ვინ იყო ქალი, რომელმაც Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ 3 ადამიანი დაჭრა – ახალი დეტალები

ცნობილია ქალის ვინაობა, რომელმაც კალიფორნიაში, YouTube-ის შტაბბინაში ცეცხლი გახსნა, CNN-ის ინფორმაციით, ის ნასიმ აგდამია. სროლის დროს სამი ადამიანი დაიჭრა.

თავდამსხმელმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა, თუმცა სან ბრუნოს პოლიციის ხელმძღვანელის, ედ ბარბერინის თქმით, გამოძიება მხოლოდ ახლა იწყება.

„ჩვენ ახლა ძალიან ცოტა რამ ვიცით და სავარაუდოდ, ხვალ დილამდე ბევრი არც არაფერი გვეცოდინება,“ – განაცხადა ბარბერინიმ.

მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა ის დაჭრილი არ არის.

CNN-ის წყაროების განცხადებით, თავდამსხმელი მის მიერ დაჭრილთაგან სულ მცირე ერთ ადამიანს იცნობდა. მისი მოტივი უცნობია.

სან-ფრანცისკოში მდებარე საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათ სამი პაციენტი მიიღეს – მათგან ერთ-ერთის, 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილია კიდევ ორი ქალი – 32 და 27 წლის.

შემთხვევა Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

დეილი მეილი“ წერს, რომ თავდასხმამდე 39 წლის ნასიმ აგდამის მამამ გააფრთხილა პოლიცია, რომ მისი შვილი ორშაბათს სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ასევე, სამართალდამცველებს უთხრა, რომ მის შვილს სძულდა კომპანია „იუთუბი“.

პოლიციამ დაადასტურა, რომ სამშაბათს აგდამი მანქანაში მძინარე იპოვეს, პარკინგზე.

„ჩვენი ოფიცრები მას გაესაუბრნენ. ქალმა დაადასტურა საკუთარი ვინაობა და გაგვცა ყველა კითხვაზე პასუხი. ოჯახს შევატყობინეთ, რომ ის ვნახეთ,“ – აცხადებენ პოლიციაში.

ისმაილ აგდამი ამბობს, რომ მისი შვილი ვეგანი აქტივისტი იყო და ძალიან უყვარდა ცხოველები. ის „იუთუბის“ აქტიური მომხმარებელი იყო – განათავსა უამრავი ვიდეო ცხოველებზე, ვეგანური საკვების მომზადებაზე, ფიზიკური აქტივობის შესახებ… თუმცა, მისი ბოლოს ატვირთული ვიდეო „იუთუბმა“ დაბლოკა. ნასიმი ამბობდა, რომ 5 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა, თუმცა „იუთუბის“ ფილტრების გამო მისი ვიდეოების ნახვები ძალიან შემცირდა.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელებში ნასიმის ყველა გვერდი გაუქმდა, მათ შორის „იუთუბის“ არხიც.

0
0
(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები