მოხუცების იმედად შენახული, ხელისუფლებისგან დავიწყებული სოფელი ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგნის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. მოსახლეობა წლებია იმ ხიდის მოწესრიგებას ითხოვს, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე სახნავ-სათეს სავარგულესა და მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებს.

„ძველი ხიდი მდინარე საკრაულამ წაიღო. დაგვპირდნენ, გაგიკეთებთო, სამშენებლო მასალებიც მოიტანეს, თუმცა როგორც მოიტანეს, ისევ ისე დევს მასალები, 4 წელია არავინ მიკარებია. მოსახლეობამ ჩვენი ძალებით ხის ხიდი გავაკეთეთ, თუმცა ისიც ცუდ დღეშია. შიშით გავდივართ ხიდზე. რამდენიმე მოხუცი წაიქცა და დაიმტვრა. თუ ყურადღებას დროულად არ მოგვაქცევენ, შეიძლება ხიდის ავარიულობას მსხვერპლიც მოჰყვეს,“ – ამბობს სოფელ ქვედა ზეგნის მკვიდრი ქეთინო გუმბერიძე.

სოფელი ქვედა ზეგანი ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემავალი ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია. სოფელში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მიმდინარე წელს მდინარის მეორე ნაპირას მდებარე სახნავ-სათესი მიწები დაუმუშავებელი დარჩათ. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ დროული რეაგირება არ მოხდება, ავარიულ ხიდს შესაძლოა ადამიანები ემსხვერპლნონ.

სოფელ ქვედა ზეგნის გამგეობაში ხიდის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია აქვთ და იმასაც ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება მათთვის პრიორიტეტულია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოებისთვის საჭირო თანხების რაოდენობა გამგეობას ამ დრომდე არ დაუთვლია. სამაგიეროდ იციან სამუშაოების შესრულების თარიღი: სოფელ ქვედა ზეგნის გამგებელი მარიზა ხიზანეიშვილი ამბობს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობას ახალ ხიდს აუგებენ.

0
0
(Visited 86 times, 1 visits today)

კომენტარები