გოგონა, რომლის არამეულ ენაზე შესრულებულმა გალობამ სვეტიცხოველში, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა

რომის პაპის სვეტიცხოველში სტუმრობის დროს, ქანდაში მოღვაწე მამა სერაფიმემ არამეულ ენაზე იგალობა… ბერთან ერთად საგალობელს პატარა გოგონა ასრულებდა, რომლის ვინაობითაც ყველა და მათ შორის AMBEBI.GE-ც დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, გოგონა ქანდელი ქეთი ილიაევია, რომლის მიერ ქრისტეს ენაზე შესრულებულმა საოცარმა გალობამ არამარტო საპატიო სტუმარზე, ქართულ საზოგადოებაზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა…aram-333

იხილეთ ვიდეო| მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულად რომის პაპისთვის

მოკლედ, პატარა ქეთი ვიპოვეთ და გვინდა თქვენც გაგაცნოთ: წარმოშობით ასურელია, სამშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი. ამბობს, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში დაიბადა და იზრდება, ისევე როგორც მისი წინაპარი, რომელიც ამ სოფელში დაარსების დღიდან ცხოვრობს. ქეთი 12 წლის არის და ქანდის ქართული სკოლის მერვეკლასელი გახლავთ, უყვარს სწავლა, საგნებიდან – ქართული და ინგლისური და ტაძარში წირვა-ლოცვაზე სიარული კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს.aram-55

კითხვაზე, სად ისწავლა გალობა და რა ასაკში დაიწყო, გვპასუხობს: “პატარა რომ ვიყავი, კარგად ვმღეროდი, მერე დედამ მითხრა, თუ შევძლებდი და სურვილი მქონდა, ეკლესიაში მეგალობა. დავთანხმდი, ვცადე და ძალიან მომეწონა. როდესაც ტაძარში მივედი, სხვა მგალობლებიც ახალი მოსულები იყვენენ და გალობას ერთად ვსწავლობდით. ეს დაახლოებით, 2 წლის წინ იყო”.

rom-gal

– დედაც გალობს?
– არა, ის ჩვეულებრივად ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრება, მრევლის წევრია… მე შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე ვდგავარ და ვგალობ, პირველი ხმა ვარ. ხანდახან შეიძლება ტაძარში სხვა დროსაც დაგვიბარონ, როცა მაგალითად, პარაკლისია ჩასატარებელი, ან რაიმე სხვა დღეა.

– რას გრძნობ, როდესაც გალობ?
– ვცდილობ, გულით ვიგალობო, ანუ ვიგრძნო და მივიღო ის მადლი, რომელიც ლოცვის დროს, ღვთისმსახურებისას შეიძლება მიიღო… ჩემი სულიერი მოძღვარია მამა სერაფიმე, რომელთან ერთადაც მომიწია სვეტიცხოველში გალობა. კიდევ ორი მგალობელი ბიჭი ბანით საპატრიარქოს გუნდიდან გვეხმარებოდა… ჩვენი მოძღვარი კარგი ადამიანია, მოსიყვარულე, ხანდახან მკაცრიც…

– როგორც ჩანს, თქვენი ტაძრიდან შენ გაგიმართლა, რომ ასეთ დღეს მოგიხდა სვეტიცხოველში ყოფილიყავი. როგორ აღმოჩნდი იქ?
– დიდი ხანია, რაც 50-ე ფსალმუნს ვგალობ. როდესაც გვითხრეს, რომ რომის პაპის პატივსაცემად სვეტიცხოველში 50-ე ფსალმუნი უნდა გვევალობა, აღმოჩნდა, რომ მე უნდა წავსულიყავი, რადგანაც, ხომ გითხარით, მას მე ვგალობ. ეს რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. თავიდან ცოტა ვინერვიულე, ბევრი ხალხი რომ დავინახე, მაგრამ, მერე, თითქოს შევეჩვიე გარემოს და აღარ გამჭირვებია. მიხარია, რომ მამა სერაფიმესთან მომიწია იქ ყოფნამ… პაპის ჩამოსვლა საქართველოში არასოდეს დამავიწყდება, ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დღეს იქ გალობა.

– არამეულ ენაზე გალობ, ამ ენაზე საუბარი თუ შეგიძლია?
– არა, მაგრამ სკოლაში უკვე შემოიღეს, რომ უნდა ვისწავლოთ, რასაც დიდი ინტერესით ვაპირებ. არამეულ ენაზე კი ვგალობ, მაგრამ იგივე საგალობლებს ქართულადაც ვასრულებთ. საერთოდ კი მიხარია, რომ ორივე ენაზე შემიძლია გალობა.

– ქანდაში ბავშვები, გარდა იმისა, რომ წირვა-ლოცვაზე დადიხართ, თავისუფალ დროს რას უთმობთ, რა არის თქვენი გასართობი?
– ჩვენს სოფელში დაახლოებით, 500 კომლი ცხოვრობს. ბავშვიც ბევრია, მაგრამ გასართობი ცენტრი ან რაიმე მსგავსი ჩვენთან არაფერია. ერთადერთი, ჩემი თანატოლები ცეკვის წრეზე დადიან, სხვა არაფერი, მე ამისთვის დრო არ მაქვს… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოძღვარს, მამა სერაფიმეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ის ჩვენთვის ეწევა…

წყარო: AMBEBI

2
0
(Visited 206 times, 1 visits today)

კომენტარები