ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2019
Home > oops სიახლეები > VR House – Vირტუალური გართობა Rეალური შეგრძნებებით

VR House – Vირტუალური გართობა Rეალური შეგრძნებებით

825 ნახვა

რას იტყოდით ასეთ გართობაზე, მაგალითად, ნიუ-იორკის ერთ-ერთი შენობის სახურავიდან ხტებით ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, ოღონდ გარანტია გაქვთ იმისა, რომ აუცილებლად ჯანმრთელი და ბედნიერი გადარჩებით, ან ჯუნგლებში მიაბოტებს რომელიმე თქვენგანი მშვილდისარმომარჯვებული და ზურგი ეწვის მოწინააღმდეგის მოახლოებაზე. ანდაც, „ამერიკულ მთებზე“ წივილ-კივილით სრიალდები, საბოლოო წრის შემდეგ კი იხსნი სათვალეს და აღმოჩნდები, არც მეტი, არც ნაკლები – ოთახში, უფრო სწორად, ვირტუალური რეალობის სახლში – VR  House-ში. გამოსახულება იმდენად რეალური და შთამბეჭდავია, ზოგიერთი ჩვენგანი ვირტუალურ სამყაროშიც კი ვერ ბედავს წინააღმდეგობების გადალახვას და შენობიდან გადმოხტომის ნაცვლად, ტრამპლინიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იხევს უკან. საქართველოში VR House-ის დამფუძნებლები მიშო ბერიანიძე და გიორგი ჩუგოშვილი არიან. მარკეტერი ესაუბრა მიშო ბერიანიძეს იმაზე, თუ საიდან გაჩნდა დაარსების იდეა და რას გვთავაზობს VR House მომხმარებლებს.

გიორგი ჩუგოშვილი, მიშო ბერიანიძე

M: მიშო, გაგვეცანი, რა გამოცდილებით ჩაუდექი სათავეში VR House-ს ?
ვარ 24 წლის, პროფესიით, კომპიუტერული გრაფიკოსი სამგანზომილებიან მოდელირებასა და ანიმაციაში, ვიყავი Google Developers Group of Tbilisi- ის თანაორგანიზატორი. ბავშვობიდანვე მიზიდავდა კომპიუტერული ტექნოლოგიები და ვირტუალური სამყარო, რომლის შემქმნელიც შემეძლო, ვყოფილიყავი და ყველანაირი ფანტაზია ამესრულებინა, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე.

M: რამ მიგიყვანა VR House-ის დაარსებამდე და გაამართლა, თუ არა იდეამ?
იდეა მას შემდეგ მომივიდა, რაც ნიუ-იორკში გამოვცადე HTC Vive -ის სათვალე. სწორედ მანდ გამიჩნდა სურვილი, გამეზიარებინა სხვებისთვის ის სიამოვნება, რაც მე განვიცადე. საქართველოში რომ ჩამოვედი, ჩემს პარტნიორთან, გიორგი ჩუგოშვილთან ერთად დავაარსე კომპანია VR House, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ჩვენი მომხმარებლების რაოდენობითა და  დაინტერესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა.

M: საქართველოში რამდენი ფილიალი გაქვთ და რამდენი ადამიანია დასაქმებული?
ამჟამად, გვაქვს ორი ფილიალი: გლდანი სითი მოლისა და თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრებში, სადაც ჯამში, 20-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

M: რას სთავაზობს VR House მომხარებელს?
ყოველდღე, 10-დან 22:00-მდე, მსოფლიო ბაზარზე არსებული სამივე საუკეთესო სათვალითა (HTC Vive, Oculus rift, Sony PSVR ) და 50-მდე სხვადასხვა ჟანრის თამაშებით გართობას, რომელიც გათვლილია როგორც Singleplayer, ასევე Multiplayer თამაშებზე, ამასთან, ყველა თამაში არის ოფიციალურად ნაყიდი.

M: რამე სიახლე თუ გაქვთ დაგეგმილი უახლოეს მომავალში?
თებერვლის ბოლოს, თბილისი მოლში გაიხსნება ყველაზე დიდი ვირტუალური რეალობის გასართობი სივრცე არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც.


წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *