ალერგია და ალერგიული დაავადებები

ხშირად ალერგიას საშიშ დაავადებად არ მიიჩნევენ. სურდო, ცრემლები, კანის ქავილი, მშრალი ან სველი ხველა – ალერგიის შესახებ ბევრი ადამიანის ცოდნა ზოგჯერ ამ სიმპტომებით შემოიფარგლება. არადა, ალერგიას ბევრად მძიმე და გამოუსწორებელი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს.

ისტორიიდან

ყოველ ეპოქაში ალერგიას თავისი საიდუმლო აგენტები ჰყავდა. ჰიპოკრატეს დროს ყველაზე ხშირი იყო ყველზე ალერგია.

შუასაუკუნოვან ევროპაში ალერგიის საკმაოდ სერიოზული აფეთქებები ცნობილია მარწყვსა და ვარდების სუნზე.

მე-19 საუკუნეში ადამიანებმა სინჯარიდან მილიონობით უცნობი მოლეკულა ამოუშვეს, რომელთა დიდი ნაწილიც პოტენციურ ალერგენებად იქცა. ალერგიული თვისებები ისეთებსაც აღმოაჩნდათ, საარსებო მატერიაც რომ არ ჰქონდათ.

რასაც ჩვენ ალერგიულ დაავადებებს ვუწოდებთ, მათ შესახებ ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციებისას იცოდნენ, ამის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტები არსებობს, თუმცა მაშინ მათ დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ფართოდ არ იყო გავრცელებული. ორგანიზმის გაძლიერებულ რეაქციებს ჯეროვანი ყურადღება XX საუკუნეში დაეთმო.

სტატისტიკური მონაცემები:

ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა დედამიწაზე;
სტატისტიკის თანახმად, ის საშუალოდ ყოველი მეხუთე ადამიანის პრობლემაა: ყოველი მეექვსე ამერიკელისა და ყოველი მეოთხე გერმანელის;
თუ გასული, XX საუკუნე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკენე იყო, სპეციალისტები XXI საუკუნეს ალერგიის ეპოქად თვლიან;
დღეისათვის პრაქტიკულად ყველა სახლში ან შრომით კოლექტივში მოიძებნება ალერგიის მქონე ერთი ადამიანი მაინც;
მონაცემებიდან ვგებულობთ, რომ უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ალერგიული რეაქციების სიხშირემ 3-4-ჯერ იმატა. ამასთან, ვლინდება ის საკმაოდ მწვავედ და რთული, უჩვეულო ფორმებით, რაც ართულებს მის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ალერგიული რეაქციების მატების მიზეზებია:

ალერგიული დატვირთვის გაზრდა, რომლის ატანაც ადამიანს აღარ შეუძლია;
გაუარესებული ეკოლოგიური სიტუაცია;
არარაციონალური კვება;
არაადეკვატური მედიკამენტური თერაპია;
ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება;
გაზრდილი სტრესული სიტუაციები;
ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
გარემოს, კლიმატის ხშირი ცვლილება. ორგანიზმისთვის ის აგენტებიც ალერგიულები ხდებიან, რომლებთანაც ადამიანი წლების მანძილზე უპრობლემოდ თანაარსებობდა;
სინთეზური მასალები სერიოზულად აუარესებს მიკროეკოლოგიას და ზრდის ალერგენებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას.

მემკვიდრეობას ვერსად გაექცევი

მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობაც. ცნობილია, რომ თუ მშობლებიდან ერთ-ერთი ალერგიულია, ბავშვის ალერგიულობის ალბათობა 30-40%-ია, თუ ორივე
მშობელი ალერგიულია, მაშინ რისკის მაჩვენებელი 70-75%-მდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად გადაედება არა დაავადება, არამედ მისადმი დადებითი განწყობა.

ბუნებრივი კვება ამ მხრივაც სასარგებლოა

ითვლება, რომ 6 თვემდე ბუნებრივად ნაკვებ ბავშვებს მოზრდილობაში ალერგიული რეაქციები პრაქტიკულად არ უვლინდებათ. თუმცა, სამწუხაროდ, დედები სულ უფრო ნაკლებად კვებავენ ჩვ­ი­ლს ძუძუთი და ალერგიული გამოვლინებებიც დღითი დღე მატულობს.

ოთხფეხა მეგობრებსა და აკვარიუმის ბინადრებთან სიფრთხილე გვმართებს

ალერგიული რეაქციების მატება ოჯახში ცხოველებისა და თევზების არსებობასაც უკავშირდება. ცნობილია ფაქტები, როდესაც სახლიდან ცხოველის გაყვანის შემდეგ რამდენიმე თვე კიდევ გრძელდებოდა ალერგიული რეაქციები.

ალერგია ძლიერი იმუნიტეტის “დამსახურებაა”

ახლახან მეცნიერებმა ასეთი ჰიპოთეზაც შემოგვთავაზეს, რომ ალერგია განსაკუთრებით ძლიერი იმუნიტეტის შედეგი ყოფილა. იქნებ ის მართლაც არის ევოლუციური უპირატესობა, რომლის მიხედვითაც ბუნება ბუნებრივ გადარჩევას აწარმოებს?

თუ არსებულ ფაქტებს შევკრებთ, დავასკვნით, რომ ალერგია კაცობრიობას ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა საშიში დაავადებებისგან დასაცავად მიეცა.

ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმი თუ პრობლემებისგან დაცვა? ჯერ-ჯერობით კითხვები პასუხებზე გაცილებით მეტია.

0
0
(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები