Home > საინტერესო ფაქტები > მკვლევართა მტკიცებით, ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო „ექვსკუთხა ღრუბლებში“ იმალება

მკვლევართა მტკიცებით, ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო „ექვსკუთხა ღრუბლებში“ იმალება

694 ნახვა

მეცნიერთა ჯგუფი ირწმუნება, რომ მათ აქვთ პასუხი კითხვაზე, რომელზეც სამეცნიერო საზოგადოება ათწლეულებია თავს იმტვრევს — რა ხდება საიდუმლოებით მოცული ბერმუდის სამკუთხედის თავს? ახალი მოსაზრების თანახმად, ატლანტის ოკეანის ამ სამკუთხა, საშიში რეგიონის იდუმალება შესაძლოა ე.წ. „აირის ბომბების“ მიერ წარმოქმნილი უცნაური „ექვსკუთხა ღრუბლებით“ აიხსნას. 

Science Channel-ის ცნობით, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის სანაპირო ღრუბლების თანამგზავრულ ფოტოებზე დაკვირვებისას, მეტეოროლოგებმა ღრუბლებში უცნაური ექვსკუთხა ნაპრალები შენიშნეს, რომელთა ზომაც 88 კილომეტრს აღწევდა.

„ოკეანეებში, ექვსკუთხედის ფორმის წარმონაქმნები ჰაერის ერთგვარი ბომბებია. ისინი ე. წ. მიკროაფეთქებების შედეგად წარმოიშვება და წარმოადგენს ჰაერის ნაკადს, რომელიც ღრუბლის ფსკერიდან დაბლა მიემართება და ოკეანეს ურტყამს, რის შედეგადაც დიდი ზომის ტალღები წარმოიქმნება“, — უთხრა Science Channel-ს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგმა, დოქტორმა რენდი კერვენიმ.

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ „აირის ბომბებს“ შეუძლიათ 273 კმ/სთ სიჩქარის ქარების წარმოქმნა, რაც შესაძლოა ყურადსაღები იყოს ისეთი მოვლენების ასახსნელად, რომელიც ამ რეგიონიდან ხშირად ისმის — გემების უეცარი გაქრობა და ა. შ.

თუმცა, აღნიშნულ მეცნიერებს თავიანთი „ექვსკუთხა ღრუბლების“ თეორიის დასამტკიცებლად ხელჩასაჭიდი არაფერი წარმოუდგენიათ, მაგალითად თუ რატომ ან როგორ წარმოიქმნება ისინი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არც იმ მოვლენათა დამამტკიცებელი ბევრი ცნობა არსებობს, რომელთა შედეგადაც ბერმუდის სამკუთხედს ასეთი საშინელი რეპუტაცია აქვს.

მომზადებულია iflscience.com-ის მიხედვით 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *