“მამა-შვილი მთელი დღე მუშაობდა, საღამოს სუფრასთან დასხდნენ და შვილმა მამა მოკლა”

სამტრედიის სოფელ წიაღუბანში მომხდარი მკვლელობის მიზეზად, გარდაცვლილი მამაკაცის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ.

სოფელში მამა-შვილს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცია, ხოლო მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი 30 წლისაა.

გამოძიების ინფორმაციის მიხედვით, პავლე კაცაძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას – 1964 წელს დაბადებულ გია კაცაძეს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ. სოფელში ამბობენ, რომ გარდაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია ხშირი იყო.

„რამდენიმე წლის წინ დასახლდა ეს ოჯახი ამ სოფელში. ცარიელ მიწაზე მოიყვანეს ცხოვრება. მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გარდაცვლილს სამტრედიაში მანქანა დაეტაკა და ამის შემდეგ დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები. მკვლელობის დღესაც მთელი დღე მუშაობდნენ, ახალი ტრაქტორი იყიდეს და ხნავდნენ. საღამოს სუფრასთან დამსხდარან და ასეთი ამბავი მოხდა. ძალიან გვეცოდება დაკავებული. წესიერი და კარგი ადამიანია. სოფელში ეკლესიას ვაშენებთ და მან აიღო თავზე მშენებლობა,“ – აცხადებენ სოფელ წიაღუბანში.

მამის მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

0
0
(Visited 283 times, 1 visits today)

კომენტარები