სფფ-მ 8 მსაჯი და 2 კლუბი დასაჯა

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პირველი ლიგის ორ მატჩში, “სქური”-“სულორი” და “გაგრა”-“საპოვნელა”, მომხდარი ინციდენტები განიხილეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის დებულების დარღვევით, ამ მატჩებში “სულორმა” და “გაგრამ” განახორციელეს 5-5 შეცვლა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება 4.14 მუხლს.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე გუნდს ჩაეთვალა 0:3 წაგება და დააკლდათ 3 ქულა. ამასთან, დაჯარიმდნენ 1000 ლარით.

დღესვე გაიმართა მსაჯთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, სადაც მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, “სქური”-“სულორის” მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ივანე მაჩიტიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მეორე ასისტენტ თეიმურაზ მაღლაკელიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

სათადარიგო მსაჯ ილია ტუღუშს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

“გაგრა”-“საპოვნელას” მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი ავაზაშვილს აეკრძალა ყველა ლიგაში მსაჯობა სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ფელიქს ჭაავას აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მეორე ასისტენტ პაატა ბელთაძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

სათადარიგო მსაჯ ვახტანგ ბასილაიას აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სეზონის ბოლომდე.

ასევე: ორივე მატჩის მსაჯთა დამკვირვებლებს, დურსუნ მენთეშაშვილს და გურამ ჩიგოგიძეს აეკრძალათ საქმიანობა 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მიეცათ პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

0
0
(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები