ქუთაისში, პარლამენტის ტერიტორიაზე სპორტული მოედანი აშენდება

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვევა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამი მოედნის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე , შერვაშიძის #53, შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს. სამი მოედანი ორ ადგილზე, ნიკეას დასახლებაში და ახალი პარლამენტის ტერიტორიაზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი.

201-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ,,Autokomodex Trnava spol.sro“-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოიყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.

0
0
(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები