ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონებულ რობოტს, მალე აშშ-ში გაეცნობიან

სამშენებლო სამუშაოებისას თუ მღვიმეების შესასწავლი ექსპედიციების დროს, მშენებლებსა და მკვლევარებს მანძილის ან სიღრმის გაზომვა ხელით უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში საფრთხისშემცველია, თუმცა ქუთაისელმა გამომგონებლებმა ამ პრობლემის გადაჭრა “მანძილის მზომი რობოტის” მეშვეობით გადაწყვიტეს.

“მანძილის მზომი რობოტი” – ეს არის პლანშეტიდან, ტელეფონიდან ან სხვა ტექნიკური საშუალებიდან მართვადი რობოტი, რომელსაც მრუდი ტრაექტორიის, მაგალითად, წრეწირის გაზომვა შეუძლია. რობოტი დისტანციურად იმართება, შესაბამისად, დამკვირვებელი, რომელიც მას სიმაღლეებზე, მღვიმეში თუ სხვა საფრთხისშემცველ ადგილზე სამუშაოებისას იყენებს, უბედური შემთხვევისგან აბსოლუტურად დაცულია.

გამოგონება სკოლის მოსწავლეებს – 13 წლის იონა იობიძეს, 17 წლის გიორგი ურატაძესა და 11 წლის ზურა კიკალიშვილს ეკუთვნით, რომლებიც რობოტის პროტოტიპის შექმნაზე მენტორთან დავით სონღულაშვილთან და STEM-ის (გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება) მასწავლებელთან, უტა კილასონიასთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეებმა “ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში” გაიმარჯვეს და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ, უახლოეს მომავალში კი თავიანთი გამოგონებით აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ “და ვინჩის კონკურსში” გამარჯვებულები მიიღებენ.

“ეს გამოგონება ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს და სამუშაო პროცესს უფრო უსაფრთხოსაც გახდის, რადგან კილომეტრების გაზომვა დღეს ხელით უწევთ და რობოტი კი დისტანციურად აკეთებს. როდესაც ადამიანი უცნობ, გამოუკვლეველ მღვიმეში შევა, არავინ იცის, იქ რა შეხვდება, რობოტი კი ამას გაუმკლავდება და არავის სიცოცხლე საფრთხეში აღარ იქნება… გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ძალიან კარგი პროექტები და დიდი კონკურენცია იყო, ამიტომ პირველი ადგილის მოლოდინი არ გვქონდა და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ. სასიხარულოა, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ადგილი ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეებმა გამომგონებლებმა ავიღეთ” – აღნიშნავს პატარა გამომგონებელი იონა იობიძე.

ინოვაციური რობოტის ერთ-ერთ გამომგონებელს, ზურა კიკალიშვილს კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ასაკის სიმცირის გამო არ მიეცა (ის ამჟამად 11 წლისაა). როგორც მისი მენტორი, დავით სონღულაშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს, ზურამ კონკურსის გარეთ დარჩენა ძალიან განიცადა, რადგან მან რობოტის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა, – “ის არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი ბავშვია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა.”

რაც შეეხებათ 13 წლის იონასა და 17 წლის გიორგის, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ გამოყენებითი ფიზიკითა და პროგრამირებით უკვე “მოწამლულები” არიან და კონკურსში გამარჯვება მომავალში მოტივაციის გაღრმავებაში ძალიან დაეხმარებათ:

“იონა იობიძე ძალიან სწრაფად მოაზროვნე ბიჭია, იმდენად სწრაფად აზროვნებს, რომ ამის საუბრით გადმოცემას ვერ ასწრებს, ეს საოცარი პროცესია. მას ათვისების არაჩვეულებრივი უნარი აქვს, რაც ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია. რაც შეეხება გიორგის, მან ძალიან სწრაფად აუწყო ფეხი მუშაობის პროცესს, ძალიან მონდომებული და ინტერესის მქონე ბიჭია,” – აღნიშნავს მენტორი.

დავით სონღულაშვილს კონკურსში გამარჯვებასთან ერთად, სხვა მიზნებიც ჰქონდა დასახული, რასაც, როგორც თავად ამბობს, მიაღწია:

“Stem-ის გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითია, თუმცა შემდეგ ბავშვები თავად წყვეტენ, ეს სფერო მათია თუ არა, საბოლოო ჯამში კი რჩებიან ისინი, ვისაც თუნდაც ასეთი გამოგონების შექმნა შეუძლია. ჩემი მიზანი კი არამხოლოდ კონკურსში გამარჯვება, არამედ მათთვის მიწოდებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ასე გვაკლია. ასეთ კონკურსში გამარჯვება კი ბავშვებს იმის გააზრებაში ეხმარება, რომ კონკრეტულ საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ, მეტი ისწავლონ” – დასძენს სონღულაშვილი.

იონას, გიორგისა და ზურას გამოგონებებთან დაკავშირებით იდეები კიდევ აქვთ, თუმცა ჯერჯერობით არ ახმაურებენ. ისინი თავიანთი გამოგონების საველე პირობებში გამოცდასა და დახვეწას გეგმავენ, რის შემდეგაც, ბავშვები გვპირდებიან, რომ გაცილებით უფრო მრავალფუნქციურ, გამძლე და საინტერესო “მანძილის მზომ რობოტსაც” ვიხილავთ.

ambebi.ge

0
0
(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები