პარასკევი, ნოემბერი 22, 2019
Home > საიხლეები > მშრალი შამპუნი – ევროპაში აღმოჩენილი საქართველოსთვის უცნობი პროდუქტი

მშრალი შამპუნი – ევროპაში აღმოჩენილი საქართველოსთვის უცნობი პროდუქტი

990 ნახვა

ახალგაზრდა პროგრამისტებმა, იულია თვალაბეიშვილმა და თამთა კირთაძემ მშრალი შამპუნის შესახებ ევროპაში გაიგეს, საქართველოში დაბრუნებისას კი აღმოაჩინეს, რომ ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. მათ გადაწყვიტეს, ეს სიახლე ქართული საზოგადოებისთვისაც გაეცნოთ და საკუთარი სტარტაპი შექმნეს. მეგობრებმა თავიანთი პირველი ბიზნესი პროფესიული, თუ პრაქტიკული ცოდნის გარეშე წამოიწყეს, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ პროდუქტით მომხმარებლების დაინტერესებას შეძლებენ. იულიამ და თამთამ მარკეტერთან ისაუბრეს, თუ რა არის მშრალი შამპუნი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.

მარცხნიდან: იულია თვალაბეიშვილი, თამთა კირთაძე

მარცხნიდან: იულია თვალაბეიშვილი, თამთა კირთაძე

M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ, რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებლებს?

თამთა:  ჩვენ  ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციას, რომელიც ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ არის ცნობადი. “დიდ ქალაქებში”, მას ქალები მე–20 საუკუნის დიდ გამოგონებას უწოდებენ. იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც მშრალი შამპუნის გამოყენება დავიწყეთ. ჩვენ ეს პროდუქტი ევროპაში ვნახეთ და შეგვიყვარდა. 4 თვის გამოყენების შემდეგ მივხვდით, რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. რამდენიმე თვეში აღმოვაჩინეთ, რომ  მსგავსი პროდუქტი საქართველოში არ იყიდებოდა და გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი გამოგვესწორებინა.

საკმაოდ კარგად ვიცნობთ ამ პროდუქტს და გვჯერა მისი წარმატების. გამოცდილება ამ სფეროში ნაკლებად გვაქვს. ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, დებიუტია ამ მხრივ, თუმცა გვჯერა, იმედგაცრუებით არ დამთავრდება.

მშრალი შამპუნი

M: რა არის მშრალი შამპუნი და რა უპირატესობა აქვს სხვა შამპუნებთან შედარებით?

იულია:  მშრალი შამპუნი სპრეია, რომელიც რამდენიმე შესხურებით ცხიმს აქრობს თმიდან და მას მოცულობას ანიჭებს (აძლევს  fresh ეფექტს წყალთან კონტაქტის გარეშე). განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი. მშრალი შამპუნი შეუდარებელია მაშინ, როდესაც სახლიდან უცბად გიწევს  გაქცევა, ან ინტენსიურად  ვარჯიშობ და თმის გაცხიმიანება არ გინდა, როდესაც მოგზაურობ (იქ კი, სულ გზაში ყოფნა თავის დაბანისთვის სრულიად მოუხერეხბელია), ან როცა ლაშქრობაში, თუ ფესტივალზე ხარ და თმის დაბანის საშუალება არ არის. ის მომხმარებელს სთავაზობს კომფორტს, თან სწრაფად, რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.

ზოგადად, კვირაში 2-ზე მეტად თმის დაბანა  არ არის რეკომენდირებული, რადგან ზედმეტად წყალთან კომუნიკაცია თმას ასუსტებს.  სწორედ ამიტომ, მშრალი შამპუნი, უბრალოდ, პრობლემის მარტივი გადაწყვეტაა.

M: ვისთვისაა განკუთვნილი ?      

იულია:  მშრალი შამპუნი ძალიან კომფორტულია, როგორც დატვირთული გრაფიკით მომუშავე დაკავებული ქალბატონებისთვის ასევე მოუცლელი დედებისთვის. თუმცა, მამაკაცებიც საკმაოდ აქტიური მომხმარებლები არიან.  მშრალ შამპუნს რეკომენდაციას ბევრი ცნობილი ადამიანი უწევს და საკმაოდ გავრცელებული და “must have” პროდუქტია ევროპასა და ამერიკაში.

მშრალი შამპუნი

M: რა სირთულეები შეგხვდათ?

იულია:  სირთულეები არის რა თქმა უნდა. ხალხის აზრი ორაზროვანია, ნაწილს აქვს მცდარი შეხედულება, რომ მშრალი შამპუნის გამოყენება არაჰიგიენურია.  ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება დეტალურად ავუხსნათ ყველაფერი პროდუქტთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებით.

M: რამდენად დიდი მოთხოვნა ამ პროდუქტზე და სად შეიძლება მისი შეძენა?

თამთა: იქედან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი ჯერ საქართველოში არ იციან, საკმაოდ რთული იყო დაწყება. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდით, თუმცა ხალხის ინტერესი და კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. ასე რომ, დიდი იმედი გვაქვს, ბევრი გამოცდის მშრალ შამპუნს და კმაყოფილი დარჩებიან ჩვენი მომსახურებით.

ამჟამად ჩვენს პროდუქციას ვყიდით სოციალური ქსელით და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სალონში განვათავსეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ ხალხს დავაინტერესებთ ჩვენი ახალი წამოწყებით და სრულიად ახალი პროდუქციით, რომლის დამსახურებული ფუძემდებლებიც ჩვენ ვიქნებით საქართველოში.

 

მშრალი შამპუნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *