„ონლაინ-სესხების გამცემი 24 კომპანიიდან ნაწილი გაკოტრდა, ნაწილმა კი პროფილი შეიცვალა“

2017 წელს ონლაინ-სესხების გამცემი 24 კომპანიიდან ნაწილი გაკოტრდა, ნაწილმა კი პროფილი შეიცვალა და სხვა კომპანიასთან გაერთიანდა, — ამის შესახებ „კრედიტინფო საქართველოში“ აცხადებენ. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, წლის დასაწყისში მათთან ხელშეკრულება 50 ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონდა დადებული, ახლა კი ამ რიცხვს 24 ორგანიზაცია გამოაკლდა.

„ზუსტი მონაცემი, ამ 24-დან რამდენი გავიდა ბაზრიდან და რამდენმა შეიცვალა პროფილი, ანუ სხვასთან გაერთიანდა, არ გვაქვს. ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩვენს მონაცემებს ვეყრდნობით. 2016 წლის ბოლოს ჩვენს ბაზაში 50 კლიენტი გვყავდა, ახლა კი ნახევარი აღარ გვყავს. ვერ ვიტყვით, რომ 24-ვე გაკოტრდა, რადგან გაერთიანება გაკოტრებას არ ნიშნავს“, – აცხადებს ალექსანდრე გომიაშვილი.

მისივე თქმით, გაკოტრების ან პროფილის შეცვლის მიზეზი ონლაინ-სესხების ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციები არ არის, რადგან რეგულაციებმა ბაზარი გააჯანსაღა.

„იმ ორგანიზაციებისთვის, ვისაც თავისი პროცესები სწორად ჰქონდა აწყობილი, საკუთარი კლიენტურის შეფასებას ახდენდა და დეფოლტის დონეს აკონტროლებდა, მათთვის ეს დიდად პრობლემატური არ უნდა ყოფილიყო. ხოლო ვინც თავიდანვე რისკიან გადაწყვეტილებებს იღებდა, მათზე უარყოფითად აისახა. რეგულაციებმა ბაზარი გააჯანსაღა. ორგანიზაციები ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ, კლიენტებსაც ნაკლები საპროცენტო განაკვეთი აქვთ გადასახდელი. ბაზრიდან გასვლის მიზეზი ძირითად შემთხვევაში არის შიდა პროცესების არასწორად აწყობა“, – აცხადებს გომიაშვილი.

ფინანსისტ დავით კიკვიძის თქმით, ბაზრიდან ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების გასვლა და ზოგ შემთხვევაში პროფილის შეცვლა ნამდვილად მოხდა, რაც უარყოფითად აისახება და კონკურენციას ამცირებს.

„რეალურად ბაზრიდან ბევრი ორგანიზაცია გავიდა. ამას „კრედიტინფოს“ მონაცემები ადასტურებს. დაახლოებით ეს არის 24 კომპანია და შესაძლოა, მეტიც იყოს. ეს ცუდია, რადგან ბაზარზე კონკურენცია მცირდება. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა შემცირდა, მომხმარებლისთვის ფინანსური ხარჯები კი არ შეცვლილა. მომხმარებელს დიდი ალტერნატივის საშუალება არ ეძლევა და იძულებულია დათანხმდეს იმ პირობებზე, რასაც ესა თუ ის კომპანიები სთავაზობენ“, – აცხადებს კიკვიძე.

ამასთან, მისივე შეფასებით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც 24-მა კომპანიამ ბაზარზე ოპერირება შეწყვიტა ანდა პროფილი შეიცვალა, არის დაწესებული რეგულაციები.

„ზუსტი მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რეგულაციების შემოსვლის შემდეგ, მალევე დაიწყო ასეთი ტიპის ორგანიზაციების ბაზრიდან გასვლა. სხვა მიზეზი არ მგონია, რადგან ფულზე მოთხოვნა საქართველოში ყოველთვის არსებობს. დაწესებული რეგულაციები პირდაპირ აისახება ნებისმიერი კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. მათ კი არ აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ ეს მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილონ და იმ საპროცენტო განაკვეთების საფუძველზე მოახდინონ ოპერირება. ამიტომაც შეწყვიტეს ბაზარზე ოპერირება“, – განმარტავს დავით კიკვიძე.

შეგახსენებთ, ონლაინ-სესხების გაცემის მიმართულებით რეგულაციები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.

გარდა 100%-იანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15%-ის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.

commersant.ge

0
0
(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები