„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტი „მალეო“ – ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

7 თებერვალს, „საქართველოს ფოსტამ“ საზოგადოებას ახალი პროდუქტი – „მალეო“ წარუდგინა, რომელიც უზრუნველყოფს უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ნივთების შეძენასა და ტრანსპორტირებას, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე – maleo.ge, მონაცემის შევსების შემდეგ კი, მიღებული მისამართი გამოიყენოს სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიიდან შეძენილი ნივთების მისაღებად. ამ ეტაპზე, „მალეო“ Ebay-ს, Amazon-ისა და AliExpress-ის ონლაინ მაღაზიებს აერთიანებს, თუმცა, როგორც „საქართველოს ფოსტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ნოკა ბაინდურაშვილმა მარკეტერთან საუბრისას განაცხადა, იგეგმება სხვა ონლაინ მაღაზიების დამატება, ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. გარდა ამისა, „ამ ეტაპზე, მხოლოდ ამერიკიდან ხდება ჩამოტანა, თუმცა, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნებიდანაც“, – გვითხრა მან.

„ჩვენ შევქმენით სამართლებრივად გამართული, ერთიან სტრუქტურაში ჩამოყალიბებული ელექტრონული სერვისი „მალეო“, რომელიც მომხმარებელს შეუქმნის განსაკუთრებულ ფასეულობებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, შეიძინოს სასურველი პროდუქცია და შეუფერხებლად მიიღოს მისამართზე. ასევე, ვმუშაობთ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას: იმპორტს, ექსპორტს და ქვეყნის შიდა ელექტრონულ კომერციას. რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოონ თავიანთი პროდუქციის ონლაინ გაყიდვები და ამისათვის გამოიყენონ ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმა, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს ნებისმიერ ქვეყანაში მათი პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდებას. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე”,- განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა – ლევან ჩიკვაიძემ.

0
0
(Visited 62 times, 1 visits today)

კომენტარები