ვანში მდებარე კურორტი ‘სულორი’ პარალიზებულია

ინვესტორები კურორტი „სულორით” არ ინტერესდებიან. ამის შესახებ შპს „კურორტ სულორის” ხელმძღვანელი ბონდო დვალიშვილი საუბრობს. მისი ინფორმაციით, სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტზე ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განვითარებულა, რაც მის უმოქმედობას იწვევს. დვალიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის კურორტი ფაქტობრივად, პარალიზებულია.

დვალიშვილი განმარტავს, რომ გასულ წელს კურორტის განვითარებით ავსტრიელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ ისინი კონტაქტზე არ გამოსულან. მისი მტკიცებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საქმის კურსშია იმასთან დაკავშირებით, რომ კურორტს რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა, ამ დრომდე მათ მხრიდან ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც კურორტის რეაბილიტაციით დაინტერესდება, არ ხდება.

როგორც რამდენიმე თვის წინ დვალიშვილი აცხადებდა, კურორტის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.

კურორტის მიმზიდველობაზე საუბრობს გამგებელი ზაზა ხურციძეც. მისი თქმით, გასული წლის შემოდგომაზე კურორტით სლოვენიელი ინვეტორები დაინტერესდნენ, ჩამოსულებიც იყვნენ ადგილზე, თუმცა, მას შემდეგ მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა. ხურციძის განცხადებით, პრობლემას ქმნის ის, რომ კურორტი კერძო საკუთრებაშია. „ეს რომ ყოფილიყო სახელმწიფოს ბალანსზე ალბათ, ბევრად ადვილი იქნებოდა ინვესტორთან მოლაპარაკებები. კერძო პირს კი თავისი პირობები აქვს, რომელიც შესაძლოა, მეორე მხარისთვის მისაღები არ იყოს”-აცხადებს ხურციძე.

როგორც 2016 წლის ნოემბერში კურორტის მფლობელი ბონდო დვალიშვილი აცხადებდა, რომ სახელმწიფოსგან კურორტი 1996 წელს იყიდა, თუმცა ფინანსური რესურსების არქონის გამო, ადგილზე 8 კოტეჯის მეტი ვერ ჩადგა.

დღეს დვალიშვილი განმარტავს, რომ კოტეჯებში დასვენება (1 დღე 3-ჯერადი კვებით) 28 ლარი ჯდება. თუმცა ინტერესი ნაკლებია.

კურორტი „სულორი” რომ მიტოვებული და სავალალო მდგომარეობაში იყო, ამას 2016 წლის ივნისში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეც აღიარებდა. მისი თქმით, ადგილზე ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა იმ დონეზე არა, რაც ტურისტების მისაღებად არის საჭირო.

მაშინ ჭიჭინაძე აცხადებდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას გეგმაში ჰქონდა შეხვედროდა ყველა დაინტერესებულ ინვესტორს და კურორტის განვითარება შეეთავაზებინა.მაშინ გუბერნატორი ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში სულორის განვითარებით დაინტერესებულ რამდენიმე ინვესტორს ელოდებოდნენ, რომელსაც ამჟამინდელ მფლობელთან დააკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე – იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

 

წყარო:http://topnews.com.ge

0
0
(Visited 307 times, 1 visits today)

კომენტარები