“ქმარმა წიხლი მუცელში მკრა, ბავშვი რვათვიანი გაჩნდა, რეანიმაციაში მიგვატოვა და სხვა ქალთან იქორწინა”

ქუთაისში მცხოვრები ორი მცირეწლოვანი შვილის დედა თამთა დოლაბერიძე ქუთაისის საქაალქო სასამართლოსა და ქალაქის პროკურატურას კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
თამთა 11 თვის განმავლობაში საკუთარი მშობლების სახლში უკვე ყოფილ მეუღლესთან ერთად, კ. ბ.-სთან ერთად ცხოვრობდა, რომლისგანაც გოგონა შეეძინა. მისი გაზრდა ახლა მარტოს უხდება, რადგან მამა ბავშვს შვილად არ აღიარებს.

„ჩემი ყოფილი მეუღლე მანამ ორჯერ გახლდათ დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან 5-წლიან ქორწინებაზე უარი ბავშვის არყოლის გამო თქვა, ხოლო მეორესთან ორი შვილი ჰყავს და 16-წლიანი ქორწინება მაინც განქორწინებით დაასრულა. მე კი მატყუებდა: მეორე ცოლთან განქორწინებული არ ვარ და ამიტომაც შენთან ხელს ვერ მოვაწერო. თავიდან არც იმ პირველი ცოლის შესახებ ვიცოდი, მეგონა ერთი მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა,” – ამბობს თამთა დოლაბერიძე.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე ურთიერთობის დასაწყისში მის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდა, მას მეუღლეს უწოდებდა, თამთას პირველ შვილს საჩუქრებით ანებივრებდა, თუმცა ბოლოს შეიცვალა:

„თავდაპირველად ბედნიერი იყო და ბავშვის დაბადებას სიხარულით ელოდებოდა, მუცელზე მეფერებოდა, შემდეგ სახლის გაყიდვასა და ჩემი შვილის ინტერნატში გაგზავნას მთავაზობდა, ორივეს გვცემდა, წიხლი მუცელში მკრა და ბავშვიც 8-თვიანი გაჩნდა. გოგონა რეანიმაციაში მყავდა, როდესაც მიგვატოვა და სხვა ქალთან მოაწერა ხელი,”-ამბობს თამთა დოლაბერიძე.

თამთა დოლაბერიძე იმასაც ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეს სახლიდან ნივთები უნებართვოდ გაჰქონდა.

„ბავშვის სათამაშოები, წიგნები, თეთრეული ნელ-ნელა გაიტანა ჩემი ბინიდან, თითქოს სოფელში მიჰქონდა, ჩვენს შვილს იქაც დასჭირდება ეს ნივთებიო, ახლა კი მამობას უარყოფს,“ – ამბობს მარტოხელა დედა.

თამთას ნათესავები არ ჰყავს და ორი შვილის გაზრდა მარტოს ძალიან უჭირს.

„იმის გამო, რომ გვერდით მდგომი არავინ მყავს, ან სამივე უნდა მოვკვდეთ ან ხმა უნდა ამოვიღო. როცა მართალი ვარ, რთულია გაჩუმება, ამიტომაც ბრძოლას ვაპირებ,”-ამბობს თამთა დოლაბერიძე.

თამთამ პროკურატურას რამდენჯერმე გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ. პირველად სასამართლოში დნმ-ის ანალიზის გაკეთების მოთხოვნით მივიდა, მაგრამ სასამართლო არ შედგა, რადგან მისი ყოფილი მეუღლე პროცესზე არ გამოცხადდა.

„გამოძიებას ჯერ დარიკო ვადაჭკორია ხელმძღვანელობდა, შემდეგ ვახტანგ ღაჭავა, ახლა კი გიორგი გობრონიძე და ასე ცდილობენ საქმე ერთმანეთს გადააბარონ, რომ გაჭიანურდეს,” – აცხადებს თამთა.

მარტოხელა დედა ყოფილ ქმარს ქურდობაში, მამობისთვის თავის არიდებასა და სასამართლოს მოქრთამვაში ადანაშაულებს.

„მან ახალ ცოლთან ერთად სასამართლოს საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა, რომ საქმე მიჩქმალულიყო. პირველად თითქოს არასწორ მისამართზე გაგზავნეს შეტყობინება, მეორეჯერ კი პიროვნებები იდენტური სახელების გამო ერთმანეთში აერიათ. ამ გზით ცდილობენ ჩემს მოტყუებასა და საქმის გახანგრძლივებას,”-ამბობს თამთა დოლაბერიძე.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედა პროკურაატურისგან მისი საქმის სასწრაფო გამოძიებას, ხოლო სასამართლოსგან საქმის განხილვის დაჩქარებას ითხოვს.

წყარ:topnews

0
0
(Visited 100 times, 1 visits today)

კომენტარები