სხვისი ქონების მითვისებაში ბრალდებული მევახშე სასამართლომ გაამტყუნა

კერძო იპოთეკარი, რომლის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამტყუნა. სასამართლომ ბათილად ცნო აღნიშნული იპოთეკარის მიერ მოტყუებით გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქუთაისში მცხოვრები ჯიშკარიანების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე რჩებოდა.

„მევახშემ” მოტყუებით დადო გარიგება პირთან და ამით ცდილობდა ქონების მიტაცებას. საქმე ეხება 3 შვილმკვდარ დედას და მის ოჯახს, რომელთაც გამოსახლება ემუქრებოდათ. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა და არ გააუქმა მოტყუებით დადებული გარიგება. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა ეს ხელშეკრულება და უძრავი ქონების მესაკუთრედ დაასახელა მისი ნამდვილი მესაკუთრე და არა ,,მევახშე” ,“ – ამბობს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე.

კერძო მევახშის ერთ-ერთი „მსხვერპლი“ ია კოხრეიძე იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმების დეტალებს იხსენებს.

„ამ სახლიდან ჩემი სამი შვილი გასვენდა. წლების განმავლობაში არაერთ იპოთეკართან მქონდა ურთიერთობა, რადგან ჩემი შვილების სამკურნალოდ თანხა მჭირდებოდა. გასული წლის ნოემბერში მაკლერმა ერთ-ერთ კერძო იპოთეკარს რუსუდან ჭეფხოძეს დამაკავშირა. ჭეფხოძემ ნახა ჩვენი სახლი და შევთანხმდით, რომ 16 000 დოლარს მოგვცემდა. საჯარო რეესტრში უნდა გაგევეფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება. რომ მოვიდა, თვითონ მოიტანა გამზადებული ხელშეკრულება, ჩემმა დედამთილმა რომ უთხრა, წავიკითხავო, არ წააკითხა უყვირა, 16 000 დოლარზე ვაფორმებთ ხელშეკრულებას და შენს სახლს დებ, ეს არ იციო? როდესაც ჩვენი რიგი მოვიდა და ოპერატორთან დავსხედით, ოპერატორმა უთხრა ჩემს დედამთილს რომ ხელშეკრულების შინაარსს გააცნობდა, რაზეც ჭეფხოძემ ოპერატორსაც უყვირა, შენ ვინ გეკითხებაო. ამის შემდეგ პროცენტის გადახდაზე დამირეკა რამდენიმე დღით ადრე. ოპერაცია გავიკეთე და ფული მჭირდებაო. თანხის მხოლოდ ნახევარი მქონდა იმ დროისთვის და ვიფიქრე, რადგან ავად არის ხელი რომ არ შევუშალო ამ ნახევარს მივცემ-თქო. ეს რომ ვუთხარი, ლანძღვა და ყვირილი დამიწყო, სრულად მინდა პროცენტიო. მაშინ ვუთხარი, რომ ვიდრე პროცენტის გადახდის დღე არ მოვიდოდა, მანამ არც ერთი საათით ადრე, რც ერთ თეთრს მივცემდი. მეორე დღეს თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემგან პროცენტი აღარ უნდოდა და ჩემი სახლი მიჰქონდა,” – ამბობს ია კოხრეიძე.

კერძო იპოთეკარისგან მუქარის შემდეგ, ოჯახმა საჯარო რეესტრში იპოთეკართან გაფორმებული ხელშეკრულება მოიძია. აღმოჩნდა, რომ ჯიშკარიანებს 16 000 დოლარის ნაცვლად, 20 000 დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდათ, ხოლო მათსა და კერძო იპოთეკარს შორის იპოთეკის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

“მოგვატყუა, ხელშეკრულება არ წაგვაკითხა. არც ხელშეკრულების ასლი მოუცია ჩვენთვის. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას სარჩელით მივმართეთ. სარჩელს ჩვენს მსგავსად, ჭეფხოძის თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებული სხვა ოჯახებიც უერთდებიან. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჩვენ მას მის 16 000 დოლარს მივცემთ, მაგრამ ამ სახლს ვერ წაგვართმევს,” – ამბობს ია კოხრეიძე.

0
0
(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები