„ენერგეტიკული სასმელები გაცილებით უფრო მავნეა, ვიდრე კოფეინის შემცველი სხვა სასმელები”

ენერგეტიკული სასმელები გაცილებით უფრო მავნეა, ვიდრე კოფეინის შემცველი სხვა სასმელები” – ამ დასკვნამდე ამერიკელი კარდიოლოგები ენერგეტიკულ სასმელებზე ჩატარებული კვლევების შემდეგ მივიდნენ. ანალოგიური პოზიცია აქვთ საქართველოშიც. თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ენერგეტიკულ სასმელებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. როგორც „კომერსანტთან” საუბრისას ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები აცხადებენ, 2017 წლის 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის კვლევის შედეგად, (კვლევა ჟურნალ The American Heart Association-ში გამოქვეყნდა) სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები ზრდიან ე.წ. QT-ინტერვალს (ცნობლია ასევე როგორც გულის ელექტრონული სისტოლა) საშუალოდ 2 საათის განმავლობაში 10 მილი წამით. „თუ ის ინტერვალი ან მცირეა, ან პირიქით, დიდია, გულისცემა იცვლება უარესობისკენ. ამ დროს ჩნდება არითმია, რომელიც შეიძლება გახდეს საშიში სიცოცხლისთვის” – თვლიან მეცნიერები. აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდეს მომხმარებლებს გამოიჩინონ სიფრთხილე ენერგეტიკული სასმელების მოხმარების დროს.

საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და ეთანხმებიან, თუ არა ამერიკელი მეცნიერების კვლევას ჩვენთანაც. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკულ სასმელებს ექიმები საზიანოდ მიიჩნევენ, ქვეყანაში მისი გაყიდვების რაოდენობა მაინც მატულობს. მაგალითად, ბოლო ოთხი თვის მონაცემით ენერგეტიკული სასმელების გაყიდვები როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ ბრენდებზე გაზრდილია.

ენერგეტიკული სასმელის XL-ის დისტრიბუტორი კომპანია „კანტის” მარკეტინგის ხელმღვანელი ნიკა ფერაძე „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ენერგეტიკული სასმელი ფუნქციონალურია და თუ ადამიანი მას მხოლოდ გარკვეული ფიზიკური მოთხოვნილებიდან გამომდინარე იღებს, მაშინ მისი დალევა ზიანის მომტანი არაა.

„თუ ჩვენ ენერგეტიკულ სასმელს სწორად მოვიხმართ და ამით ერთ ჭიქა ყავას ან კოკა-კოლას ვცვლით, მაშინ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა, ხოლო თუ მოვიხმართ გადაჭარბებულად და ამით წყალს ვცვლით, მაშინ საზიანოა. ჩვენ პროდუქტს თან რეკომენდაცია აქვს დართული, რომლის მიხედვითაც ხვდები, რა რაოდენობით ენერგეტიკული სასმელის მიღებაა შესაძლებელი”, – განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება მოთხოვნას, მისი თქმით, ბოლო ოთხი თვის მონაცემით ენერგეტიკულ სასმელების გაყიდვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.

ქართული ენერგეტიკული სასმელის NR.ge–ს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი ვარაზ ასპანაძე აცხადებს, რომ კომპანიაში გაყიდვების თვალსაზრისით მატების ტენდენცია შეინიშნება. ასპანაძის განმარტებით, ენერგეტიკული სასმელი საზიანო არაა, უბრალოდ მისი დიდი დოზით მიღება არ უნდა მოხდეს.

„ყველაფერს ზომიერება სჭირდება, ამ შემთვევაშიც ასეა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ადამიანი რა რაოდენობით ენერგეტიკულ სასმელს მიიღებს. ენერგეტიკულ სასმელს ანოტაცია აქვს დართული და მისი გაცნობა ყველა მომხმარებელს შეუძლია. ასე რომ, ენერგეტიკული სასმელი მავნებელი არაა. აცხადებენ, რომ ენერგეტიკული სასმელი საზიანოა, თუმცა რატომ ამას არ ასახელებენ, ეს გაურკვევლობას იწვევს.” – განაცხადა ასპანაძემ.

ენდოკრინოლოგ ნინო ბერეკაშვილის განცხადებით, ენერგეტიკული სასმელები დიდი ოდენობით კოფეინს შეიცავს, ეს კარდიომიოპათიას (გულის კუნთის მოცულობის ზრდა) იწვევს, რაც შესაძლოა, ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს.

„ზოგიერთი მსგავსი სასმლის შემცველობა გაურკვეველი წარმოშობისაა. ყოველდღიურად მის მიღებას რეკომენდაციას არ ვუწევ. ჩვენ ექიმები ვთვლით, რომ პროტეინები და ცილები ზრდასრულმა ადამიანმა ბუნებრივი გზით უნდა მიიღოს” – განაცხადა ბერეკაშვილმა.

commersant.ge

0
0
(Visited 214 times, 1 visits today)

კომენტარები