‘ავარიების 35-40% ახალბედა მძღოლებზე მოდის’, – გამოასწორებს თუ არა მდგომარეობას მანქანის მართვის გამოცდის ქალაქის ქუჩებში ჩაბარება?

ბოლო პერიოდში გახშირებული ავტოავარიების პრობლემას ხელისუფლება მართვის მოწმობის გამოცდის გართულებით და სიჩქარის გადაჭარბებაზე კონტროლის გამკაცრებით პასუხობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სპეციალისტებს არ აკმაყოფილებთ და უფრო კომპლექსური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ კანონდამრღვევი მძღოლებისა და ქვეითების მიმართ კონტროლის გამკაცრების და ზოგადად, ამ კუთხით რეფორმის აუცილებლობას ხელიუსფლება ვერ ხედავს. მათი შეფასებით, მთავრობა მხოლოდ შემოიფაგლება იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. საუბარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გამკაცრებაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალ მძღოლებს გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებში მოუწევთ.

რამდენად მოაგვარებს მთავრობის ეს გადაწყვეტილება გზებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, რაც გახშირებულ ავტოავარიებში გამოიხატება, ამის გარკვევა „კომერსანტმა” სფეროს სპეციალისტებთან სცადა. როგორც გაირკვა, მათი ნაწილი გამოსავალს ავტოსკოლების ლიცენზირებაში ხედავს, ნაწილის აზრით, კი მდგომარეობას ბევრად უფრო ძირეული რეფორმა სჭირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქუჩაში ჩაბარება პრევენცია ვერ იქნება. მისი მტკიცებით, დღეს ადამიანები ჯერ მართვის მოწმობას იღებენ და შემდეგ სწავლობენ ავტომანქანის მართვას.

ურუშაძე ამბობს, რომ ბევრმა მძღოლმა ავტომობილის მართვა იცის, საგზაო მოძრაობის წესები კი არა. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, პრობლემა გამოცდაში კი არა, განათლებაშია.

„მძღოლები გამოცდაზე გაუნათლებლები გადიან, ტესტებს იზეპირებენ და ასე იღებენ მართვის მოწმობას. ეს ტესტები როგორც არ უნდა გავართულოთ და გამოცდა ქუჩაში გადავიტანოთ, ადამიანი ყოველთვის ისწავლის იმას, რაც გამოცდაზე მოეთხოვება. გამოსავალი მხოლოდ ერთია – უნდა აღდგეს სავალდებულო განათლება” – აცხადებს ურუშაძე.

მისი მტკიცებით, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არსებობდეს პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ სპეციალურ სტანდარტს დააკმაყოფილებენ.

„ეს სასწავლებლები იქნება იგივე ავტოსკოლები, თუმცა, აღჭურვილი სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ადამიანს, ვისაც უნდა მართვის მოწმობის აღება უნდა ასეთ აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელს მიმართვს. გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში კი კონკრეტულ სასწავლებელს მინუს ერთი ქულა დაეწერება. რამდენიმე მინუსის დაგროვების შემდეგ კი აკრედიტაცია ჩამოერთმევა. ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში უკვე სასწავლებლის ინტერესი იქნება დაინტერესებულ პირს საფუძვლიანად და კარგად ასწავლოს. ასეთი მიდგომაა მაგალითად გერმანიაში. ეს არის რეფორმა და ეს ქვეყანაში უნდა გატარდეს”-აცხადებს ურუშაძე.

მისი შეფასებით, მთავრობა ამ რეფორმაზე არ მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა. მისი თქმით, ქუჩაში მართვის მოწმობის გამოცდის გადატანით არაფერი მოგვარდება.

„ჯერ ერთი, ქალაქში მართვის მოწმობის ჩატარება რას ნიშნავს? ქალაქია თბილისი, ოზურგეთი, თელავი და გორიც. თბილისში გამოცდის ჩატარება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე მაგალითად ოზურგთში ან ჭიათურაში, სადაც გაცილებით ნაკლები ავტომანქანა დადის. შესაბამისად, ადამიანი ეცდება მარტივი გამოსავალი იპოვოს და გამოცდა, ვთქვათ, ჭიათურაში ჩააბაროს”-აცხადებს ურუშაძე.

მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ ყველა ავტოსკოლას, საკუთარი ავტომობილებით აღჭურვილი სავარჯიშო პოლიგონი ჰქონდეს, რაც არასწორი და არააპრობირებული მეთოდია. ურუშაძის შეფასებით, ამ მოედნებზე ასწავლიან იმას, რაც გამოცდის ჩასაბარებლად სჭირდებათ, პრაქტიკაში კი გამოყენებადი არ არის. ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა მანქანის მართვა 3D ფუნქციით აღჭურვილი სტიმულატორებით ისწავლოს. მისი თქმით, ავტომანქანის მართვის ასე სწავლა პრაქტიკულ, რეალურ სიტუაციებთან უფრო თავსებადი და მიახლოებულია, ვიდრე დღეს არსებულ მოედნებზე.

„დღეს რაც ჩვენს გზებზე ხდება არის იმის მიზეზი, რომ მძღოლებს არანაირი დისციპლინა არ გაგვაჩნია. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. გერმანიაში შუა მაგისტრალზე ავტომობილი რომ გააჩეროთ, თქვენს უკან კილომეტრიანი საცობი რომ წარმოიქმნას, არცერთი ავტომობილი საყვირს არ მიმართვას. ისინი ჩათვლიან, რომ თქვენ რაღაც პრობლემა გაქვთ და დაგელდებიან. აქ კი რა ხდება, წამიერი შეფერხების გამო შეიძლება მთელმა ქალაქმა გადაგიაროს. ეს კი ფსიქოლოგიური მომენტია, რაც შემდგომში მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მძღოლის გაღიზიანებას, ამას მოყვება არასწორი მანევრი და საბოლოო ჯამში, შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევამდეც მივიდეთ”-აცხადებს ურუშაძე.

შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა ავტოსკოლების ლიცენზირებაში ხედავს. მისი მტკიცებით, აუცილებელია ლიცენზირების დროს გათვალისწინებული იყოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია, მანქანის ტექნიკური გამართულობა და ასე შემდეგ.

მისი მტკიცებით, ბაზარზე დღეს არის როგორც კეთისინდისიერი, ისე არაკეთილსინდისიერი კომპანიები. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ცუდი კომპანია დაბალი ხარისხის სერვისს დაბალ ფასად სთავზობს, რაც ნორმალურ და კარგ კომპანიას არათანაბარ პირობებში აყენებს.

კვაშილავა ამბობს, რომ ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ავტოსკოლების სისტემის და კანონმდებლობის პრაქტიკული კუთხით დახვეწაზე. გარდა ამისა, მოხდეს ახალბედა მძღოლებზე შეზღუდვების დაწესება.

„ავარიების 35-40 პროცენტი ახალბედა მძღოლებზე მოდის, შესაბამისად, მართვის მოწმობის აღება და ზოგადად, ავტომანქანის მართვის სწავლა, ძალიან მნიშვნელოვანია. გახშირებული ავარიებს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი – არაკვალიფიციური ინსტრუქტორებით დაკომპლექტებული ავტოსკოლები. მეორე – გამცოდაზე თეორიულ მხარეს უფრო ექცევა ყურადღება, ვიდრე პრაქტიკულს. არის ხალხი, ვინც თეორიულ გამოცდას გადასარევად აბარებს, თუმცა, რუსთვიდან თბილისში მანქანას ვერ ჩამოიყვანს. ეს უნდა გამოირიცხოს. მესამე მიზეზი-პირველად ვინც იღებს მართვის მოწმობას, მინიმუმ 2 წელი მან უნდა იცოდეს,რომ მას ამის გამო გარკვეული შეზღუდვები აქვს. განვითარებულ ქვეყნებში სპეციალური ნიშნების გამოყენებაც კი ხდება. ახალბედა მძღოლის მანქანაზე ხდება სპეციალური ნიშნის მიკვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანას გამოუცდელი მძღოლი მართავს. ბევრ ქვეყანაში, ახალბედა მძღოლებს ღამის საათებში ( 22 საათის შემდეგ) ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავენ“,- აცხადებს კვაშილავა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც პრაქტკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებას გულისხმობს, სიტუაციას შეამსუბუქებს.

“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტოსკოლების ლიცენზიები უკონტროლოდ გაიცემა და მათში თაღლითური სწავლება მიმდინარეობს. მესხიშვილის განმარტებით, ავტოსკოლების ლიცენზირებას მოითხოვენ, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ მომავალი მძღოლებისთვის საჭირო არც მატერიალურ ბაზას, ასევე არ გააჩნიათ ერთიანი სასწავლო პროგრამაც.

“ავტოსკოლების ლიცენზირებას მოვითხოვთ, რადგანაც საჭიროა სასწავლო-მატერიალური ბაზის არსებობა. სასწავლო-სატრანსპორტო საშუალები უნდა იყოს აღჭურვილი და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მოსამზადებელი სასწავლო გეგმა უნდა არსებობდეს. დღეს სწავლა მიმდინარეობს ისე, რომ ერთიანი სასწავლო პროგრამა არ არსებობს მომავალი მძღოლის მოსამზადებლად. სისტემა არის მთლიანად უკონტროლო, ვინ რას ასწავლის გაუგებარია. თავისი შეხედულებების მიხედვით ასწავლის. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში არიან ისეთი ინსტრუქტორები, რომლებსაც თავადაც არ აქვთ მართვის მოწმობა და ვერ ფლობენ მძღოლის უნარებს.

ამავე დროს, გადასახედია განათლების სამინისტროს სასწავლო სისტემა, თუ როგორ ხდება მანდატურების მხრიდან სწავლება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მანდატურები ვერ ფლობენ იმ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა, მოსწავლეებისთვის იმ განათლების მისაცემად, რაც შემდგომ მძღოლს დასჭირდება.ამიტომ, ავტოშემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, რეფორმა განათლების სისტემიდან უნდა დაიწყოს”-აცხადებს მესხიშვილი.

commersant.ge

0
0
(Visited 89 times, 1 visits today)

კომენტარები