ქრისტიანული სალოცავი, სადაც ღორებს სწირავდნენ

ნეკრესი – სამონასტრო კომპლექსია კახეთში, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ შილდას მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე მდებარეობს.

IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა იქ ეკლესია ააგო, სადაც VI საუკუნეში აბიბოს ნეკრესელი (ასურელი მამა) დამკვიდრდა. მის დროს ნეკრესის საეპისკოპოსო დაარსდა და XIX საუკუნამდე იარსება. აბიბოსი ერთი იმ ასურელი მამათგანია, რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით ჩამოვიდნენ და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე დაარსდა. აბიბოსი სირიიდან იოანე ზედაზნელს მოჰყვა და ერთი პერიოდი ზედაზენზე მასთან ერთად მოღვაწეობდა, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. სპარსელები მაზდიანობის დასანერგად ყველა ღონეს ხმარობდნენ, რის წინააღმდეგაც მან მკაცრად გაილაშქრა.

ნეკრესს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიეცა. იქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

არსებობს ასეთი ლეგენდაც:

მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ტაძარში მყოფებს საკვებიც გამოელიათ და ხსნაც არსაიდან ჩანდა. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი

აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ, მაგრამ როგორ უნდა გაერღვიათ ალყა – მტერი მათზე ათჯერ მეტი იყო და თან, უკეთ შეიარაღებული!

ლეგენდის თანახმად, მოულოდნელად ჩოჩქოლი ატეხილა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადებულ რაზმში ერთს აზრად ასეთი რამ მოსვლია, – მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. ყველა ერთხმად დათანხმებია. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა.

სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ იმ სანახაობას, მერე გონს მოეგნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ “დასალაშქრად” მიექანებოდა და თან, ირგვლივ სისხლს ღვრიდა… “წყეული გიაურები, ეს რა მოუფიქრებიათო!” – გაჰყვიროდნენ და იქაურობას ეცლებოდნენ.

ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველების რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ. იმ დღეს ყველა გადარჩა.

მას მერე ყოველ წელიწადს, შობა დღეს იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთი კვირა გრძელდება, სადაც უამრავი ხალხი თავს იყრის.

იმასაც ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ტაძარში შესაწირად ღორები მიჰყავდათ…

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

0
0
(Visited 106 times, 1 visits today)

კომენტარები