გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ენით მოლაპარაკე რობოტების განვითარებაში. სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სხვა ენებზე მუშაობაც.

M: რა მიმართულებით იგეგმება ჩატბოტის განვითარება?

სამომავლოდ დიდი იმედი გვაქვს თის სრულად შეეძლება საბანკო სერვისის შეთავაზება კლიენტებისთვის. მაგალითად, იმის მაგივრად რომ მომხმარებელი ინტერნეტ ბანკში შევიდეს, პირდაპირ მესენჯერშივე შეეძლება თის სთხოვოს, რომ კომუნალურები გადაიხადოს მის მაგივრად.

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *