შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა – სასულიერო პირის კომენტარი “ბრჭყვიალა გიფებზე”

სოციალურ ქსელში დღესასწაულების “გიფებით” და სურათებით მილოცვა უკვე “ფეისბუქის” ტრადიციად დამკვიდრდა. ინტერნეტმომხმარებლები ხშირად აპროტესტებენ “ბრჭყვიალა გიფებს” და დაკოპირებულ მილოცვის ტექსტებს, თუმცა “ფეისბუქ-ფრენდები” მაინც გზავნიან და გზავნიან მათ…

მსგავსი მილოცვის ტექსტებით სოციალური ქსელი დღესაც აჭრელდა – წითელ პარასკევს, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს. შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა? – ამ საკითხზე განმარტება წმინდა მოწამეთა, კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ლევან ალადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის თემის” ეთერში გააკეთა:

“წითელი პარასკევის მილოცვა უხერხულია… მაშინ, როცა გლოვის და განცდის დღეა… თუმცა, თუ სიღრმეებში ჩავალთ და გავიაზრებთ ამ დღის მნიშვნელობას, იოანე ოქროპირის სიტყვებს დავესესხები – როცა უყურებ ჯვარცმას, ჯვარცმულ მაცხოვარს, ჩვენ გვახსენდება ძლევა ჯოჯოხეთზე, სიკვდილზე, ის რომ კაცობრიობას განეღო სასუფევლის კარი ჯვარცმით… თუ ამ კუთხით გავიაზრებთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა მისალოცი იყოს, თუმცა ზედაპირულად მილოცვა, წითელ პარასკევს, ყველაზე მძიმე მარხვაში, სამგლოვიარო დღეს, არ არის მართებული. მით უმეტეს გიფებით, ზედაპირულად. ჩემი პირადი პოზიციით, ზოგადად ამ ფორმით მილოცვა, არ არის კორექტული, რადგან მოკლებულია სიღრმეს და ემოციას” – განმარტა მამა ლევან ალადაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ადამიანებს თავი ქრისტიანებად მიაჩნიათ, თუმცა ქრისტიანის ცხოვრებით არ ცხოვრობენ:

“გულდასაწყვეტია, როცა ადამიანი თავის თავს ქრისტიანს უწოდებს და სინამდვილეში შორსაა იმისგან, რაც გვასწავლა ქრისტემ. მინდა სამწუხარო ფაქტი აღვნიშნო – ჩვენ გვქვია ქრისტიანები, მაგრამ ვცხოვრობთ არაქრისტიანულად, წარმართულად. თუ გვინდა ვიყოთ ქრისტიანები, აუცილებელია ვიკითხოთ სახარება, სახარება არის ქრისტიანობის სახელმძღვანელო. უნდა დავნერგოთ ის ცნებები ჩვენს ცხოვრებაში, რასაც გვასწავლის უფალი. აუცილებელია ქრისტიანი ეზიარებოდეს, ზიარების გარეშე წარმოუდგენელია ქრისტიანი. ადრე უზიარებლობა იყო სასჯელი და დღევანდელი ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობს უზიარებლად, რაც რეალურად უდიდესი სასჯელია ქრისტიანისთვის… მინდა ყველა მორწმუნეს ვუთხრა, ვინც თავს მორწმუნედ თვლის, ვისაც წამს გულით, იკითხეთ სახარება, ეზიარეთ, ილოცეთ…

მინდა ვუსურვო ყველა ქრისტიანს, ყველა ადამიანს ზიარებოდეს ქრისტეს მაცხოვნებელ, წმინდა მოძღვრებას, ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს რაც არის კავშირი, ერთობა ქრისტესთან და რის გარეშეც ჩამოშორებული ვართ ეკლესიასაც და ქრისტესაც…” – აღნიშნა მღვდელმსახურმა.

წყარო : ambebi.ge

0
0
(Visited 129 times, 1 visits today)

კომენტარები