სანდრა რულოვსი სააკაშვილის დაკავებაზე: “ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია, ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები”

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება.

ექს-პრეზიდენტის მეუღლე მიიჩნევს, რომ ახლა, როცა მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა, რათა დაიცვას მისი იდეალები.

“ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები.

აშკარაა, რომ მიშას დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მას ემუქრებოდნენ იმ მომენტიდან, როცა, დაახლოებით 1 წლის წინ, ის ოპოზიციაში გადავიდა. ამ საფრთხეების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლონეთიდან უკრაინაში და

გაეგრძელებინა დაუღალავი ბრძოლა უკრაინისთვის.

რამდენიმე წლის წინ, მიშა თავად უკრაინის ხელისუფლებამ დაპატიჟა უკრაინაში, რათა გაეკეთებინა ის, რაშიც ის საუკეთესოა – ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ამგვარად გამოთავისუფლებული რესურსები მიემართა ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სწრაფ განვითარებას გამოიწვევდა. მას ეს გაკეთებული აქვს საქართველოში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, იგივე, თუ მეტი წარმატებით არა – რამეთუ უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკრაინის წარმატება კი საქართველოს წარმატებაცაა.

როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები არ აღმოჩნდნენ მზად საჭირო რეფორმების გასატარებლად და ქვეყანაში მოდებული კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლისთვის. მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნესინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი – უკრაინული – მოქალაქეობა წაართვა.

ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს. უკრაინელები საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად დაადასტურებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია”, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამომძიებლების შეკითხვებს არ პასუხობს.

 

ambebi.ge

0
0
(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები