საქართველოს მოსახლეობა კომპიუტერების შესაძენად ვაუჩერებს მიიღებს

თანამედროვე სამყაროს განვითარების პირობებში, ინტერნეტი რჩება პროდუქტად, რომელიც ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ფუფუნების საგნად არ უნდა ითვლებოდეს. თუმცა საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუწვდომელია განსაკუთრებით ამ მხრივ მძიმე ვითარებაა საქართველოს რეგიონებში, მცირე ზომის სოფლებშია.

გაერო-ს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის 2014 წლის მონაცემებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი, რაც საკმაოდ დაბალი ციფრია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 90%-ს აჭარბებს.

იმისათვის, რომ ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს ბიძინა ივანიშვილის ,,ფონდი ქართუ” განახორციელებს და მისი ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გერმანელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს საქართველოს სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 10 რეგიონის 500-მდე სოფლისთვის. საერთო ჯამში კი ამ პროექტის ფარგლებში ინტერნეტი 2000-ზე მეტ სოფელში შევა და მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.

როგორც აღინიშნა, პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევროკავშირის გრანტით ხორციელდება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის წარმომადგენელთა თქმით, პროექტის დაგეგმარებისას აქტიურად ხდებოდა უცხოეთში იდენტურ პროექტებთან ურთიერთქმედება. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო ლიტვის მაგალითია.

დღეისთვის ევროპაში ყველაზე მაღალი ხარისხის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ლიტვაშია ხელმისწვდომი და ამ შედეგის მიღწევა ლიტვაში სწორედ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც ევროკავშირის გრანტით განხორციელდა. შესაბამისად, ,,ფონდი ქართუს~ ხელშეწყობით საქართველოსაც ეძლევა რეალური საშუალება, რომ მოახდინოს საქართველოს, ფაქტობრივად სრული ინტერნეტიზაცია და ამადროულად, ხელი შეუწყოს არსებული ფასების შემცირებას.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ 41%-ით გაიზრდება ინტერნეტ¬მომხმარებელთა რაოდენობა და ზოგადად საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვა იქნება 91%. სამ წელიწადში მოხდება საქართველოში 2000-ზე მეტი სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის ბიბლიოთეკების ბაზაზე მოხდება ინოვაციების ცენტრების ფორმირება. როგორც ინოვაციების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ეს იქნება უნივერსალური პლატფორმა იმისთვის, რომ მოხდეს რეგიონში, სოფელში ცოდნის დონის ამაღლება, კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლა და წვდომა თანამედროვე ცოდნასთან, რომელიც გარკვეულწილად ზოგად და პროფესიულ განათლებას შეუწყობს ხელს.ასევე, მოეწყობა ე.წ. მცირე ლაბორატორიები, სადაც მოსახლეობა თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობა და შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ მომავლის პროფესიები, მათ შორის პროგრამირება, მიკროელექტრონიკა და ა.შ.

ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მოსახლეობამ აითვისოს მომავლის სპეციალობები, ის ტენდენციები, რომელიც მთელ მსოფლიოშო უკვე მიმდინარეობს, რათა გაიზარდოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობა და მოხდეს დასაქმება რეგიონიდან და სოფლიდან გაუსვლელად. წარმოიდგინეთ, იქ, სადაც არაფერი ხდებოდა, დღეს უკვე უჩნდებათ შემოსავალი და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა კონკრეტულ რაიონსა თუ სოფელში საწარმო ან სხვა ინფრასტრუქტურა. ეს არის პროექტი, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში ბევრი ინოვაციური პროექტი გაჩნდება, გაიზრდება ელექტრონული კომერციის გამოყენების მაგალითები.
კორეაში იდენტურმა პროექტმა, რომელსაც “ელექტრონული სოფელი” ჰქვია, სოფლის მოსახლეობას მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქცია გადამყიდველების გარეშე პირდაპირ კომპანიებს მიჰყიდონ. ელექტრონული კომერციის საშუალებით შეგიძლია შესთავაზო შენი პროდუქცია როგორც საქართველოში არსებულ მომხმარებლებს, ასევე ექსპორტზე გაიტანო, – აცხადებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში მოსახლეობა კომპიუტერების შესაძენად ვაუჩერებს მიიღებს. როგორც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი კახი ბექაური აცხადებს, ინტერნეტის ქსელის რეგიონებში გაყვანის შემდეგ მთავრობამ პროდუქტის მოთხოვნის სტიმულირება უნდა მოახდინოს, რისთვისაც ვაუჩერულ სისტემას გამოიყენებს.

,,დაგეგმილია 3 წლის განმავლობაში და შემდეგაც, მოსახლეობის ვაუჩერიზაცია, ანუ მოთხოვნის სტიმულირება, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ მოსახლეობას გარკვეული პრინციპით დაურიგოს ვაუჩერები, რომლითაც მოხდება მათ მიერ ამ პროდუქტის შესყიდვა,- აცხადებს ბექაური.

მისივე ინფორმაციით, ვაუჩერიზაციის სისტემისთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი დოლარის სესხიდან 9 მილიონ დოლარამდე თანხაა გათვალისწინებული.

,,უკვე არსებობს მსოფლიო ბანკის სესხი – 40 მილიონი დოლარი, რომლის ერთი ნაწილიც მოხმარდება ტექნოპარკების და ინოვაციური ცენტრების გახსნას რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ინტერნეტზე ჰქონდეს წვდომა. აქედან 9 მილიონ დოლარამდე დამტკიცებულია ვაუჩერიზაციისთვის. ხელისუფლებას კიდევ აქვს დაგეგმილი ვაუჩერიზაცია, ანუ მოთხოვნის სტიმულირება,” – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი.

კახი ბექაურის თქმით, ასევე გაფართოვდება განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები პროექტისთვის, რომელიც სკოლების კომპიუტერიაზაციას ითვალისწინებს. სამომავლოდ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისთვის გაჯეტების დარიგება.

bfm.ge

0
0
(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები