10 წელი ელექტროენერგიის გარეშე-სოციალურად დაუცველი ქალბატონის მძიმე ყოველდღიურობა ქუთაისში

მაია ტაბლიაშვილი ქუთაისში, ნეკრასოვის ქუჩაზე ცხოვრობს. მარტოხელა ქალბატონის თავშესაფარს მშობლების მიერ დატოვებული ის სახლი წარმოადგენს, რომელიც ამორტიზებულია. ქალბატონს არსებობისათვის საჭირო ყველა ნივთი ერთ ოთახში აქვს თავმოყრილი. თავადაც იქ იძინებს და იკვებება. სახლის ავარიულობას ისიც ემატება, რომ შენობა გადახურვას საჭიროებს. გადასახური მასალის მისაღებად მაია ტაბლიაშვილმა ქუთაისის მერიაში განცხადება უკვე დაწერა, თუმცა არ იცის როდის შეძლებს მასალის მიღებას.

სოციალურად დაუცველი ქალბატონისათვის პრობლემას ქმნის ისიც, რომ შენობაში არ არის ელექტროენერგია. მაია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ათი წელია ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე უწევს. სახლში შუქის შეყვანას კი მანამ ვერ შეძლებს, ვიდრე შენობას საკუთარ სახელზე არ დაირეგისტრირებს.

“მრცხვენია ასეთ პირობებში რომ ვარ, მაგრამ რა ვქნა? ვერაფერს ვაკეთებ,” – აღნიშნავს მაია ტაბლიაშვილი.

ღატაკი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის პროგრამა-ამგვარი სახელწოდებით პროგრამა ქალაქის მერიაში უკვე მესამე წელია მოქმედებს. მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ მწირი ბიუჯეტის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა განცხადების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე მერია ტენდერს იმ მოქალაქეების სახლების გადასუხურად აცხადებს, რომელბმაც ადგილობრივ ხელისუფლებას 2015-2016 წლებში მიმართეს.

“ამის შემდეგ დაიწყება იმ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, რომელთაც მერიას 2017 წელს მიმართეს. 300 000 ლარია პროგრამის ბიუჯეტი და ყველას დაკმაყოფიელბა ვერ ხერხდება,” – ამბობს ნაკაშიძე.

0
0
(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები