ქუთაისში სკოლის საპირფარეშოდან 6 წლის მოსწავლე გადახტა – რა მოხდა სასწავლებელში?

ქუთაისში, ერთ-ერთი კერძო სკოლის მეორე სართულიდან 6 წლის მოსწავლე გადახტა. შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნა კლასელებმა საპირფარეშოში ჩაკეტეს და შეშინებული ბავშვი შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან თავის დაღწევის მიზნით გადახტა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ბავშვმა მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა, დაგვიანების შემდეგ კი პედაგოგმა თავად გააკითხა მოსწავლეს, თუმცა ის უკვე გადამხტარი იყო. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

სკოლის პედაგოგები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ ბავშვი ფანჯრიდან გადახტა, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.

“ბავშვი საჭირო ოთახში თავად გადის, გაყოლით არავინ არ მიყვება. გადმოხტა თვითონ. რატომ გადახტა არ ვიცით, არ დავსწრებივართ დაკითხვას. ბავშვს ნამდვილად არ აქვს მოტეხილობა, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა. ალბათ ორ კვირაში დაუბრუნდება სკოლას”, – ამბობს  ერთ-ერთი პედაგოგი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობას.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სამინისტრო საქმის კურსშია.

“ზოგადად, სამინისტროს ფუნქცია არის ის, რომ ასეთ

დროს გამოვიძახოთ პატრული და ყველა შესაბამისი ინსტანცია ჩავაყენოთ საქმის კურსში. როგორც ვიცი, უკვე მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. საჯარო სკოლაში ჩვენი ფუნქციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევატყობინოთ შესაბამის სტრუქტურებს, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო თუ სხვა. მაგრამ ეს კერძო სკოლაა, სადაც ჩვენ მანდატურიც არ გვყავს, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, – გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

ირაკლი აკობია, თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

0
0
(Visited 113 times, 1 visits today)

კომენტარები