ემიგრანტების იმედად დარჩენილი ეკონომიკა

ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების და, შესაბამისად, უარყოფითი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დასაბალანსებლად. ქართველი ემიგრანტები თავიანთი შემოსავლების დიდ ნაწილს ოჯახებსა და ახლობლებს უგზავნიან, რომელთათვის ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია – ბევრი ოჯახი საქართველოში სწორედ ასეთი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს.

ფულად გზავნილებს, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შინამეურნეობათა მოხმარების სტაბილურობაში. ისინი საქართველოში სამუშაოს უქონელი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფისა და შემოსავლის წყაროა. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო პატარა ქვეყანაა, საიდანაც მიგრანტთა დიდი ნაკადი გაედინება და ამავდროულად, უცხოური ვალუტის მსხვილი ნაკადები შემოედინება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ საკუთარი მოხმარება სრულად უზრუნველყოს ადგილობრივმა შემოსავლებმა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაახლოებით, 1.6 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. სამწუხაროდ, ემიგრანტების დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება. შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, საკმაოდ დიდია სხვადასხვა ქვეყნებში მათი გადაადგილების ინტენსივობა.

რაც შეეხება დაუზუსტებელ სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ირკვევა, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1.6 მილიონ ადამიანს. აქედან ყველაზე მეტი თანამემამულე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც თანამემამულეების რიცხვი 250 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა აქედან 100 000-მდე ეთნიკური ბერძენია. მას მოსდევს უკრაინა (150 ათასი). თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი) და ა.შ.

შესაბამისად, ამ მოქალაქეების გადმორიცხული თანხები წარმოადგენს ისეთ რესურსს, რომელიც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც უტოლდება ხოლმე. ტრანსფერების წვლილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში წლების მანძილზე განსხვავებულია და, დაახლოებით, 8-9%-ს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ფულადი ტრანსფერების მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება: 2010 წელს – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი; 2011 წელს – 1.3 მილიარდი აშშ დოლარი; 2012 – 1.3 მილიარდი აშშ დოლარი; 2013 წელს – 1.5 მილიარდი აშშ დოლარი; 2014 წელს – 1.4 მილიარდი აშშ დოლარი; 2015 წელს – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი; 2016 წელს – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 6 თვეში – 628 მილიონი აშშ დოლარი.

როგორც აღინიშნა, რომ არა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილები, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე იქნებოდა – მკვეთრად შემცირდებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, საფრთხის ქვეშ დადგებოდა ისედაც მყიფე მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ლარის გაუფასურებაც საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდებოდა. ოფიციალურადაც, საქართველოში უმუშევრობის დონე შრომისუნარიანი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს. ამავე დროს დაახლოებით მილიონი ადამიანი საქართველოში თვითდასაქმებულია და, მიუხედავად ამისა, მათი დიდი ნაწილი თავს უმუშევრად მიიჩნევს. დაახლოებით ამდენივე ქვეყნიდან სამსახურის, დასაქმების საძიებლად არის გასული და მათი რაოდენობაც აკლდება უმუშევრობის საერთო მაჩვენებელს და, პირიქით, ფულადი სახსრების გადმორიცხვით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ.

bfm.ge

0
0
(Visited 76 times, 1 visits today)

კომენტარები