‘იმერეთის ვარძია,’- რელიგიური რიტუალებისთვის და პირველყოფილი ადამიანების სადგომად გამოყენებული ძევრის მღვიმეების ისტორია

იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა “ჩემი იმერეთი” ამჯერად ე.წ. “იმერეთის ვარძიის შესახებ გიამბობთ.

ძევრის სტრუქტურული რელიეფი ანუ “იმერეთის ვარძია” მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოკრიბა-არგვეთის სერზე, სოფელ ძევრის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 250 მეტრ სიმაღლეზე. კოორდინატები: ჩ.გ 42015’49’’; ა.გ 42057’35’’. ახლოს მისვლა შესაძლებელია ჯერ საავტომობილო გრუნტის გზით, შემდეგ საფეხმავლო მარშრუტით, სოფელ ძევრიდან მანძილი 3 კმ. თბილისიდან 218 კმ. თერჯოლიდან18 კმ. ქუთაისიდან 48 კმ.

ძევრის სტრუქტურული რელიეფი გამოირჩევა ბუნებრივი მღვიმეებით, ეხებით. ისინი გამოიყენებოდნენ, როგორც სამალავებად, რელიგიური რიტუალისათვის, ასევე პირველყოფილი ადამიანის სადგომსაც წარმოადგენდა. ძევრის სტრუქტურული რელიეფი მღვიმეების სიმრავლითაც გამოირჩევა. მას მეორენაირად “იმერეთის ვარძიასაც” უწოდებენ. ამ მღვიმეებში ბერებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

https://i.imgsafe.org/b08a6839c2.jpg

თერჯოლის მუნიციპლაიტეტის სოფელი ძევრი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“. ვახუშტი ბაგრატიონი ძევრის შესახებ გადმოგვცემს: „აჯამეთის წყალს ზეით ერთვის ძევრის წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული … ძევრს არს ხიდი ქვიტკირისა … ხიდს ზეით არიან ქუაბნი დიდ-დიდნი, გამოკუეთილნი, მრავალნი, კლდესა შინა, დასავლით“ აქ არსებულ მღვიმეებში მიკვლეულ კულტურულ წყებებს და პალეონტოლოგიურ და პალინოლოგიურ ნიმუშებს სუფთა არქეოლოგიურთან ერთად დიდი ბიოსტრატიგრაფიული და პალეოგეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული ნალექების შესწავლა საშუალებას იძლევა გავიაზროთ ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოების განვითარების ძირითადი ეტაპები, აღვადგინოთ საქართველოს პალეოგეოგრაფიული სურათი. სოფლის მიდამოებში, მდინარე შავიწყლს ხეობაში ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი — საგვარჯილე. საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, ის გაითხარა 1951-1952 წლებში. აღმოჩენილი მასალა დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.

ძევრის სტრუქტურული რელიეფის ფარგლებში წარმოდენილია საინტერესო მღვიმური ტყიბულა-ძერულა სისტემა. ტყიბულა-ძევრულას მღვიმის სამივე შესასვლელი მოკლე ჭებისა და დახრილი საფეხურების (10-17 მ) მონაცვლებით უკავშირდება სუბჰორიზონტულ გალერეას, რომელიც მრავალ განშტოებას შეიცავს, თავად ეს განშტოებები კი შედგება როგორც მოკლე და წყლიანი, ისე გრძელი და მშრალი ნაწილებისაგან. ქიმიური ნალექებიდან წარმოდგენილია სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის ქერქგადაკრული უბნები, ფარდები, მექანიკურიდან კი ადგილობრივი და მდინარის მიერ შემოტანილი კლასტური მასალა: ქვისა, ღორღი, ლამი, თიხა. მღვიმის მშრალ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 10,4 (35 მ სიღრმეზე) და 11,4-ია (200 მეტრ სიღრმემდე). ტყიბულის წაყალსაცავის აგებამდე (1955 წ), მღვიმის წყლიანი მონაკვეთი მდინარე ტყიბულას კალაპოტს წარმოადგენდა, წყლის შეღებვით დადგინდა, რომ მიწისქვეშა ნაკადი გამოდის ძევრულას წყაროს სახით. თეორიული გამოთვლებით დადგინდა, რომ მღვიმის წყლიანი მონაკვეთების ნაკადი ძევრულას წყაროში გამოდის, ხოლო მშრალი ნაწილისა- მეზობელ შავწყალას ხეობაში, წყლის ტემპერატურა 35 მ სიღრმეზე 9,7, ხოლო 20 მეტრ სიღმეზე 10,8 აღინიშნა. გასავლელად საჭიროა სპელეოსაჭურველი. მღვიმე წარმოადგენს სპელეოსპორტულ ობიექტს.

მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც იღებს ძევრულას სახელწოდებას. იგი უერთდება მდ. ჩოლაბურს მარჯვნიდან სადგურ სვირთან. მდინარის სიგრძე ტყიბულასთან ერთად არის 31 კმ, საერთო ვარდნა 990 მ, საშუალო დახრილობა 32˚, წყალშემკრები აუზის ფართობი 146 კმ²-ია, საშუალო სიმაღლე 640 მ. მის მთავარ შენაკადებს შეადგენს მდ. სკიფი და ქვერუნა (ორივეს სიგრძე თანაბარია და 12 კმ შეადგენს). დანარჩენი მცირე შენაკადების სიგრძე 3-5 კმ-ია. ჰიდროქსელის საშუალო სიხშირე 1,07 კმ/კმ².

 

წყარო: http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 255 times, 1 visits today)

კომენტარები