ქუთაისში მგზავრობის ღირებულების გაზრდას ოპოზიცური პარტიები აფასებენ

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან, მგზავრობის საფასური 10 თეთრით იზრდება.

აღნიშნულს უარყოფითად აფასებენ როგორც ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური პარტიები, ასევე, საკრებულოს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელები topnews.com.ge-სთან საუბრისას აღნიშავენ, რომ ტარიფის გაზრდა ქალაქში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს.

“ქუთაისის საკრებულომ ისე შეცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მზგავრობის ტარიფი, რომ არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი განხილვაში არ ჩაურთავს. ამ ადამიანებს, ხელისუფლებას ვგულისხმობ, ალბათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ საზოგადოებას ემსახურებიან და მათი აზრიც უნდა გაითვალისწინონ. მინდა გითხრათ, რომ შეიძლებოდა ამ პრობლემის გათვლა, გაანგარიშება და ამ რეალობის თავიდან აცილება. ფაქტიურად საიდუმლო მოლაპარაკების საფუძველზე მიდიოდა მოლაპარაკება გადამზიდავებთან და მივედით ამ შედეგამდე,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ ბრეგაძე.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემა ყოველთვის დიდი ინტერესის სფერო იყო ქუთაისში, ამ ბიზნესთან დაკავშირებული იყვნენ და არიან სხვადასხვა დროის სხვადასხვა ჩინოვნიკები. სწორედ ამ ინტერესების არსებობის გამო არ ხდება ტრანსპორტის სრული გადასვლა კერძო სექტორში და მისი გათავისუფლება სახელმწიფო მარწუხებისაგან, რაც ავტომატურად იწვევს არასტაბილურ მდგომარეობას ბაზარზე. უნდა მოხდეს საქალაქო ტრანსპორტის დერეგულაცია, რაც გამოიწვევს ამ სფეროში ახალი ინვესტიციების შემოდინებას, ხარისხის ზრდას და მისაღებ ფასებს,”- აცხადებს “გირჩის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

“თუ არ რცხვენიათ, ამ მუქთახორა ადამიანებს მერიაში რომ სხედან და პრემიებს იღებენ, ხალხს კი ბაწარს კისერში ბოლომდე უჭერენ. 10 თეთრით მგზავრობის ღირებულების გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ხალხს ეუბნება, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი პრობლემები და გაჭირვება, მინდა და ვუმატებ ტარიფსო. ეს არის საზიზღარი ხელისუფლება,”- აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

“გაძვირება ნამდვილად მძიმე ტვირთად დააწვება შემოსავლის არ მქონე ან ნაკლებად შემოსავლიან ოჯახებს. სამწუხაროდ, ყველა იმ ადამიანის შემოსავალი, რომლებიც გადამზიდავებთან კონსულტაციებს გადიოდნენ, 2000- დან 3000 ლარამდეა და ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ იმ მომატებული 10 თეთრის ფასს,”- განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.

“მგზავრობის ღირებულების გაზრდა ეს არის ზოგადად ანტისოციალური, ანტისახალხო გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ეს იმ ფონზე, როდესაც ტოტალურად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე, ენერგო მატარებლებზე და სხვა საჭირო პროდუქტებზე. ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებები ცდილობდნენ ხალხის პრობლემების შემსუბუქებას, პირიქით სხვადასხვა საგადასახადო წნეხით უმძიმებენ ყოველდღიურობას ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას,”- აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის წევრი და ქუთაისის სკარებულოს დეპუტატი სამსონ გუგავა.

“ჩვენ მერიას შევთავაზეთ, რომ გადამზიდავებისთვის შეგვემცირებინა მოსაკრებელი და ამით გადაგვეფარა “ქართული ოცნების” მთავრობის ის მავნებლური გადაწყვეტილებები, რომლის გამოც გაძვირდა ბენზინი, ძრავის ზეთი, დიზელი, ბუნებრივი აირი და მარაგ ნაწილები. თუმცა, სამწუხაროდ ეს მოსაზრება არ იქნა გაზიარებული. დავდექით ფაქტის წინაშე: ან ტრანსპორტი გაჩერდებოდა ან ფასი უნდა გაზრდილიყო. ესაა მმართველი პარტიიის საქმიანობის სამწუხარო შედეგი. “ევროპული საქართველოს“ პრინციპული პოზიციაა, გადასახადების შემცირება, რაც სხვა რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ჩვენი თანამემამულეების შემოსავლების ზრდას. ამიტომ მგზავრობის ღირებულების ზრდის ალტერნატივად ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში, აქციზის, მოგების , საშემოსავლო გადასახადის და გადამზიდავებისთვის მოსაკრებელის შემცირებას ვგეგმავთ,”- ამბობს “ევროპოლი საქართველოს წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ამირან ძოწენიძე.

წყარო: topnews.com.ge

0
0
(Visited 97 times, 1 visits today)

კომენტარები